ახალი ამბები

ევროპარლამენტის რეზოლუციის აღსრულება რუსეთისთვის აუცილებელი არაა

18 ნოემბერი, 2011 • • 1261
ევროპარლამენტის რეზოლუციის  აღსრულება რუსეთისთვის აუცილებელი არაა

მოახდენს თუ არა ევროპარლამენტის რეზოლუცია გავლენას რუსეთის პოლიტიკაზე საქართველოს მიმართ და რა მნიშვნელობა აქვს რეზოლუციის შინაარსს საქართველოსთვის?

სტრატეგიული და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის მეცნიერ-თანამშრომელი და ევროპული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი კახა გოგოლაშვილი განმარტავს, რომ  ევროპარლამენტის რეზოლუცია პოლიტიკური დოკუმენტია, რომლის აღსრულებაც ვინმესთვის აუცილებელი არაა, მაგრამ ეს არის ევროპის ყველა პოლიტიკური ძალის მხრიდან პოლიტიკური ნებისა და პოზიციის ერთიანი დაფიქსირება.

ევროპარლამენტმა 17 ნოემბერს მიიღო რეზოლუცია საქართველოს შესახებ, რომელშიც სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი ოკუპირებულ ტერიტორიებად არის აღიარებული. ასევე რეზოლუცია უარყოფს ცალმხრივად აღიარებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას და მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს სამხედროები და დაუბრუნდეს 2008 წლამდე არსებულ ტერიტორიას.

“თვითონ რეზოლუციას არ შეუძლია აიძულოს, რა თქმა უნდა, ვინმე. უბრალოდ ევროპარლამენტის რეზოლუცია არის ძლიერი სიგნალი რუსეთისთვის. რომელიც, ჩემი შეფასებით, შეეცდება, რომ რაღაც სხვადასხვა ხერხებით ჯიქურ წავიდეს და ეძებოს გზები იმისათვის, რომ შემოირიგოს ევროპა. სანამ ევროკავშირის რეზოლუციის დებულებები არ გადავა უფრო ქმედით პოლიტიკაში, კერძოდ, ევროკავშირის საბჭოს მიერ გაკეთებულ განცხადებაში, ან წევრი სახელმწიფოების პარლამენტების მიერ რატიფიცირებულ პოლიტიკურ დეკლარაციებში, ან საკანონმდებლო აქტებში და არ აისახება პირდაპირ ევროკავშირის ოფიციალურ პოლიტიკაში, ამას რუსეთი არ გააკეთებს”, – განუცხადა “ნეტგაზეთს” გოგოლაშვილმა.

მისი შეფასებით, საქართველოს შესახებ მიღებულ ევროპარლამენტის რეზოლუციაში აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მისამართით დაფიქსირებულ ტერმინს”ოკუპაციას” ყოველთვის ექნება რუსეთისთვის შემახსენებელი ფაქტორი, რომ მან [რუსეთმა] უნდა დატოვოს ეს ტერიტორია.

“ამ ტერმინის, “ოკუპაციის” დაფიქსირება ევროპარლამენტის მიერ გამოიწვევს ამ ტერმინის დამკვიდრებას ევროკავშირის სხვა ინსტიტუტებში, წევრი სახელმწიფოების ოფიციალურ დოკუმენტებში. ეს არის მნიშვნელოვანი იმ თვალსაზრისით, რომ ტერმინ “ოკუპაციის” ტრანსფორმაცია სურდა რუსეთის მხარეს და მისი სხვა ტერმინებით ჩამოყალიბება.  ანუ ამ შემთხვევაში ტერმინოლოგიურ ტრანსფორმაციას ადგილი არ აქვს და ეს ტერმინი ყოველთვის იქნება შემახსენებელი, რომ რუსეთმა უნდა დატოვოს ეს ტერიტორია. ევროკავშირი არასდროს არ აღიარებს სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთს, და საბოლოოდ ეს გახდება ყოველთვის რუსეთზე ზეწოლის საგანი,” – აღნიშნავს გოგოლაშვილი.

კონფლიქტოლოგი კავკასიის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილი არ განიხილავს აღნიშნულ რეზოლუციას, როგორც კონკრეტულ სამოქმედო გეგმას, რუსეთთან და საქართველოს კონფლიქტურ რეგიონებთან მიმართებაში. მისი შეფასებით, ამ რეზოლუციით სწორი პოზიცია დაფიქსირდა, თუმცა არც რუსეთია ვალდებული შეასრულოს რეზოლუციის პირობები და არც საქართველო უნდა ელოდეს, რომ მარტო ამ რეზოლუციით მიაღწევს კონკრეტულ შედეგს.

“თავისთავად ეს რეზოლუცია არაფერი არაა და დაწერილია ევროკავშირის სტრუქტურებისთვის.  ეს უკვე მეორე რეზოლუციაა, რომლითაც ევროპარლამენტი თავის მთავრობას– ამ შემთხვევაში ბაროზოს, რომპელსა და ეშტონს– მოუწოდებს, რუსეთთან აწარმოონ მოლაპარაკებები იმის გათვალისწინებით, რომ მოხდეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე სიტუაციის განმუხტვა და შესრულდეს ექვსპუნქტიანი შეთანხმება. ეს რეზოლუცია ჯერ ევროკავშირის მთავრობასაც არ მიუღია, როგორც სამოქმედო გეგმა. ასე რომ, არც რუსეთია ვალდებული, შეასრულოს რეზოლუცია, და არც საქართველოს უნდა ჰქონდეს იმედები, რომ ამით რაიმე გამოვა, გარდა იმისა, რომ სწორი პოზიციაა დაფიქსირებული. მაგრამ მე მოქმედებებს არ ველი,” – აღნიშნავს ზაქარეიშვილი.

