ახალი ამბები

EUMM: ხურჩაში მომხდარი მკვლელობა უმოკლეს ვადაში უნდა იქნას გამოძიებული

20 მაისი, 2016 • 1269
EUMM: ხურჩაში მომხდარი მკვლელობა უმოკლეს ვადაში უნდა იქნას გამოძიებული
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია (EUMM)  ხურჩაში მომხდარი გალის რაიონის მკვიდრის, გიგა ოთხოზორიას მკვლელობასთან დაკავშირებით განცხადებას აქვეყნებს, სადაც მხარეებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ ისეთი ქმედებებისგან, რამაც შესაძლოა სიტუაციის ესკალაცია გამოიწვიოს.

“ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ადასტურებს 19 მაისს ადმინისტრაციულ საზღვარზე, ხურჩა-ნაბაკევის გამშვებ პუნქტთან მომხდარ სროლის ფატალურ შემთხვევას, რომლის შედეგადაც ადგილობრივი მამაკაცი დაიღუპა.

წინასწარი შეფასებით, რომელიც ადგილობრივი თვითმხილველების მონათხრობს ეყრდნობა, უსაფრთხოების სფეროში მოქმედი სტრუქტურების შეიარაღებულმა წარმომადგენლებმა გადმოკვეთეს ხიდი აფხაზეთის მხრიდან თბილისის მიერ ადმინისტრირებულ ტერიტორიაზე და სროლა განახორციელეს. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ აამოქმედა ცხელი ხაზი და  ხელს უწყობს ინფორმაციის გაცვლას. ჩვენ მოგვაწოდეს ინფორმაცია, რომ გამოძიება  ადმინისტრაციული საზღვრის ორივე მხარეზე მიმდინარეობს.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია გმობს ამ ფატალურ შემთხვევას. ჩვენ ვუსამძიმრებთ და თანადგომას ვუცხადებთ დაღუპულის ოჯახს.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია იმყოფება ადგილზე, აკვირდება ვითარებას, აგროვებს ინფორმაციას და მას ევროკავშირის ინსტიტუტებსა და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს გადასცემს. მისია დარჩება ადგილზე იქ, სადაც ამისი საჭიროება იქნება მანამ, სანამ მოცემული საჭიროება შენარჩუნდება.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია მოუწოდებს ყველა მხარეს უმოკლეს ვადაში ჩატარდეს საფუძვლიანი გამოძიება და თავი შეიკავონ ისეთი ქმედებებისგან, რომელთაც შესაძლოა სიტუაციის ესკალაცია გამოიწვიოს.

თავად მოცემული ინციდენტი კი დამატებით მიუთითებს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გამართული შეხვედრების სასწრაფო აღდგენის გადაუდებელ აუცილებლობაზე,”- ვკითხულობთ განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი