ახალი ამბები

პარლამენტში ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მინისტრს სამმა დეპუტატმა მოუსმინა

23 მაისი, 2016 • 1178
პარლამენტში ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მინისტრს სამმა დეპუტატმა მოუსმინა

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომას, სადაც ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს  დავით ბაქრაძეს მოუსმინეს, 3 დეპუტატი დაესწრო.

სხდომის დასაწყისში კომიტეტის ოთახში  ორი დეპუტატი გამოცხადდა- კომიტეტის თავმჯდომარე ლევან ბერძენიშვილი და მისი მოადგილე პაატა ბარათაშვილი. დაწყებიდან მალევე  სხდომას გია ვოლსკის ადგილმონაცვლე, დარეჯან ჩხეტიანი შეუერთდა, მაგრამ მან სხდომა მალევე დატოვა.
სხდომაზე ასევე გამოცხადდა ზვიად კვაჭანტირაძის ადგილმონაცვლე თემურ ჭკუასელი, მაგრამ ისიც მალე წავიდა.  დაგვიანებულებიდან ბოლომდე შოთა ხაბარელი დარჩა.

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე,  ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების დღის წესრიგის განხორციელების 2016 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულების სამი თვის ანგარიშის მოისმინეს.

დეპუტატებს ანგარიში  ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ წარუდგინა.

“ეს არის ჩვენი შეხვედრა და ანგარიშის მოსმენა მინისტრთან, რომელზეც სასურველი იყო და არის, ხალხი შემოგვიერთდეს. იდეალურ შემთხვევაში კვორუმიც კი კარგი იყო, მაგრამ კვორუმის გარეშეც შეგვიძლია მასთან საუბარი. მადლობა მინდა ვუთხრა მას, რომ არ გაგვიბრაზდა, ფეხი არ დაკრა და არ თქვა, რომ ასეთ პარლამენტში ჩემი ფეხი არ იქნებაო. ჩემი კომიტეტი აპარატის სახით მაქსიმალურად არის წარმოდგენილი. თქვენც კარგად ხართ წარმოდგენილნი. როგორც სუფრაზე შეკრების დროს ქართველები ამბობენ – მოდით, ვაქოთ ერთმანეთი. თუ სხვებს არ უნდათ ქება, ჩემი მოადგილე აქ არის და ყველაფერი წესრიგშია,” – აღნიშნა ბერძენიშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი