ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ანონიმური წერილები მოქალაქეებს – როგორ აღნიშნავენ 17 მაისს სომხეთსა და აზერბაიჯანში

17 მაისი, 2016 • 2006
ანონიმური წერილები მოქალაქეებს – როგორ აღნიშნავენ 17 მაისს სომხეთსა და აზერბაიჯანში

სომხეთსა და აზერბაიჯანში, საქართველოს მსგავსად, 17 მაისს ღია ღონისძიებების ჩატარება რისკებს უკავშირდება. ლგბტ თემის წარმომადგენლები ნეტგაზეთთან საუბარში ამბობენ, რომ სამართალდამცავთა დაცვის იმედი არ აქვთ.

სომხეთი

2016 წელს ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს სომხეთში “სიამაყის კვირით” აღნიშნავენ. მიმდინარე კვირის განმავლობაში, ყოველდღე, როგორც ღია, ასევე, დახურული ღონისძიებები გაიმართება.

“სიამაყის კვირა” სომხეთში, ერევნის ჩრდილოეთის პროსპექტზე ღია ღონისძიებით გაიხსნება – “შენ ჩემზე, მე შენზე”, ასე ჰქვია დღევანდელ საცეკვაო შოუს.

“ამ ცეკვით გვინდა ადამიანებს ჩვენი გზავნილი გადავცეთ, რომ “სიყვარული უმწეოა ქუჩაში, სიყვარული მოწყვლადია სახლში, როდესაც სიყვარული არ არსებობს”, – ამბობს ნეტგაზეთთან საუბარში ეგინე ბაბაიანი ორგანიზაცია PINK ARMENIA-ს წარმომადგენელი.

ღია აქციები ფერადი დროშებით არ გაიმართება – “ეს სარისკოა მონაწილეებისთვის და ვიცით, რომ პოლიცია არ დადგება ჩვენს დასაცავად”

ეგინე ბაბაიანის თქმით, დღეიდან სომხეთში ასევე იწყება აქცია “წამიკითხე”, რომელიც მთელი კვირის განმავლობაში გაგრძელდება:

“წინა კვირის განმავლობაში 100-ზე მეტი ანონიმური წერილი მივიღეთ. ყველაზე საინტერესო ის არის, რომ წერილები მხოლოდ ლგბტ თემის წარმომადგენლებისგან არ მიგვიღია, ისინი მათმა მხარდამჭერებმაც დაწერეს. წერილებში ადამიანები ყვებიან საკუთარ სასიყვარულო ისტორიებს, ერთმანეთს სიყვარულისკენ მოუწოდებენ, მოუწოდებენ ჰომოფობიის შეწყვეტისკენ იმიტომ, რომ ის კლავს. კვირის განმავლობაში კონვერტებში ჩადებული წერილები შემთხვევით შერჩეულ მისამართებზე გაიგზავნება”.

18 მაისს ერევანში გაიმართება პრესკონფერენცია “ბრძოლა ჰომოფობიის წინააღმდეგ სომხეთში. დაბრკოლებები და გამოწვევები”. ასევე, დაგეგმილია საუბრები სიამაყის კვირის საჭიროებაზე ლგბტ თემთან და მათ მხარდამჭერებთან.

აზერბაიჯანი

პირველად, 2014 წელს აზერბაიჯანში 17 მაისი ორგანიზაციამ Nefes LGBT Azerbaijan ნიდერლანდების საელჩოს მხარდაჭერით აღნიშნა.

“მაშინ აზერბაიჯანის ძირძველ ნაწილში, გობუსტანში ჩავედით. ეს იყო გზავნილი იმისა, რომ ლგბტ ისტორია ისეთივე ძველია, როგორც გობუსტანი. 17 მაისის აღნიშვნაში 2015 წელს ორგანიზაცია თავისუფალი ლგბტ შემოგვიერთდა. მათ სანაპიროზე “შაბათობა” მოაწყვეს. ჩვენ კი ლგბტ და ჰეტერო თემებს შორის ბოულინგში ჩემპიონატი და Queer Tea საუბრები მოვაწყვეთ, ასევე დავანთეთ სანთლები ქალაქ სუმგაითში.

ამ წელს ვერ ჩვენ და ვერც თავისუფალმა ლგბტ-მ, როგორც დაურეგისტრირებელმა ორგანიზაციებმა [არ გვარეგისტრირებენ], რაიმე ღონისძიების ჩასატარებლად საჭირო თანხები ვერ ვიშოვეთ. თუმცა მათ ანიმაციური რგოლი მაინც შექმნეს. მესამე ორგანიზაცია ქვეყანაში, გენდერი და განვითარება,, რამდენადაც ის ერთადერთი დარეგისტრირებული ორგანიზაციაა და სახელმწიფოსთან თანამშრომლობს, შეძლო ფინანსების მოძიება და ნიდერნალდების საელჩოს მხარდაჭერით დახურული ღონისძიება დაგეგმა”, – ამბობს გულნარა მეხტიევა, Nefes LGBT Azerbaijan-ის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი.

რაც შეეხება პრობლემებს, გულნარა მეხტიევა ამბობს, რომ ეს ძირითადად უკავშირდება  საზოგადოებაში არსებულ ჰომოფობიას – 2014 წელს გობუსტანში აზერბაიჯანის მეცნიერებათა აკადემიამ განაცხადა, რომ “ეს ძირიძველი ადგილი წივბილწეთ”.

“შესაბამისად, ღონისძიებების ჩატარება მხოლოდ დახურულ სივრცეებში შეგვიძლია. თუმცა ღია ივენთებს ვქმნით სოციალურ ქსელებში, ვქირაობთ ოფისებს ბიზნესცენტრებში და მსგავს შენობებში. პოლიცია არ ერევა”.

მასალების გადაბეჭდვის წესი