ახალი ამბები

იურიდიულმა კომიტეტმა იძულებითი ნარკოტესტირების გაუქმებას მხარი არ დაუჭირა

19 მაისი, 2016 • 1669
იურიდიულმა კომიტეტმა იძულებითი ნარკოტესტირების გაუქმებას მხარი არ  დაუჭირა

დღეს, 19 მაისს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა განიხილა კანონპროექტი, რომლის მიზანია – პირის არანებაყოფლობითი ნარკოლოგიური შემოწმება მხოლოდ სასამართლოს განჩინების საფუძველზე მოხდეს. კენჭისყრისას კანონპროექტს მხარი ხუთმა დეპუტატმა დაუჭირა, დადებითი გადაწყვეტილების მისაღებად კი 7 დეპუტატის ხმა იყო საჭირო.

კანონპროექტის ავტორმა, გოგა ხაჩიძემ კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ლევან აბზიანიძის გარდაცვალება გაიხსენა:

“მალე ერთი წელი ხდება  ლევან აბზიანიძის გარდაცვალებიდან, 56 წლის კაცი, რომელიც ქუთაისში პოლიციამ ნარკოტესტირებაზე გადაიყვანა და სამი შარდმდენი აბი დაალევინა. ამის შემდეგ გარდაიცვალა ეს ადამიანი და იმის ლაპარაკი, რომ მომხმარებლები კი არა გამყიდველები აინტერესებს პოლიციას, საუბარი, რომ პოლიტიკა შეიცვალა – ეს არის მხოლოდ ლაპარაკი, პრაქტიკაში სხვა რამე ხდება.”

“გირჩის” წევრებს მაგიდაზე ერთჯერად ჭიქებში ჩასხმული წვენი უდევთ, როგორც იძულებითი ნარკოტესტირების სიმბოლო, ხოლო მხარდამჭერებს მაგიდებზე “პლაკატები” აქვთ წარმოდგენილი.

გირჩი

“ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში”, ასევე, “პოლიციის შესახებ” კანონში შესატანი ცვლილებების თანახმად, თუ პოლიციელს ექნება დასაბუთებული ვარაუდი, რომ პირმა ნარკოტიკული ნივთიერება მოიხმარა ექიმის დანიშნულების გარეშე, იგი [პოლიციელი] უფლებამოსილი იქნება დააკავოს მოქალაქე. დაკავების შემდეგ, თუ პირი თანხმობას განაცხადებს, პოლიციელი მას წარუდგენს გამოკვლევისთვის უფლებამოსილ პირს, ხოლო თუ მოქალაქე ნარკოტესტირების წინააღმდეგია, პოლიციელი შეადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს და დაუყოვნებლივ წარადგენს სასამართლოში.

სასამართლოში წარდგენის შემდეგ, თუ მოსამართლე მიიჩნევს, რომ დასაბუთებულია ვარაუდი პირის მიერ ნარკოტიკული ნივთიერების ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარების შესახებ, მას უფლება ექნება გამოიტანოს განჩინება არანებაყოფლობითი გამოკვლევის ჩასატარებლად ექსპერტის მოწვევის შესახებ. პოლიციელის მიერ სამართალდამრღვევის არანებაყოფლობითი გამოკვლევისთვის უფლებამოსილ პირთან წარდგენა განხორციელდება მხოლოდ სასამართლოს განჩინების საფუძველზე.

ამასთან, სასამართლოში წარდგენის შემდეგ, თუ მოსამართლე მიიჩნევს, რომ დაუსაბუთებელია ვარაუდი, რომ პირმა ნარკოტიკული ნივთიერება ექიმის დანიშნულების გარეშე მოიხმარა, იგი [მოსამართლე] უფლებამოსილი იქნება შეწყვიტოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება და გაათავისუფლოს დაკავებული.

განმარტებითი ბარათის თანახმად,  2015 წლის 8 მაისს ევროკომისიის მიერ სავიზო ლიბერალიზაციის პროცესის ფარგლებში გაიცა რეკომენდაცია, რომ პირის არანებაყოფლობითი ნარკოლოგიური შემოწმება მხოლოდ სასამართლოს განჩინების საფუძველზე უნდა მოხდეს. კანონპროექტში განმარტებულია, რომ ცვლილებების განხორციელების  მიზანია კანონმდებლობაში აისახოს გაცემული რეკომენდაციები.

ნარკოტესტირება

ნარკოტესტირება

 

მასალების გადაბეჭდვის წესი