ახალი ამბები

ივანიშვილი: რუსთავი 2 გახლავთ სააგიტაციო ტელევიზია

23 მაისი, 2016 • 1055
ივანიშვილი: რუსთავი 2 გახლავთ სააგიტაციო ტელევიზია

ექსპრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა ტექნოლოგიური ინსტიტუტის პროექტის პრეზენტაციის შემდეგ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით, მათ შორის სოფელ კორცხელში მომხდარ ინციდენტზე, კომენტარი არ გააკეთა. ივანიშვილმა კიდევ ერთხელ გააკრიტიკა ტელეკომპანია რუსთავი 2. მისი კრიტიკა მოჰყვა შეკითხვას იმის შესახებ, თუ რატომ დაგვიანდა 4 წლის მანძინლზე ტექნოლოგიური ინსტიტუტის პროექტის განხორციელება:

“ტექნოლოგიური უნივერსიტეტის იდეა თავიდანვე ჩემი იყო. ეს იყო 8 წლის წინ დაახლოებით, როდესაც დავიწყე, და თქვენი ლიდერი სააკაშვილი საოცრად იყო ამით აღფრთოვანებული. რა თქმა უნდა, [სააკაშვილი] ნაციონალური მოძრაობის ლიდერია და თქვენც იქ ხართ. თქვენ არ ხართ ნაციონალური მოძრაობის წევრი? [ჟურნალისტობასთან ერთად] ამავდროულად, წარმოადგენთ თუ არა ნაციონალური მოძრაობის წევრს? მხარდამჭერს? მერე რა მოხდა, რომ ჟურნალისტი ხართ? რუსთავი 2 არის ერთადერთი ტელევიზია, რომელიც დამოკიდებულია. სხვა მედია არის თავისუფალი დღეს. ტაბულაც იქ ხართ დღეს, მაგრამ იმდენად დიდი არ ხართ, რომ ყურადღება გადმოვიტანო. პატარები ხართ ძალიან. რუსთავი 2 გახლავთ სააგიტაციო ტელევიზია და ღმერთმა მოგახმაროთ. ასეთიც უნდა იყოს. კარგად იყავით ერთად შეხმატკბილებული”, – განაცხადა ივანიშვილმა. ეს ივანიშვილის მიერ რუსთავი 2-ის ენმ-სთან დაკავშირების პირველი შემთხვევა არ არის. იგი ტელეკომპანიას  პერმანენტულად ადანაშაულებს პარტიასთან კავშირში.

დღეს, 23 მაისს, თბილისში ტექონლოგიური ინსტიტუტის პროექტის პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც პრემიერი, მთავრობის წევრები, ბიძინა ივანიშვილი და მოწვეული მეცნიერები, მათ შორის, გია დვალი დაესწრნენ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი