ახალი ამბები

თავდაცვის სამინისტრო კორცხელის ინციდენტში სამხედროს შესაძლო მონაწილეობის ფაქტს სწავლობს

23 მაისი, 2016 • 1144
თავდაცვის სამინისტრო კორცხელის ინციდენტში სამხედროს შესაძლო მონაწილეობის ფაქტს სწავლობს

თავდაცვის სამინისტრო სწავლობს, ნამდვილად მონაწილეობდა თუ არა რიგითი ლაშა დვალიშვილი ზუგდიდის რაიონის სოფელ კორცხელში, საარჩევნო უბანთან მომხდარ ძალადობაში. ინფორმაცია ინციდენტში მის მონაწილეობაზე ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ გაავრცელა.

საქართველოს შეიარაღებული ძალების 32-ე ქვეითი ბატალიონის მე-3 ბრიგადის პირველი კლასის რიგითი ლაშა დვალიშვილი სპორტის ორ სახეობაში – MMA წესებით ორთაბრძოლაში და გრამპლინგში მსოფლიო ჩემპიონია. მან ეს ტიტული 3 მარტს იტალიის ქალაქ მილანში WFC ვერსიით სპორტის არაოლიმპიურ სახეობებში ჩატარებულ მსოფლიო თამაშებზე მოიპოვა. ამის შესახებ სიუჟეტი 20 აპრილს თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურ ფეისბუკ-გვერდზეა გამოქვეყნებული.

22 მაისს ნაციონალურმა მოძრაობის დეპუტატმა ჩიორა თაქთაქიშვილმა გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დვალიშვილი კორცხელში, საარჩევნო უბანთან მომხდარი ძალადობის ერთ-ერთი მონაწილეა. როგორც თავდაცვის სამინისტროში ნეტგაზეთს განუცხადეს, ისინი ამ ინფორმაციას სწავლობენ:

“მინისტრის უშუალო დავალებაა და პირადად ვარ ჩართული… ყველა ვიდეოს ვნახულობთ, რომ [შევამოწმოთ] სადმე არის თუ არა ეს ადამიანი”, – გვითხრა მინისტრის მრჩეველმა მედიის საკითხებში იმედა დარსალიამ. მისი თქმით, თუ ინციდენტში სამხედრო მოსამსახურის მონაწილეობის ფაქტი დადასტურდა, ამ საკითხზე სადისციპლინო კომისია იმსჯელებს, თუმცა უცნობია შესაძლო გადაწყვეტილების შინაარსი:

“მე არ ვიცი, სადისციპლინო კომისია რა გადაწყვეტილებას მიიღებს [ფაქტის დადასტურების შემთხვევაში], მაგრამ ყველა ვარიანტში, ეს ძალიან ცუდი ფაქტი იქნება და ამას მოჰყვება ძალიან სერიოზული რეაგირება”, – ამბობს იმედა დარსალია.

22 მაისს ზუგდიდის რაიონის სოფელ კორცხელის 53-ე საარჩევნო უბანთან ნაციონალური მოძრაობის წევრები ნიკა მელია, გიგა ბოკერია და კიდევ რამდენიმე წევრი ცემეს.  შსს-მ გამოძება ცემის მუხლით დაიწყო (სსსკ-ს 125-ე მუხლი), თუმცა ჯერჯერობით არავინ დაუკავებიათ.

22 მაისს საკრებულოს შუალედეური არჩევნები გაიმართა  9 მაჟორიტარული ოლქის 45 საარჩევნო უბანზე. “ერთიანი ნაციონალური მოძრობის” კანდიდატები 9 ოლქიდან 4-ში მონაწილეობდნენ, აქედან ორში- ოზურგეთსა და ზუგდიდში არჩევნები მოიგეს, ხოლო 2-ში – წყალტუბოსა და კასპში წააგეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი