ახალი ამბები

კვირიკაშვილი: ხურჩაში მომხდარ მკვლელობაზე სახელმწიფოს პასუხი ექნება

23 მაისი, 2016 • 1034
კვირიკაშვილი: ხურჩაში მომხდარ მკვლელობაზე სახელმწიფოს პასუხი ექნება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი  კვირიკაშვილი ხურჩაში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ შეეცდებიან დამნაშავის დასჯას. მას   საერთაშორისო თანამეგობრობის მონაწილეობის იმედი აქვს.

მან ასევე განაცხადა, რომ აპირებს ჩავიდეს ზუგდიდში და ოჯახს მიუსამძიმროს.

„ვაპირებ, რომ ჩავიდე და მივუსამძიმრო ოჯახს. ეს არის ამაზრზენი შემთხვევა, ცივსისხლიანი მკვლელობა უდანაშაულო ადამიანის შეიარაღებული პირების მიერ. სახელმწიფოს ამ ინციდენტზე ექნება პასუხი. ჩვენ ველოდებით ჯერჯერობით, თუ რა რეაგირებას მოახდენს აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება. ვნახოთ, დაველოდებით, მაგრამ ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით, რომ ჩვენი პარტნიორების, საერთაშორისო თანამეგობრობის მონაწილეობით მივაღწიოთ იმას, რომ დამნაშავე დაისაჯოს. არავის არ უნდა შერჩეს უდანაშაულო ადამიანის სისხლი, ვინც არ უნდა იყოს ეს, და ამას აუცილებლად მივაღწევთ,” – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

სახელმწიფო უსაფრხოების სამსახურის ინფორმაციით, 19 მაისს, ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში, გამყოფი ხაზის მიმდებარედ, შეიარაღებულმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღით სასიკვდილოდ დაჭრა გალის რაიონის სოფელ ბარღების მკვიდრი გიგა ოთხოზორია. ინციდენტის შედეგად დაზარალებული მუცლის არეში მიყენებული მრავლობითი ჭრილობებით სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა გადაიყვანა ზუგდიდის ჰოსპიტალში, სადაც მოგვიანებით გარდაიცვალა.

გავრცელდა ვიდეოჩანაწერიც, რომელიც, სავარაუდოდ, ჩადენილ მკვლელობას ასახავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი