ახალი ამბები

მეჭიაური: რუსეთთან ურთიერთობის გარეშე [მოსახლეობის] თავისუფლება შეუძლებელია

21 მაისი, 2016 • 1404
მეჭიაური: რუსეთთან ურთიერთობის გარეშე  [მოსახლეობის] თავისუფლება შეუძლებელია

თამაზ მეჭიაურის განცხადებით, საქართველო რუსეთთან ურთიერთობის გარეშე თავისუფლებას ვერ მოიიპოვებს. ამის შესახებ მან “მაესტროს” ეთერში განაცხადა.

“ჩემს შანსებს არ ვაფასებ, მე ვაფასებ ჩვენი მოსახლეობის აზრს, რომლებსაც ნამდვილად მოსწყინდათ მონურ პოზიციაში ყოფნა ამა თუ იმ ქვეყანასთან. მას[მოსახლეობას] უნდა თავისუფლება. რუსეთთან ურთიერთობის გარეშე შეუძლებელია ეს [თავისუფლების მიღწევა]  იმიტომ, რომ თუ რუსეთმა უკან არ წაიღო  აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის აღიარება, ასევე, თუ ჩვენ მასთან არ დავჯექით მოლაპარაკებაზე ყოველგვარი წინასწარი პირობის გარეშე, თუ არ გამოვიყენეთ ჩვენს ხელთ არსებული ყველა ბერკეტი და ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობა, არა ტანკებით, არამედ დიპლომატიის გზით…” – განაცხადა მეჭიაურმა, თუმცა აზრი არ დაუმთავრებია, რადგან ჟურნალისტმა საუბარი შეაწყვეტინა.

გადაცემის მინდინარეობისას ჟურნალისტს თამაზ მეჭიაურისთვის არ დაუსვამს კითხვა ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში, გამყოფი ხაზის მიმდებარედ,  გიგა ოთხოზორიას მკვლეობასთან დაკავშირებით.

ოფიციალური ინფორმაციით, 19 მაისს, დაახლოებით 14:30 საათზე ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში, გამყოფი ხაზის მიმდებარედ, შეიარაღებულმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღით სასიკვდილოდ დაჭრა გალის რაიონის სოფელ ბარღების მკვიდრი გიგა ოთხოზორია. ინციდენტის შედეგად დაზარალებული მუცლის არეში მიყენებული მრავლობითი ჭრილობებით სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა გადაიყვანა ზუგდიდის ჰოსპიტალში, სადაც მოგვიანებით გარდაიცვალა.

ამასთან, დღეს ტელეკომპანია “რუსთავი 2”-მა 19 მაისს, სავარაუდოდ, სოფელ ხურჩაში მომხდარი მკვლელობის ამსახველ ვიდეომასალა გაავრცელა. გავრცლებულ ვიდეოში ჩანს კაცი, რომელიც ე.წ. სასაზღვროს ზოლის მხრიდან ბრუნდება. მის უკან ჩნდებიან სამხედროფორმიანი პირები; ერთ-ერთი მათგანი ახალგაზრდა მამაკაცს ესვრის და როდესაც ის ეცემა, დაჭრილს ფიზიკურად უსწორდება. ამის შემდეგ ისინი ადგილს ტოვებენ. ვიდეოში ჩანს, რომ მკვლელობა ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მოხდა.

საქართველოს მთავარი პროკურორის განცხადებით, სოფელ ხურჩაში მომხდარ მკვლელობაში დამნაშავე პიროვნების ვინაობა გამოძიებისათვის უკვე ცნობილია.

2016 წლის აპრილში IRI-ის დაკვეთით ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის 71% ფიქრობს, რომ რუსეთი საქართველოსთვის საფრთხეს წარმოადგენს. 18%-ს რუსეთი საქართველოს პარტნიორად მიაჩნია.

ხოლო 2016 წელს, NDI-ის დაკვეთით ჩატარებული კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 68%-ისთვის მისაღებია, რომ საქართველო უნდა გახდეს ნატოს წევრი ქვეყანა.

1995-2015 წლებში საქართველოსთვის სხვადასხვა ქვეყნებისა და ორგანიზაციების მიერ გაცემული გრანტების საერთო ოდენობა შეადგენს 2 071 470 000 აშშ დოლარს. ამ კუთხით ლიდერია ამერიკის შეერთებული შტატები, ხოლო რუსეთის ფედერაციას საქართველოსთვის უსასყიდლოდ არანაირი სახის ფინანსური დახმარება არ გაუწევია. ამ მონაცემებს ოფიციალურ ინფორმაციაზე დაყრდნობით არასამთავრობო ორგანიზაცია IDFI ავრცელებს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი