ახალი ამბები

ტრანსგენდერთა ხსოვნის დღე

20 ნოემბერი, 2011 • 1644
ტრანსგენდერთა ხსოვნის დღე

დღეს, 20 ნოემბერს,  ტრანსგენდერთა ხსოვნის საერთაშორისო დღე მსოფლიოში მეცამეტედ აღინიშნება. აღნიშნულ თარიღს წელს საქართველოშიც ეხმაურებიან: ასოციაცია “ლგბტ საქართველოს” ორგანიზებით გაიმართება აქცია, რათა პატივი მიაგონ იმ ტრანსგენდერებს, რომლებიც ტრანსფობია/ჰომოფიბიას ემსხვერპლნენ.

აქციის ფარგლებში ვაკის პარკში,  შადრევანთან შეკრება იგეგმება და სიმბოლურად ჰაერში ბუშტების გაშვება.

ტრანსგენდერ ევროპის (TGEU) ტრანს მკვლელობის პროექტის მონიტორინგის ფარგლებში გამოქვეყნებული  სტატისტიკის მიხედვით, 2011 წელს 221 ტრანს მკვლელობა მოხდა, 2008 წლის იანვირდან დღემდე კი 775 ტრანსგენდერი მოკლეს მსოფლიოს 51 ქვეყანაში.

ეს დღე არსებობს იმისთვის, რომ წუხილი გამოხატოს და გაიხსენოს ის ადამიანები, რომლებიც ტრანსგენდერთა წარმომადგენლების მიმართ  საზოგადოების განწყობების და სიძულვილის გამო ენითაუწერელი ძალადობის მსხვერპლი გახდნენ. ამ დღეს, ასევე, ყურადღებას ამახვილებენ აგრესიაზე, ჩაგვრასა და ძალადობაზე, რასაც საზოგადოება ტრანსგენდერთა მიმართ გამოხატავს.

ტრანსგენდერთა მკვლელობა მკვეთრად გამოხატული ძალადობის ფორმებით ხდება. კლარენს პატონი, ნიუ-იორკის  ლგბტ ანტიძალადობრივი კოალაციის პროგრამების აღმასრულებელი დირექტორი ამბობს, რომ სიძულვილზე დაფუძნებულ თავდასხმებში მეტი სისასტიკეა, ვიდრე სხვა ძალადობრივ აქტებში.

მისივე თქმით, „გარდა იმისა, რომ ეს ინდივიდზე თავდასხმაა, ეს, ასევე, თავდასხმაა საზოგადოებაზეც,და მკაფიო მესიჯებს გზავნის საზოგადოების შეშინების კუთხითაც“.

ტრანსგენდერთა ხსოვნის საერთაშორისო დღეს 1999 წლიდან აღნიშნავენ. ამ დღის დაარსების ინსპირატორი 1998 წელს, ცნობილი ამერიკელი ტრანსგენდერი ქალის, რიტა ჰესტერის საშინელი მკვლელობა გახდა.

რიტა ჰესტერი აქტიური ადამიანი იყო და კავშირები ჰქონდა ბოსტონის ტრანსგენდერთა და როკენროლის კლუბის წარმომადგენლებთან. რიტა 1998 წლის 28 ნოემბერს საკუთარ სახლში მოკლეს. როცა პოლიციამ მისი სხეული იპოვა, მკერდში დანით 20 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული.

ოფიციალურად ჰესტერის მკვლელობის მოტივი უცნობია, თუმცა საზოგადოება ამ მკვლელობას სიძულვილის დანაშულს უწოდებს. ამას ის სისასტიკეც ადასტურებს, რა ფორმითაც დანაშაული ჩაიდინეს და ის ფაქტი, რომ ბინიდან არაფერი წაუღიათ, რაც ნიშნავს, რომ მკვლელობა ძარცვის მოტივით არ მომხდარა.

რიტა კესტერის მკვლელობის 1 წლის თავზე, ტრანსგენდერთა საზოგადოებამ კესტერი სანთლებით გაიხსენეს, თანდათან აქციამ ფართომასშტაბიანი სახე მიიღო და ტრანსგენდერთა ხსოვნის საერთაშორის დღედ ჩამოყალიბდა.

2011 წელს ამერიკაში ჩატარებული სატელეფონო გამოკითხვით, 2 019 რესპონდენტმა დაადასტურა, რომ ტრანსგენდერერთა უფლებები დაცული უნდა იქნას და კანონის წინაშე ყველა თანასწორია.

ტრანსგენდერთა აქტივისტი სეკულარ და მორწმუნე თემებში, ჯემი ენ მეიერსი ამბობს, რომ  ტრანსგენდერთა ხსოვნის საერთაშორისო დღე აღინიშნება, როგორც მოკლულთა მოსაგონებლად, ისე იმ საზოგადოებისთვისაც, ვისაც ჯერ კიდევ შიში და სიძულვილი აქვს ტრანსგენდერთა მიმართ.

„ჩვენ უნდა ვიმუშაოთ ცნობიერების ამაღლებაზე, რომ ადამიანებმა გაიგონ, რას ნიშნავს გენდერული იდენტობა. ჩვენ ასე შევძლებთ ტრანსოფობიის დამარცხებას,“ – ამბობს ჯემი ენ მეიერსი.

ტრანსგენდერთა საერთაშორი დღის აღნიშვნა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაშია დაგგემილი, ამერიკის შეერთებული შტატებიდან დაწყებული ავსტრალიით დამთავრებული.

საქრთველოში ტრანსგენდერთა ხსოვნის დღეს ვაკის პარკში 17:00-დან 19:00 საათამდე აღნიშნავენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი