ახალი ამბები

უსუფაშვილი საარჩევნო სისტემაზე: საბოლოო ჯამში, ყველაზე უარესი ვითარება მივიღეთ

19 მაისი, 2016 • 1175
უსუფაშვილი საარჩევნო სისტემაზე: საბოლოო ჯამში, ყველაზე უარესი ვითარება მივიღეთ

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის თქმით, საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით თითქმის წელიწადზე მეტია ვერ მოხერხდა პოლიტიკური ძალების ფოკუსირება შედეგზე, რის გამოც ამ მხრივ, საბოლოო ჯამში, “ყველაზე უარესი ვითარებაა”.

“ვწუხვარ, რომ თითქმის წელიწადზე მეტია ვერ მოხერხდა ამ საკითხში პოლიტიკური ძალების, დაინტერესებული პირების ფოკუსირება შედეგზე. ვინაიდან ჩათვალა სხვადასხვა პოლიტიკურმა ლიდერმა თუ ძალამ, რომ ალტერნატიული საკონსტიტუციო ცვლილებები უნდა ყოფილიყო ინიცირირებული პარლამენტში. ამის გამო იმ ცვლილებებზე კენჭისყრა, აგერ, აქამდე გაჭიანურდა. მივიღეთ ის, რომ ჩვენ 2016 წლის შემდგომი პერიოდიც გვაქვს აბსოლუტურად ბუნდოვანი. 2016 წლის არჩევნებისთვის შექმნილი გვაქვს სისტემა, რომელზეც თავიდანვე იყო ნათქვამი, რომ ეს არის ერთჯერადად გამოყენების, ეს გამსხვილებული თუ დაჭრილი ოლქები, და ჩვენ, საბოლოო ჯამში, ყველაზე უარესი ვითარება მივიღეთ”, – განაცხადა უსუფაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა კენჭი უნდა უყაროს საკონსტიტუციო ცვლილებების ორ ვერსიას: პირველი ვერსიით, რომელსაც მხარს უჭერს უმრავლესობა, მაჟორიტარული ოლქები უქმდება 2020 წლიდან; მეორე ვერსიით, რომელიც ენმ-ს მიერაა ინიცირებული, ეს ცვლილება უნდა ამოქმედდეს 2016 წლის არჩევნებზე. ამასთან, “რესპუბლიკური პარტიის” მიერ ინიცირირებულია ე.წ. გერმანული მოდელი, რომლის მიხედვით, შერეული საარჩევნო სისტემის პირობებში სპეციალური ფორმულით გამოითვლება იმ პარტიის საპარლამენტო მანდატების რაოდენობა, რომელიც გადალახავს 5%-იან ბარიერს.

მასალების გადაბეჭდვის წესი