ახალი ამბები

დაკავებული ლგბტ აქტივისტების სასამართლო პროცესი გადაიდო

17 მაისი, 2016 • 1269
დაკავებული ლგბტ აქტივისტების სასამართლო პროცესი გადაიდო

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო ჭალიძის გადაწყვეტილებით,  17 მაისს დაკავებული ლგბტ აქტივისტების სასამართლო პროცესი გადაიდო.

დღეს მოსამართლე ჭალიძე განიხილავდა 7 აქტივისტის საქმეს, რომლებიც პოლიციამ 17 მაისს, გამთენიისას დააკავა ადმინისტრაციულ სამართალდარღვეთა კოდექსის 150-ე (სხვადასხვა სახის წარწერების თვითნებური შესრულება შენობათა ფასადებზე, ვიტრინებზე, ღობეებზე) და 173-ე (პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) მუხლებით.

პოლიციამ 10 აქტივისტი მაშინ დააკავა, როცა ისინი საპატრიარქოს შენობის ღობის კედელზე, ასევე რუსთაველის გამზირზე, წარწერების – “სიყვარული თანასწორია” გაკეთებას ცდილობდნენ. სამი მათგანი მხოლოდ ადმინისტრაციულ სამართალდარღვეთა კოდექსის 150-ე მუხლით დააკავეს, თუმცა ისინი დილით, 10:00 საათისთვის ხელწერილებით გაათავისუფლეს. ჯერ უცნობია, როდის გაიმართება მათი სასამართლო პროცესი. 7 დაკავებული დილიდან სასამართლოში გადაიყვანეს.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე პოლიციამ ვერ წარმოადგინა ვიდეომასალა, რაც დაადასტურებდა დაკავებულების მიერ მათთვის წინააღმდეგობის გაწევას.

ამას გარდა, დაკავების ოქმში მითითებულია, რომ თითქოს დაკავებულები ღებავდნენ ღობეს და თან წინააღმდეგობას უწევდნენ პოლიციელებს. დაცვის მხარის განცხადებით, ოქმში არ არის მითითებული კონკრეტული პირის/პირების სახელი და გვარი, ვინც გაუწია პოლიციას წინააღმდეგობა, რის გამოც ადვოკატმა მოითხოვა მოწმე პოლიციელების დაკითხვა.

სასამართლომ ერთი დაკავებულის პროცესი 30 მაისისთვის გადადო, ხოლო დანარჩენი ექვსის – 20 მაისისთვის. მანამდე კი ყველა დაკავებული სასამართლომ გაათავისუფლა. დღევანდელი პროცესის დაწყებამდე თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობის წინ დაკავებულთა მხარდამჭერი აქცია გაიმართა.

მასალების გადაბეჭდვის წესი