ზემოთ თქმულის საილუსტრაციოდ ზაქარეიშვილს მსოფლიოში დამკვიდრებულ ტერმინ “ოკუპაციის”, როგორც საერთაშორისო ურთიერთობების პრაქტიკაში მიღებული ტერმინის, მაგალითები მოყავს და აღნიშნავს, რომ მხოლოდ ეს ტერმინი ვერ მოახდენს დეოკუპაციას.

“შეგახსენებთ, რომ 40 წელზე მეტია ისრაელს ოკუპირებული აქვს პალესტინა და ყველა რეზოლუციაში წერია ეს. თურქეთს 30 წელია ოკუპირებული აქვს ჩრდილოეთ კვიპროსი, ევროკავშირის სახელმწიფო ჰყავს ოკუპირებული თურქეთს. ევროკავშირი თავის ტერიტორიაზე არსებულ ოკუპაციასაც კი ვერ უმკლავდება, თუ კონფლიქტურმა მხარეებმა ვერ მოაგვარეს ურთიერთობები.

შესაბამისად, ტერმინ “ოკუპაციის” ხშირად თქმით დეოკუპაცია არ მოხდება. ანუ სხვა მოქმედებებიცაა საჭირო. მსოფლიოში ამის ნათელი მაგალითებიც გვაქვს, როდესაც საქმე რეზოლუციებს იქით არ მიდის, თუ მოწინააღმდეგე მხარეებმა გარდა ტერმინების დამკვიდრებისა, სხვა რამ ღონისძიება არ განახორციელეს,” – აღნიშნავს ზაქარეიშვილი.

ის ასევე ამახვილებს ყურადღებას იმ ფაქტზეც, რომ მსგავსი რეზოლუცია საქართველოსთან დაკავშირებით ევროპარლამენტმა ადრეც მიიღო.

“ამ რეზოლუციას ისეთივე ძალა აქვს, რა ძალაც ჰქონდა ევროპარლამენტის რეზოლუციას 2011 წლის 20 იანვარს. მე არ მესმის აჟიოტაჟი იმაზე, რაც ხდება. იმიტომ, რომ ევროპარლამენტმა უკვე მიიღო რეზოლუცია, სადაც “ოკუპაცია” წერია. ასეთი მოკლე მეხსიერება თუ ექნებოდა ქართულ საზოგადოებას, ნამდვილად არ მეგონა, იმიტომ, რომ ხელისუფლების პოზიცია გასაგებია, ერთი და იგივე წარმატებას ერთხელაც და ათჯერაც შემოგვასაღებს. ასე რომ, ზუსტად ის ძალა ექნება ამ რეზოლუციას, რა ძალაც ჰქონდა პირვანდელ რეზოლუციას. ანუ არსებითთან ამ რეზოლუციას ძალა არაფრის აქვს, გარდა იმისა, რომ რუსეთმა იცის, რომ ევროკავშირი საქართველოს მხარესაა. რაც ცუდი არაა, კარგია,” – აღნიშნავს ზაქარეიშვილი.

ექსპერტები რუსეთში პრეზიდენტად ვლადიმერ პუტინის მოსვლასა და ევროპის მტკიცე  პოლიტიკური პოზიციის დაფიქსირებას შორის პირდაპირ კავშირს ვერ ხედავენ, თუმცა აღნიშნავენ, რომ ევროპა საკუთარი ნების მყარად დაფიქსირებას ცდილობს.

“არ ვიცი, ეს რეზოლუცია რამდენად დაკავშირებულია პუტინის შესაძლო პრეზიდენტის ამპლუაში ხელმეორედ მოსვლასთან, მაგრამ აშკარაა, რომ ევროპარლამენტი ამით თავისი ნების მყარად ფიქსირებას ცდილობს. ასევე, ამან გამოამჟღავნა ის, რომ დათმობების ლიმიტი, რომელზედაც ევროპა აქამდე შეგნებულად მიდიოდა,  რუსეთისთვის რომ მიეცა საშუალება, უფრო ადვილად გამოსულიყო ამ სიტუაციიდან, ამოწურულია. რადგანაც რუსეთმა არავითარი ნება არ გამოამჟღავნა, საბოლოო ჯამში ევროპარლამენტმა დაარქვა ყველაფერს თავისი სახელი,” – აღნიშნავს გოგოლაშვილი.

ზაქარეიშვილის შეფასებით კი, ევროკავშირს უკან არ დაუხევია და დღეს თუ ვინმე იქცევა ღირსეულად, ეს პირველ რიგში ევროკავშირია.

“ევროკავშირი ცალსახად და მტკიცედ გამოხატავს თავის პოზიციას. ჯერ ეს ერთი, ევროკავშირი რომ არ ყოფილიყო ომის დღეებში, ჩვენ ცუდ დღეში აღმოვჩნდებოდით. ევროკავშირი ჩაერთო და სარკოზიმ, როგორც ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის პრეზიდენტმა, ბევრი რამ გააკეთა და მიაღებინა პუტინს ის ექვს უნტქიანი შეთანხმება, რომელსაც არ ასრულებს. ევროკავშირს უკან არასოდეს დაუხევია. თუ იქცევა ღირსეულად ვინმე, პირველ რიგში, ეს ევროკავშირია ომის დაწყების დღიდან,” – განაცხადა ზაქარეიშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი