ახალი ამბები

პრეზიდენტი კაბელების საქმეზე: კითხვის ნიშნები პოლიტიკური ელფერის შესახებ დაფიქსირდა

18 მაისი, 2016 • 2037
პრეზიდენტი კაბელების საქმეზე: კითხვის ნიშნები პოლიტიკური ელფერის შესახებ დაფიქსირდა

საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, განსაკუთრებული ყურადღებით დააკვირდება ე.წ. კაბელების საქმის განხილვას სასამართლოში. პრეზიდენტმა ტელეკომპანია “რიონის” ეთერში მიმოიხილა ამ საქმის პრეისტორია და მომავალი.

“პრეისტორია არის ასეთი, რომ პროცესის მიმდინარეობის არაერთ ეტაპზე არაერთმა პოლიტიკურმა პირმა თავისი პოზიცია დააფიქსირა ამ საქმესთან მიმართებაში. მე პირადად არასდროს არც არაინაირი პოზიტიური პოზიცია არ დამიფიქსირებია, არც ნეგატიური პოზიცია, იმიტომ, რომ მე პატივს ვცემ სასამართლოს დამოუკიდებლობას და მიმაჩნია, რომ როდესაც მოსამართლე შედის გადაწყვეტილების მისაღებად, მან არ უნდა გაითვალისწინოს და მის შინაგან რწმენასა და მის დიალოგში არ უნდა ფიგურირებდეს პრეზიდენტის, ან პრემიერ-მინისტრის, ან პარლამენტის თავმჯდომარის, მაღალი თანამდებობის პირების კომენტარები ამ საკითხზე. ის უნდა იყოს მარტო თავის რწმენასთან და კანონმდებლობასთან ერთად. მე ამ საკითხზე არც ერთხელ პოზიცია არ დამიფიქსირებია, თუმცა კითხვის ნიშნები პოლიტიკური ელფერის შესახებ დაფიქსირდა საზოგადოების მხრიდან იმიტომ, რომ არაერთმა პოლიტიკურმა პირმა ამ საკითხზე თავისი აზრი გამოთქვა და მეტიც, ისეთი დეტალები და სპეციფიკა გაირჩა, რომელიც, ჩემი აზრით, პირდაპირ ეთერში არ უნდა გარჩეულიყო. ეს არის წარსული ამ საქმის”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

პრეზიდენტის თქმით, ამ საქმის მომავალი არის ის, რომ განაჩენი გასაჩივრდება სასამართლოს ზემდგომ ინსტანციებში.

“შესაბამისად, მეც არ მინდა, რომ დავასწრო მოვლენებს, თუმცა საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, მე განსაკუთრებით ყურადღებით დავაკვირდები ამ საქმეს”, – განაცხადა პრეზიდენტმა.

16 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ სახელმწიფოს კუთვნილი 4 მილიონზე მეტი ლარის გაფლანგვაში ბრალდებულ თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნებს – გიზო ღლონტს, ნუგზარ კაიშაურს, გიორგი ლობჟანიძეს, არჩილ ალავიძესა და დავით წიფურიას 7-7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა და 2 წლის ვადით საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავების უფლება ჩამოართვა.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის შეფასებით, ეს განაჩენი უსამართლო, უკანონო და დაუსაბუთებელია, დაკავებული პირები კი – უდანაშაულოები არიან. “სასამართლომ ვერ გაუძლო პოლიტიკურ ზეწოლას” – განაცხადა IDFI-ის დირექტორმა, გიორგი კლდიაშვილმა, ხოლო ნინო ლომჯარიამ განაცხადა, რომ სასამართლო უფრო მაღალი სტანდარტით უნდა ხელმძღვანელობდეს.

პარტია “თავსუფალი დემოკრატების” წევრებმა მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილი ივანიშვილთან გარიგებაში დაადანაშაულეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი