ახალი ამბები

ჩიქოვანი: კორცხელის ინციდენტზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება

23 მაისი, 2016 • 1205
ჩიქოვანი: კორცხელის ინციდენტზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება

“თავისუფალი დემოკრატების” საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე ირაკლი ჩიქოვანი ამბობს, რომ კორცხელში მომხდარ ინციდენტზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება:

“პასუხისმგებლობა, პირველ რიგში, ეკისრება ხელისუფლებას, რომ ნებისმიერი არჩევნები ჩაატაროს მშვიდად, ნორმალურად, ერთმანეთის ოპონირების რეჟიმში და არა მუშტი-კრივით შეჯიბრებაში. ”

დეპუტატის აზრით,  კორცხელის ინციდენტი სახელმწიფოსთვის სამარცხინოა:

“სამარცხვინოა ჩვენი სახელმწიფოსთვის, ვინაიდან ასეთ გარემოში და ასეთ ვითარებაში არ უნდა მიმდინარეობდეს არჩევნები. აბსოლუტურად არ მაინტერესებს, ვისი პროვოცირებული იყო და ვის მიერ იყო განხორციელებული ძალადობა, ეს [ძალადობა] ელემენტალურად მიუღებელია.  კარგად მახსოვს, როგორ ტარდებოდა ზუგდიდში არჩევნები წლების განმავლობაში და ასეთი ქმედებების მომსწრე პირადად ვარ.  იმ ქალაქში ამის გაგრძელება არ შეიძლება, ეს ხელყოფს და შეურაცხყოფს იმ კუთხეს, იმ ქალაქს, ჩვენს ქვეყანას და ზოგადად, ჩვენი მოქალაქეების საარჩევნო კულტურას.”

ჩიქოვანი ყველა მხარეს მოუწოდებს, სპორტსმენები არ ჩართონ მსგავს პროცესში:

“ხელისუფლებამ და სამართალდამცავებმა ისეთი რეაგირება უნდა მოახდინოს ამ ფაქტზე, რომ მომავალში ასეთი ფაქტები არ განმეორდეს და ასეთი რამის კეთების სურვილი არავის გაუჩნდეს. კიდევ ერთხელ მივმართავ ყველა მხარეს, ნუ ჩაითრევენ, ნუ აიძულებენ, ნუ მოიწვევენ, ნურაფრით შეუწყობენ ხელს ჩვენი სპორტსმენების მონაწილეობას ამ პროცესში, იმ ადამიანების, რომლებმაც საქართველოს სახელი უნდა ასახელონ.”

გუშინ, 22 მაისს, საკრებულოს შუალედური არჩევნების მიმდინარეობისას, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კორცხელში საარჩევნო უბანთან შეკრებილმა პირებმა პარტია ნაციონალური მოძრაობის წევრებს: ნიკა მელიას, გიგა ბოკერიას, თენგიზ გუნავასა და კიდევ რამდენიმე წევრს ფიზიკური შეუარცხყოფა მიაყენეს. შსს-მ გამოძიება ცემის მუხლით დაიწყო (სსსკ-ს 125-ე მუხლი), თუმცა ამ დრომდე არავინ დაუკავებიათ.

ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერის, გოკა გაბაშვილის თქმით, თავდამსხმელები იყვნენ “ქართული ოცნების” ზონდერები, რომლებსაც უშუალოდ კურირებს ვიცეპრემიერი და “ქართული ოცნების” გენერალური მდივანი კახა კალაძე, მისი ცოლის ძმის გიორგი არეშიძის არასამთავრობო ორგანიზაციის საფარქვეშ. გაბაშვილმა დაასახელა კონკრეტული პირი – გეგა გეგეშიძე, რომელიც მისი თქმით, იყო ყოფილი შს მინისტრის, ალექსანდრე ჭიკაიძის დაცვის უფროსი და დღესდღეობით “წვრთნის” სპორტსმენებს ე.წ. ზონდერჯგუფისთვის.

თავად კალაძემ გუშინ პროვოკაციის მოწყობაში დაადანაშაულა ნაციონალური მოძრაობა, დღეს კი განაცხადა, რომ ყველა დამნაშავე უნდა დაისაჯოს, მან დაადასტურა, რომ ინციდენტში მონაწილე პირები იყვნენ ქართული ოცნების წევრები და მხარდამჭერები.

მასალების გადაბეჭდვის წესი