ახალი ამბები

ხაბარელი: კორცხელში ვერც ერთი გამოჩენილი სპორტსმენი ვერ დავინახე

23 მაისი, 2016 • 1324
ხაბარელი: კორცხელში ვერც ერთი გამოჩენილი სპორტსმენი ვერ დავინახე

პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა  კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე შოთა ხაბარელი აცხადებს, რომ გუშინ კორცხელში მომხდარ  დაპირისპირებაში არც ერთი გამოჩენილი სპორტსმენი არ მონაწილეობდა.

„მე კორცხელში ვერც ერთი გამოჩენილი სპორტსმენი დავინახე. ვნახე კადრები და მე ზოგიერთ იმათგანს სპორტსმენს ვერ დავარქმევდი, ფიზიკურად შეიძლება ძლიერები იყვნენ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ გამოჩენილი სპორტსმენები იყვნენ და სადღაც წარმატებები ჰქონდათ.  [ვლადიმერ] გეგეშიძე იყო სპროტსმენი, ნაკრების წევრი იყო, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ჩაყვანილი არ იყო. ის იქ ალბათ ჩასული იყო, რაზე [იყო ჩასული], აზრზე არ ვარ, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს მიზანმიმართული მობილიზება არ იყო ამ სპროტსმენების,”- აღნიშნავს ხაბარელი.

მისივე აზრით, ინციდენტი “ნაციონალური მოძრაობის” პროვოკაციის შედეგია:

“ამ ადამიანების [ნაციონალების] მიერ წლების მანძილზე იმდენი სიბინძურეა ჩადენილი, საზოგადოება როცა ხედავს, რომ კიდევ შეტევაზე გადმოდიან და პროვოკაციას აწყობენ, ნებისმიერი ადამიანისთვის შეურაცხყოფა მიუღებელია.   რაც მოხდა, პირდაპირი პროვოკაცია იყო. თქვენ ნახეთ, როგორ გამოდიოდა ნიკა მელია. დაპირისპირება მისი მხრიდან დაიწყო, ეს ადამიანები წამოეგნენ პროვოკაციაზე და ჩვენ მივიღეთ  ის, რაც მივიღეთ. მომხდარი დასაგმობი ფაქტია და ასეთი რამ აღარ უნდა განმეორდეს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მომხდარი იყო მიზანმიმართული პროვოკაცია “ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან“, – აცხადებს ხაბარელი.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ სოფელ კორცხელში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება, თუმცა კითხვაზე – არიან თუ არა მომხდარის გამო დაკავებულები, აცხადებენ:

“ამ საქმეზე დანიშულია შესაბამისი ექსპერტიზები, იკითხება  მოწმეები და გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლით (ცემა)”. კითხვას, რა სახის ექსპერტიზაა დანიშნული, უწყებაში ასე პასუხობენ: “მიმდინარეობს გამოძიება. კონკრეტულად მეტს ვერ გეტყვით”.

სამეგრელოში, სოფელ კორცხელის 53-ე საარჩევნო უბანთან შეკრებელმა პირებმა პარტია ნაციონალური მოძრაობის ლიდერებს: ნიკა მელიას, გიგა ბოკერიას, თენგიზ გუნავასა და კიდევ რამდენიმე წევრს ფიზიკური შეუარაცხყოფა მიაყენეს.

შსს-ს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 125-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს ცემას ან სხვაგვარ ძალადობას, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება.

მასალების გადაბეჭდვის წესი