ახალი ამბებისამართალი

ომბუდსმენი: 2015 წელს შსს-ში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით მდგომარეობა გაუარესდა

21 მაისი, 2016 • 1889
ომბუდსმენი: 2015 წელს შსს-ში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით მდგომარეობა გაუარესდა

საქართველოს სახელხო დამცველი აცხადებს, რომ პოზიტიური ცვლილებების მიუხედავად, მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი წამებისა და არასათანადო მოპყრობის სავარაუდო შემთხვევების გათვალისწინებით, შსს-ში სისტემაში ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობა გაუარესებულია.

ამ საკითხებზე სახალხო დამცველმა და პრევენციის ეროვნული მექანიზმის წარმომადგენლებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს  დაქვემდებარებულ ორგანოებში 2015 წელს ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ ანგარიშის წარდგენაზე, 19 მაისს ისაუბრეს. ანგარიშის წარდგენას შსს-ს, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ.

ანგარიშის თანახმად, 2014 წელთან შედარებით უმნიშვნელოდ შემცირებულია დროებითი მოთავსების იზოლატორში მყოფ პირთა რაოდენობა. ამასთან, ანგარიშის თანახმად, 2015 წელს 2014 წელთან შედარებით სხეულის დაზიანების 916 შემთხვევით ნაკლები დაფიქსირდა, ასევე შემცირებულია პოლიციის მიმართ პრეტენზიით მიმართვის შემთხვევები (30 შემთხვევით ნაკლები).

ამავდროულად, ომბუდსმენის ცნობით, 2015 წელს 2014 წელთან შედარებით 7-დან 11-მდე გაიზარდა პოლიციის თანამშრომლების მიერ არასათანადო მოპყრობის ფაქტების გამოძიების შესახებ საქართველოს მთავარ პროკურატურაში გაგზავნილი სახალხო დამცველის წინადადებების რაოდენობა.

ანგარიშში ომბუდსმენი შემაშფოთებელს უწოდებს იმ გარემოებას, რომ ამ 11 წინადადების საფუძველზე გამოძიება დაიწყო სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების კვალიფიკაციით, როდესაც სახალხო დამცველის წინადადებებში მითითებული გარემოებები შეიცავს წამების და არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ნიშნებს.

“ამ კუთხით კრიტიკული მდგომარეობა იყო განსაკუთრებით რამდენიმე განყოფილებაში. მათ შორის, შემიძლია დავასახელო ქობულეთის მთავარი სამმართველო, სადაც განსაკუთრებული სისასტიკით იყო პირი ნაცემი და საწუხაროდ, დღემდე არ არის ეს საქმე გამოძიებული. ასევე ფიქსირდება დარღვევები გურიაში, სამეგრელოში, კახეთში, იმერეთის რეგიონში, თბილისში რამდნეიმე განყოფილებაში იყო სერიოზული პრობლემები, მათ შორის, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილია საზოგადოებისთვის, სადაც მოხდა ადვოკატის ცემაც კი. ასეთი ფქტები იყო გახშირებული გასული წლის განმავლობაში. ჩემი ინფორმაციით და შეფასებით, შეიძლება ითქვას, რომ გამოძიება ამ ეტაპზე ეფექტური არ არის. 11 კონკრეტული შემთხვევიდან მხოლოდ ერთ შემთხვევაში მოხდა ბრალის წაყენება კონკრეტული დამნაშავის მიმართ, ადვოკატის ცემის კონკრეტულ ეპიზოდზე,”- განაცხადა ომბუდსმენმა.

ამ 11 შემთხვევიდან ერთ-ერთის აღწერისას, ანგარიშში ვკითხულობთ, რომ პირს, სავარაუდოდ, ზესტაფონის პოლიციის მთავარ სამმართველოში, აღიარებითი ჩვენების მოპოვების მიზნით 8 თანამშრომელი 3 საათის განმავლობაში სცემდა. ანგარიშის თანახმად, სახალხო დამცველის რწმუნებულთან საუბრისას მას აღენიშნებოდა : “შუბლზე ფუფხით დაფარული ჭრილობა, ცხვირზე ნახეთქი ჭრილობა, ორივე ხელის იდაყვზე ფუფხით დაფარული ესკორაციები, ზურგის ქვედა ნაწილში მთელ არეზე სილურჯეები და ჭრილობები, მარცხენა თვალზე სილურჯე”.

ანგარიშის თანახმად, პოლიციის თანამშრომლებმა დაკავების ოქმებში არაერთხელ დააფიქსირეს მოქალაქეების მხრიდან აგრესიის გამოვლენის ტენდენცია, რა დროსაც, სახალხო დამცველის შეფასებით, პოლიციის თანამშრომელთა არასაკმარისი კვალიფიკაციის პირობებში, მაღალია ძალის გამოყენების და გადამეტების ალბათობა.

გარდა ამისა, ომბუდსმენის განმარტებით, წამებისა და სხვა არასათანადო მოპყრობის მაღალ რისკებს შეიცავს პოლიციის მიერ პირთა გამოხატული და თავისუფალი თანხმობის გარეშე ჩატარებული ე.წ. „გასაუბრების“ პრაქტიკა პოლიციის ავტომანქანაში, სამმართველოში ან განყოფილებაში, რაც ფაქტობრივად წარმოადგენს საპროცესო უფლებების განმარტების გარეშე, თვითნებურ დაკავებას.

კვლევის ფარგლებში, გარეგნული დათვალიერების 740 ოქმის შემოწმების შედეგად, სადაც დაკავებულის დაზიანებებზე იყო საუბარი, ანგარიშში წერია, რომ პოლიციის მიმართ პრეტენზია დაკავებულმა პირმა გამოთქვა 69 შემთხვევაში, დაკავებულს პრეტენზია არ ჰქონდა 626 შემთხვევაში, ხოლო 45 შემთხვევაში კი იზოლატორებში შედგენილი გარეგნული დათვალიერების ოქმი არ შეიცავდა ჩანაწერს პოლიციის მიმართ პრეტენზიის შესახებ.

ამავე კვლევის თანახმად, 57 შემთხვევაში პირი ამბობს, რომ დაზიანება დაკავებისას მიიღო, თუმცა, პრეტენზია პოლიციის მიმართ არ გააჩნია.

ომბუდსმენის ანგარიში 2015 წელს შსს-ს დაქვემდებარებაშჳ არსებულ ორგანოებში ადამიანების უფლებათა მდგომარეობის შესახებ

ომბუდსმენის ანგარიში 2015 წელს შსს-ს დაქვემდებარებაში არსებულ ორგანოებში ადამიანების უფლებათა მდგომარეობის შესახებ

შეხვედრაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის დირექტორის მოადგილემ, ვარლამ ხარიძემ აღნიშნა, რომ სახალხო დამცველი და არასამავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ ტენდენციურები არიან.

მან სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ომბუდსმენის ანგარიშში დასახელებული ის 57 შემთხვევა, როდესაც დაკავებულები აცხადებენ, რომ დაზიანება მიღებული აქვთ დაკავებისას, მაგრამ არ აქვთ პრეტენზია პოლიციელთან, არ უნდა იყოს მიჩნეული პოლიციის დანაშაულად:

“მიუღებლად მიმაჩნია, ცალსახად დაუდასტურებელი ფაქტების წარმოჩენა, თითქოს კონკრეტული მოქმდებები ხორციელდება პოლიციელების მხრიდან, რომელიც კანონდარღვევას შეესაბამება, როდესაც ვსაუბრობთ, 57 შემთხვევაზე, სადაც არ დადასტურდა, უარი განაცხადა წინასწარი დაკავების იზოლატორში პატმარმა, რომ მას პრეტენზია არ აქვს და ეს 57-ვე ფაქტი ჩაითვალოს პოლიციაში შეყვანის შემდეგ ძალის გადამეტებად, ეს მიუღებლად მიმაჩნია, რომ 57-ვე შემთხვევა იყოს პოლიციის დანაშაული,”- ამბობს ვარლამ ხათრიძე.

ამასთან დაკავშირებით ომბუდსმენმა მას უპასუხა, რომ ანგარიშში მოყვანილი ყველა ფაქტი დადასტურებულია.

ომბუდსმენის ანგარიშის თანახმად, 2015 წლის განმავლობაში შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ განახორციელა 22 447 სამსახურებრივი შემოწმება, რომელთა საფუძველზეც დაიწერა 3055 დასკვნა და დაკისრებულ იქნა 2630 დისციპლინური სახდელი.

ვარლამ ხათრიძის თქმით, გენერალური ინსპექციისადმი მიმართვის ციფრების ასეთი დიდი ოდენობა გამოწვეულია იმით, რომ მოქალაქეები ცხელ ხაზს ხშირად მიმარავენ:

“ყველა დასახელებილ 22 ათას  შემთხვევაზე, როემლიც მიიღო და განიხილა გენერალურმა ინსპქეციამ, წინა წელს,  მხოლოდ 3 055 შედეგი დადგა, რადგანაც  ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ კანონის შედაბამისად ვმოქმედებთ და მხოლოდ და მხოლოდ მტკიცებულებებზე დაყრდნობით ვიღებთ გადაწყვეტილებებს,”- ამბობს ხათრიძე.

გენინსპექციის დირექტორის მოადგილეს შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტების შეკითხვებზე პასუხი არ გაუცია. როდესაც შეკითხვები დაუსვეს, ხათრიძემ ჟურნალისტები პრესსამსახურთან გადაამისამართა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი