ახალი ამბები

კვირიკაშვილი: მიუღებელია ის, რაც არჩევნებზე სამეგრელოში მოხდა

23 მაისი, 2016 • 1032
კვირიკაშვილი: მიუღებელია ის, რაც არჩევნებზე სამეგრელოში მოხდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, სამეგრელოში, სოფელ კორცხელში მომხდარი ინცინდენტი მიუღებელი და დასაგმობია.

ეს განცხადება კვირიკაშვილმა თბილისსში, ტექნოლოგური ინსტიტუტის პროექტის პრეზენტაციის შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.

“ის, რაც მოხდა არჩევნებზე სამეგრელოში, არის მიუღებელი და ასეთი პრეცედენტები აღარ უნდა განმეორდეს. ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ უნდა გადავშალოთ ფურცელი, როცა არჩევნები ტარდებოდა ძალადობით, და მუშტი-კრივით არ უნდა გადაწყდეს, მოსახლეობამ ვინ უნდა აირჩიოს საქართველოს სამართავად. ეს არის დასაგმობი ინციდენტი. ვფიქრობთ, რომ მომავალში უფრო მეტი მობილიზაცია იქნება სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან საჭირო, რათა ასეთი ინციდენტები არ განმეორდეს. ასევე, რა თქმა უნდა, ეს ინციდენტი უნდა იქნას გამოძიებული და დამნაშავეები უნდა დაისაჯონ. ეს იქნება სახელმწიფოს ღირსების საკითხი, რომ ჩვენ ჩავატაროთ მშვიდობიანი არჩევნები და მივცეთ საშუალება ჩვენს თანამოქალაქეებს, ყველანაირი ძალადობის გარეშე, მშვიდობიან გარემოში მისცენ ხმა მათ რჩეულს. ეს არის, კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენი სახელმწიფოს ღირსების საკითხი,”- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

კვირიკაშვილმა “აბსურდი” უწოდა იმის შესახებ ინფორმაციას, რომ “ქართული ოცნება” აფინანსებს სპორტსმენებს რომლებიც “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერების ცემაში იღებდნენ მონაწილეობას. მისივე თქმით, აუცილებელია ამ ინციდენტის გამოძიება, რათა მომავალში მსგავსი შემთხვევების თავიდან აცილება მოხდეს.

“რაოდენ გამომწვევიც უნდა იყოს ხშირ შემთხვევაში ჩვენი ოპონენტების ქმედება, ჩვენ, სახელმწიფოს, გვაკისრია პასუხისმგებლობა მშვიდობიანი, ძალადობის გარეშე არჩევნების ჩატარების. ამიტომ ჩვენ უნდა ვიყოთ მოწოდების სიმაღლეზე, რომ არ ვუპასუხოთ არანაირ პროვოკაციას.”

გუშინ, 22 მაისს, საკრებულოს შუალედური არჩევნების მიმდინარეობისას, სოფელ კორცხელში საარჩევნო უბანთან შეკრებილმა პირებმა პარტია ნაციონალური მოძრაობის წევრებს: ნიკა მელიას, გიგა ბოკერიასა და კიდევ რამდენიმე წევრს ფიზიკური შეუარცხყოფა მიაყენეს. შსს-მ გამოძება ცემის მუხლით დაიწყო (სსსკ-ს 125-ე მუხლი), თუმცა ამ დრომდე არავინ დაუკავებიათ.

გიორგი გაბაშვილის თქმით,  ნაციონალური მოძრაობის ლიდერების ცემაში მონაწილეობდნენ სპორტსმენები, რომლებიც სხვადასხვა სპორტულ ფედერაციებში არიან გაერთიანებული და სპეციალურიად ამ მიზნით იყვნენ ჩამოსული კორცხელში.

მასალების გადაბეჭდვის წესი