ახალი ამბები

ცესკო თავმჯდომარემ მხარეებს მოუწოდა, თავი აარიდონ ყოველგვარ დაპირისპირებას

22 მაისი, 2016 • 1163
ცესკო თავმჯდომარემ მხარეებს მოუწოდა, თავი აარიდონ ყოველგვარ დაპირისპირებას

თამარ ჟვანია ზუგდიდში, კორცხელში მომხდარ დაპირისპირების ფაქტს გამოეხმაურა და საარჩევნო პროცესში ჩართულ მხარეებს მოუწოდა, თავი აარიდონ ყოველგვარ დაპირისპირებას.

“ეს არის მიუღებელი. ასეთი დაპირისპირება არ მოქმედებს დადებითად საარჩევნო გარემოზე და ზოგადად პროცესს აზიანებს. იმის მიუხედავად, რომ უშუალოდ საარჩევნო უბნებში პროცესი მშვიდად, წესისამებრ მიმიდინარეობს, მინდა მივმართო ყველა პოლიტიკურ მხარეს, საარჩევნო პროცესში ჩართულ მხარეებს, მათ მხარდამჭერებს, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს და მოქალაქეს, – არჩევნები ეს გახლავთ სამოქალქო პროცესი, ეს არ არის გარჩევების დღე. შესაბამისად, მინდა მივმართო მათ, უზრუნველყონ მაქსიმალური სიმშვიდე, თავი აარიდონ ყოველგვარ დაპირისპირებას, მისცენ საშუალება მოქალაქეებს თავისუფლად გამოხატონ ნება არჩევნებზე,”- განაცხადა თამარ ჟვანიამ.

სოფელ კორცხელის 53-ე საარჩევნო უბანზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. საარჩევნო უბანთან შეკრებელმა პირებმა პარტია ნაციონალური მოძრაობის წევრებს, ნიკა მელიას, გიგა ბოკერიასა და კიდევ რამდენიმე წევრს ფიზიკური შეუარაცხყოფა მიაყენეს.

შსს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სსსკ-ის 125-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს ცემას ან სხვაგვარ ძალადობას, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება.

დღეს საკრებულოს შუალედური არჩევნები გლდანის, გარდაბნის, კასპის, წყალტუბოს, ოზურგეთის, ხობის და ზუგდიდის ადგილობრივი მაჟორიტარული ოლქების 45 საარჩევნო უბანზე ტარდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი