ახალი ამბები

17 მაისს საპატრიარქოსთან დაკავებულების პროცესი 10 ივნისს მოწმეთა დაკითხვით გაგრძელდება

20 მაისი, 2016 • 1476
17 მაისს საპატრიარქოსთან დაკავებულების პროცესი 10 ივნისს მოწმეთა დაკითხვით გაგრძელდება

17 მაისს საპატრიარქოსთან დაკავებული პირების სასამართლო პროცესი 10 ივნისს, 9:30 საათიდან მოწმეთა დაკითხვით განახლდება.

ეს გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო ჭალიძემ დღეს, 20 მაისს გამართული სხდომების შემდეგ მიიღო.

20 მაისს სასამართლომ ინდივიდუალურად განიხილა 17 მაისს დაკავებული 6 პირის საქმე. სასამართლო სხდომები 10:00 საათიდან 16:00 საათამდე გაგრძელდა. დაცვის მხარეს წარმოადგენდნენ იურისტი და ლგბტ აქტივისტი ნინო ბოლქვაძე და “ადამიანის უფლებების დაცვისა და მონიტრონგის ცენტრის” (EMC) იურისტი ეთერ გვრიტიშვილი.

დაკავებულებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე (თვითმმართველი ერთეულის იერსახის შეცვლა) და 173-ე (პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევა და დაუმორჩილებლობა) დარღვევას ედავებიან.

პირველ პროცესზე განიხილეს ერთ-ერთი პირის საქმე, რომელიც აცხადებს, რომ საპატრიარქოს მიმდებარედ იმიტომ იმყოფებოდა, რომ მისი ოჯახის წევრია ერთ-ერთი აქტივისტი და მან მხოლოდ მანქანით მიიყვანა. იგი აცხადებს, რომ არ მონაწილეობდა სტენსილების დახატვასა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევაში.

დაცვის მხარე აცხადებს, რომ  მას არათუ წინააღმდეგობა არ გაუწევია პოლიციისთვის, არამედ თავისი მანქანით მივიდა პოლიციის განყოფილებაში. ამის დამადასტურებლად დაცვის მხარემ მოითხოვა, რომ შსს-სგან გამოითხოვონ 10 ადგილას დამონტაჟებულ შუქნიშნებთან განთავსებული კამერების ვიდეოჩანაწერები.

დანარჩენ 5 პროცესზე დაცვის მხარემ რამდენიმე შუამდგომლობა დაააყენა:

ერთი შუამდგომლობით მოითხოვენ, რომ სახალხო დამცველის წარმომადგენლის ოქმი მტკიცებულების სახით ჩართონ საქმეში, რომელშიც მიმოხილულია ის პროცესები, რაც განვითარდა დაკავებამდე და დაკავების შემდეგ.

17 მაისს საპატრიარქოსთან დაკავებულების პროცესი

17 მაისს საპატრიარქოსთან დაკავებულების პროცესი

ასევე, დაცვის მხარემ  შუამდგომლობა დააყენა, რომ მტკიცებულების სახით ჩაერთოს საქმეში მარი კურტანიძის მიერ გადაღებული ფოტო იმ პოლიციელისთვის, რომელიც მას მისდევდა დაკავების ღამეს.

დაცვის მხარის ვარაუდით ამ ფოტოთი დადასტურდება ის ფაქტი, რომ დაკავებულებმა არ იცოდნენ, რომ ეს პირები იყვნენ პოლიციელები, რადგან ისინი პოლიციის ფორმის გარეშე მოქმედებდნენ.

დაცვის მხარის კიდევ ერთი შუამდგომლობა შეეხება სხვა დაკავებული 4 აქტივისტის მოწმის სტატუსით გამოძახებას. სასამართლომ სამივე შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

ერთი შუამდგომლობა, რომელიც სასამართლომ არ დააკმაყოფილა, შეეხება წინა სასამართლო პროცესზე, 17 მაისს, დაცვის მხარის მიერ დაყენებულ შუამდგმლობას, რომელზეც დაცვის მხარემ მოითხოვა, მოწმის სტატუსით გამოიძახონ ის პოლიციელები, რომლებიც მონაწილეობდნენ დაკავების პროცესში.

დაცვის მხარემ ასევე მოითხოვა, რომ საპატრიარქოს მიმდებარედ ფარული სათვალთვალო კამერებიდან ვიდეოჩანაწერები ამოიღონ, რომლითაც დაცვის მხარის ვარაუდით დადასტურდება, რომ დაკავებულები პოლიციას წინააღმდეგობას არ უწევდნენ.

დაცვის მხარემ აღნიშნა, რომ ეს კამერები თბილისის მერიის საკუთრებაა, რომელსაც 18 მაისს მიმართეს, თუმცა ჯერ პასუხი არ მიუღიათ. მერიას კანონით გათვალისწინებული 10 სამუშაო დღე აქვს ვადად განსაზღვრული.

პირველ ორ სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადებულა პოლიციის წარმომადგენელი, თუმცა სასამართლოში იყო ნაწილი იმ პოლიციელებისა, რომლებიც მოწმის სტაუსით უნდა გამოცხადებულიყვნენ, მაგრამ ისინი სასამართლოს დღეს არ დაუკითხავს.

მესამე პირის სასამართლო პროცესზე პოლიციის წარმომადგენელი გამოცხადდა. მან  ისაუბრა იმის შესახებ, რომ 17 მაისის ღამეს პოლიციელები ასრულებდნენ თავის მოვალეობას, როდესაც შენიშნეს, რომ საპატრიარქოს მიმდებარედ ახალგაზრდების ჯგუფი ხატავდა.

პოლიციელის თქმით, მათ მოსთხოვეს გაჩერება, თუმცა არ შეწყვიტეს ხატვა, რის შემდეგაც ისინი დააკავეს.

დაკავებულმა აქტივისტების განაცხადებით  ეგონათ, რომ მათ მოსდევდა არა პოლიცია, არამედ ექსტერმიტების ჯგუფი, ხოლო როდესაც გააცნობიერეს, რომ პოლიციელები იყვნენ, წინააღმდეგობა არ გაუწევიათ.

აქტივისტებმა ასევე აღნიშნეს, რომ პოლიციელებს მათთვის არ წარუდგენიათ საკუთარი თავი და თავდაპირველად არ აძლევდნენ უფლებას, რომ ადვოკატს დაკავშირებოდნენ.

რაც შეეხება სტენსილებით მოხატვას, რომელიც 150-ე მუხლის მიხედვით რეგულირდება, აქტივისტებს ეს საკითხი სადავოდ არ  მიაჩნიათ. თუმცა დაცვის მხარე ამბობს, რომ ამის გამო მოსამართლემ არ უნდა დააკისროს სანქცია და მხოლოდ სიტყვიერი გაფრთხილება უნდა მისცეს მათ.

აქტივისტებამ აღნიშნეს, რომ 17 მაისს, ჰომოფობიისა და ტრანსფობიის საწინააღმდეგო დღეს, აქტივისტებს არ ეძლევათ საშუალება, რომ აღნიშნონ ეს დღეს და გამოხატონ საკუთარი დამოკიდებულება. ამის მთავარი მოწინააღმდეგე სწორედ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიაა და ამიტომ მივიდნენ ისინი საპატრიარქოსთან.

დაცვის მხარის იურისტებმა აღნიშნეს, რომ აქტივისტებმა ისე გამოხატეს საკუთარი პოზიცია, რომ მინიმალურად შეიზღუდა სხვების უფლებები.

დღეს, 20 მაისს დასრულდა ახსნა-განმარტებების ეტაპი დაკავებულთა სასამართლო პროცესებზე. რაც შეეხება კიდევ ერთ, მეშვიდე აქტივისტს, რომელიც საპატრიარქოსთან დააკავეს, მისი სასამართლო პროცესი 30 მაისისთვის არის გადადებული.

ლგბტ აქტივისტები 17 მაისს, ჰომოფობიისა და ტრანსფობიის საწინააღმდეგო დღეს, ღამის 5 საათზე ორ ადგილას – საპატრიარქოსთან და რუსთაველის გამზირზე დააკავეს.

საპატრიარქოსთან დააკავეს 7 პირი, ხოლო რუსთაველის გამზირზე -3. აქტივისტებმა ასფალტსა და საპატრიარქოს ღობეზე სტენსილით დახატეს ცისარტყელას დროშა და “Fuck Homophobia and Transphobia”, რა დროსაც ისინი პოლიციამ დააკავა.

მასალების გადაბეჭდვის წესი