ახალი ამბები

კალაძე: საქართველოში უნდა დავასრულოთ პოლიტიკოსების მიმართ მუშტით ანგარიშსწორება

23 მაისი, 2016 • 1137
კალაძე: საქართველოში უნდა დავასრულოთ პოლიტიკოსების მიმართ მუშტით ანგარიშსწორება

საქართველოს ვიცეპრემიერმა, “ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ კორცხელის საარჩევნო უბანთან 22 მაისს მომხდარი ფიზიკური ძალადობის შესახებ განაცხადა, რომ ყველა დამნაშავემ უნდა აგოს პასუხი:

“ყველა დამნაშავემ უნდა აგოს პასუხი კანონის წინაშე. ერთხელ და სამუდამოდ საქართველოში უნდა დავასრულოთ პოლიტიკოსების მიმართ, ერთმანეთის მიმართ მუშტით ანგარიშსწორება. ეს ჩვენ ყველამ ერთად უნდა ჩავაბაროთ წარსულს და პოლიტიკა საქართველოში უნდა გადავიყვანოთ ახალ, თანამედროვე საფეხურზე.

მოკვლევა დაწყებულია, იდენტიფიცირება დაწყებულია, ჩვენ მოვისმინეთ შსს-ს მიერ გაკეთებული განცხადება და, შესაბამისად, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, დარწმუნებული ვარ, ყველა ეს ადამიანი იქნება დაკავებული და კანონის წინაშე აგებს პასუხს”, – განაცხადა კალაძემ.

მისი თქმით, ის ადამიანები, ვინც გუშინ კორცხელში ენმ-ს წევრებზე ფიზიკურად იძალადეს, არიან ქართული ოცნების მხარდამჭერები და პარტიის წევრები:

“ისინი არიან მხარდამჭერები, ზოგი პარტიის წევრია. როგორც ნაციონალური მოძრაობის ლიდერებს, ბატონ გიგა ბოკერიას, მელიას, ახლდნენ თავიანთი მხარდამჭერები, ისე ქართულ ოცნებას ჰყავდა თავიანთი მხარდამჭერები. ეს საარჩევნო პროცესში ნორმალურია, ხდება მობილიზება მხარდამჭერების, გამხნევება. ეს სიახლე არ არის. თუმცა ფაქტი, რომელიც მოხდა, პირადად ჩემთვის არის კატეგორიულად მიუღებელი და მთლიანად ქართული ოცნებისთვის და ზოგადად ეს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას ხელს უშლის”, – განაცხადა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 22 მაისს, ზუგდიდში, კორცხელის საარჩევნო უბანთან ფიზიკურად გაუსწორდნენ ნაციონალური მოძრაობის წევრებს. ენმ-ის ერთ-ერთი ლიდერის, გოკა გაბაშვილის თქმით, თავდამსხმელები იყვნენ “ქართული ოცნების” ზონდერები, რომლებსაც უშუალოდ კურირებს კახა კალაძე, მისი ცოლის ძმის გიორგი არეშიძის არასამთავრობო ორგანიზაციის საფარქვეშ. გაბაშვილმა დაასახელა კონკრეტული პირი – გეგა გეგეშიძე, რომელიც მისი თქმით, იყო ყოფილი შს მინისტრის, ალექსანდრე ჭიკაიძის დაცვის უფროსი და დღესდღეობით “წვრთნის” სპორტსმენებს ე.წ. ზონდერჯგუფისთვის.

გუშინ, 22 მაისს კორცხელში მომხდარ ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე კახა კალაძემ განაცხადა, რომ ეს იყო ოპონენტების, კერძოდ, ნაციონალური მოძრაობის მიერ მოწყობილი პროვოკაცია. მან თქვა, რომ ჰქონდა კონკრეტული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ენმ-ს განზრახული ჰქონდა კორცხელში არჩევნების ჩაშლა.

“განხორციელებული პროვოკაციის მთავარი ადრესატი იყო დიპლომატიური კორპუსი, რომელსაც უნდა შექმნოდა არჩევნების არასათანადო გარემოში ჩატარების მცდარი განცდა. ნაციონალურ მოძრაობას კორცხელში ჩაყვანილი ჰყავს ზაზა კედელაშვილის ზონდერჯგუფები, რომელთაც კონკრეტულად ხელმძღვანელობენ გიგა ბოკერია და ბატონი ბეჟაშვილი. გვაქვს ინფორმაცია, რომ უბნების დახურვის შემდგომაც გაგრძელდება პროვოკაციები. მოვუწოდებთ მოსახლეობას, არ აყვნენ არავის და არ გახდნენ ნაციონალების დაგეგმილი სცენარის უნებური მონაწილეები,” – განაცხადა გუშინ კახა კალაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი