ახალი ამბებიკომენტარი

ომბუდსმენი: ცხადია, კორცხელში პოლიციამ თავისი მოვალეობები ვერ შეასრულა

23 მაისი, 2016 • 1158
ომბუდსმენი: ცხადია, კორცხელში პოლიციამ თავისი მოვალეობები ვერ შეასრულა

დღეს, 23 მაისს, გავრცელებულ განცხადებაში საქართველოს სახალხო დამცველი აცხადებს, რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კორცხელში საარჩევნო უბანთან მომხდარი თავდასხმის თავიდან ასაცილებლად პოლიციამ საკუთარი მოვალეობები ვერ შეასრულა.

ომბუდსმენს მიაჩნია, რომ სამართალდამცავმა ორგანოებმა დროული რეაგირება უნდა მოახდინონ მსგავსი ძალადობის ყოველგვარ გამოვლინებაზე, მოხდეს ძალადობრივი ქმედებების სწორი სამართლებრივი კვალიფიკაცია, რათა არ გაჩნდეს დაუსჯელობის განცდა.

ომბუდსმენი ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ იკვეთება ისეთი ჯგუფური ძალადობრივი ქმედებები, რომლებიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს, იარაღად გამოყენებულია ხელჯოხები/სხვა საგნები და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, რაც ქმნის სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლით (ხულიგნობა დამამძიმებელ გარემოებებში) გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობას, პოლიციამ კი გამოძიება 125-ე (ცემის) მუხლით დაიწყო. 

ომბუდსმენი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ ძალადობა მიმართული იყო ოპოზიციური პარტიისა და ამ პარტიის მოქმედი პოლიტიკური თანამდებობის პირების მიმართ, რაც ხელისუფლებას აკისრებს საქმის კიდევ უფრო მაღალი სტანდარტით გამოძიებისა და მყისიერი რეაგირების ვალდებულებას.

ასევე, დაპირისპირების დროს დაფიქსირდა ჟურნალისტთა შეურაცხყოფისა და პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტებიც, რაც ასევე ცალკე დანაშაულს წარმოადგენს.

სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ ძალადობაზე მკაცრი რეაგირების დაგვიანება გავლენას მოახდენს საარჩევნო გარემოზე და წაახალისებს მსგავსი ძალადობის გამოვლინებას. აღნიშნულის გათვალისწინებით, მოვუწოდებთ სამართალდამცავ ორგანოებს, არ დაუშვან შერჩევითი მართლმსაჯულება და კანონის მთელი სიმკაცრით დასაჯონ ყველა დამნაშავე პირი.

22 მაისს სამეგრელოში, სოფელ კორცხელის 53-ე საარჩევნო უბანთან შეკრებილმა პირებმა პარტია ნაციონალური მოძრაობის ლიდერებს: ნიკა მელიას, გიგა ბოკერიასა და კიდევ რამდენიმე წევრს ფიზიკური შეუარაცხყოფა მიაყენეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი