ახალი ამბები

ჰერმანი: კორცხელის ინციდენტს შესაძლოა ნეგატიური გავლენა ჰქონდეს საარჩევნო გარემოზე

23 მაისი, 2016 • 1849
ჰერმანი: კორცხელის ინციდენტს შესაძლოა ნეგატიური გავლენა ჰქონდეს საარჩევნო გარემოზე

ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღავნელმა საქართველოში იანოშ ჰერმანმა კორცხელში განვითარებულ მოვლენებზე კომენტარი გააკეთა. იანოშ ჰერმანის თქმით, გუშინ მომხდარმა ინციდენტმა შესაძლოა 2016 წლის საპარალამენტო არჩევნებზე ნეგატიური გავლენა იქონიოს. ეს განცხადება ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. ჰერმანის თქმით, სრულად ფლობს მომხდარზე ინფორმაციას და სხვადასხვა პოლიტიკური პარტიებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლების მიერ გაკეთებულ განცხადებებსაც თვალს ადევნებს:

ჩვენ განსაკუთრებით მივესალმებით პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის განცხადებებს, სადაც აღნიშნულია, რომ ინციდენტი სრულად უნდა იქნას გამოძიებული. მთავრობის პასუხისმგებლობაა უზრუნველყოს მშვიდოებიანი საარჩევნო გარემო და ვეთანხმები ცესკოს ხელმძღვანელის ნათქვამს, რომ ამ ინციდენტს შესაძლოა ჰქონდეს ნეგატიური გავლენა საარჩევნო გარემოზე. ამიტომ, ჩვენ ვთვლით, რომ უმნიშვნელოვანესია თავიდან იქნას აცილებული მსგავსი ინცინდენტების გამეორება,” – განაცხადა ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა საქართველოში. იანოშ ჰერმანის ეს კომენტარები ტელეკომპანია “რუსთავი 2”-მა გაავრცელა.

გუშინ, 22 მაისს, საკრებულოს შუალედური არჩევნების მიმდინარეობისას, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კორცხელში საარჩევნო უბანთან შეკრებილმა პირებმა პარტია ნაციონალური მოძრაობის წევრებს: ნიკა მელიას, გიგა ბოკერიას, თენგიზ გუნავასა და კიდევ რამდენიმე წევრს ფიზიკური შეუარცხყოფა მიაყენეს. შსს-მ გამოძიება ცემის მუხლით დაიწყო (სსსკ-ს 125-ე მუხლი), თუმცა ამ დრომდე არავინ დაუკავებიათ.

ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერის, გოკა გაბაშვილის თქმით, თავდამსხმელები იყვნენ “ქართული ოცნების” ზონდერები, რომლებსაც უშუალოდ კურირებს ვიცეპრემიერი და “ქართული ოცნების” გენერალური მდივანი კახა კალაძე, მისი ცოლის ძმის გიორგი არეშიძის არასამთავრობო ორგანიზაციის საფარქვეშ. გაბაშვილმა დაასახელა კონკრეტული პირი – გეგა გეგეშიძე, რომელიც მისი თქმით, იყო ყოფილი შს მინისტრის, ალექსანდრე ჭიკაიძის დაცვის უფროსი და რომელიც დღესდღეობით “წვრთნის” სპორტსმენებს ე.წ. ზონდერჯგუფისთვის.

თავად კალაძემ გუშინ პროვოკაციის მოწყობაში დაადანაშაულა ნაციონალური მოძრაობა, დღეს კი განაცხადა, რომ ყველა დამნაშავე უნდა დაისაჯოს. მან დაადასტურა, რომ ინციდენტში მონაწილე პირები იყვნენ ქართული ოცნების წევრები და მხარდამჭერები.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი