ახალი ამბები

პროკურატურის ცნობით, გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში რაში კანჯიოღლია ბრალდებებული

21 მაისი, 2016 • 1724
პროკურატურის ცნობით, გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში რაში კანჯიოღლია ბრალდებებული

სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურამ გიგა ოთხოზორიას განზრახ მკვლელობის ფაქტზე რაშიდ კანჯიოღლის მიმართ ბრალდების შესახებ დადგენილება გამოიტანა და მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით[განზრახ მკვლელობა] და 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით [ცეცხლსასროლი იარაღის (გარდა სანადირო გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღისა (თოფისა)), საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება] დაიწყო.

 

“საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ 2016 წლის 19 მაისს, დაახლოებით 14 საათსა და 15 წუთზე გიგა ოთხოზორიამ მისი მართვის ქვეშ მყოფი “ოპელ-ასტრას” მოდელის ავტომანქანით ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში მდებარე ადმინისტრაციულ საზღვართან ნაცნობები – ლ.ა. და რ.ქ.  მიიყვანა, რომლებსაც ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ ნაბაკევის ტერიტორიაზე სურდათ გადაეტანათ საკვები პროდუქტი. გიგა ოთხოზორია გადავიდა ავტომანქანიდან და მდინარე ხაიაზე არსებული ხიდის გავლით გაემართა ოკუპირებული ტერიტორიის მიმართულებით, სადაც სურდა მოლაპარაკებოდა იქ მყოფ პირებს, რომლებსაც საზიდარით უნდა გადაეტანათ პროდუქტი. მათ საუბარში ჩაერთვნენ ადმინისტრაციულ საზღვართან მყოფი აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების შეიარაღებული ფორმირების წარმომადგენლები, მათ შორის ე.წ. „მესაზღვრე“ რაშიდ კანჯიოღლი.  საუბარი გადაიზარდა შელაპარაკებაში. კონფლიქტის თავიდან აცილების მიზნით, გიგა ოთხოზორია გამობრუნდა და გაემართა საქართველოს კონტროლირებად, ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩას მიმართულებით. მას მუქარით დაედევნენ ე.წ. „მესაზღვრეები“, მათ შორის რაშიდ კანჯიოღლი, რომელიც შეიარაღებული იყო ცეცხლსასროლი იარაღით. რამდენიმე მეტრის გავლის შემდეგ  რაშიდ კანჯიოღლი დაეწია გიგა ოთხოზორიას და ცეცხლსასროლი იარაღიდან განზრახ მოკვლის მიზნით ესროლა ქვედა კიდურებისა და მუცლის არეში. მიღებული დაზიანებების შედეგად გიგა ოთხოზორია ძირს დაეცა, რა დროსაც  განზრახვის  სისრულეში მოყვანის მიზნით რაშიდ კანჯიოღლიმ მას თავის არეში საკონტროლო გასროლით მიაყენა დაზიანება, რის შემდეგაც თანმხლებ პირებთან ერთად ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მიიმალა. მიღებული დაზიანებების შედეგად გიგა ოთხოზორია საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

საქმეზე ჩატარდა სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებები, დაიკითხნენ  მოწმეები, რომლებიც ადასტურებენ ზემოაღნიშნულ გარემოებას. გამოძიების მიერ მოპოვებულია ვიდეოჩანაწერი, რომელზეც დაფიქსირებულია ჩადენილი დანაშაული, დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო,  კომპლექსური ბიოლოგიური,  ბალისტიკური, ტრასოლოგიური და ქიმიური ექსპერტიზები.

სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურა რაშიდ კანჯიოღლის მიმართ აღკვეთის ღონისძიების – პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში  მიმართავს. შუამდგომლობის დაკმაყოფილების შემთხვევაში რაშიდ კანჯიოღლის მიმართ გამოცხადდება ძებნა როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე,” -აღნიშნულია პროკურატურის გავრცელებულ  განცხადებაში.

ოფიციალური ინფორმაციით, 19 მაისს, დაახლოებით 14:30 საათზე ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში, გამყოფი ხაზის მიმდებარედ, შეიარაღებულმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღით სასიკვდილოდ დაჭრა გალის რაიონის სოფელ ბარღების მკვიდრი გიგა ოთხოზორია. ინციდენტის შედეგად დაზარალებული მუცლის არეში მიყენებული მრავლობითი ჭრილობებით სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა გადაიყვანა ზუგდიდის ჰოსპიტალში, სადაც მოგვიანებით გარდაიცვალა.

ამასთან, 20 მაისს  ტელეკომპანია “რუსთავი 2”-მა 19 მაისს, სავარაუდოდ, სოფელ ხურჩაში მომხდარი მკვლელობის ამსახველ ვიდეომასალა გაავრცელა. გავრცლებულ ვიდეოში ჩანს კაცი, რომელიც ე.წ. სასაზღვროს ზოლის მხრიდან ბრუნდება. მის უკან ჩნდებიან სამხედროფორმიანი პირები; ერთ-ერთი მათგანი ახალგაზრდა მამაკაცს ესვრის და როდესაც ის ეცემა, დაჭრილს ფიზიკურად უსწორდება. ამის შემდეგ ისინი ადგილს ტოვებენ. ვიდეოში ჩანს, რომ მკვლელობა ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მოხდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი