ახალი ამბები

რესპუბლიკური პარტია ევროპარლამენტის რეზოლუციას ეხმაურება

18 ნოემბერი, 2011 • 1045
რესპუბლიკური პარტია  ევროპარლამენტის რეზოლუციას ეხმაურება
საქართველოს რესპუბლიკური პარტია ევროპარლამენტის რეზოლუციას გამოეხმაურა.
“ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური მოვლენაა, როდესაც ევროპის უმაღლეს ორგანოში – ევროპარლამენტში – კიდევ ერთხელ დასტურდება რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია, ეთნიკური წმენდა და დემოგრაფიული ვითარების ძალადობრივად შეცვლა, გაისმის მოთხოვნა რუსეთის ხელისუფლების მიმართ, რათა მან უპირობოდ შეასრულოს 2008 წ. 12 აგვისტოს შეთანხმება და გაიწვიოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ცალმხრივი აღიარება”, ნათქვამია რესპუბლიკური პარტიის მიერ 18 ნოემბერს გავრცელებულ განცხადებაში.
ევროპარლამნეტმა 17 ნოემბერს დაამტკიცა რეზოლუცია საქართველოს შესახებ. აღნიშნულ რეზოლუციას მხარი 527–მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი 23 იყო.  ევროპარლამენტის რეზოლუციაში სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი ოკუპირებულ ტერიტორიებად არის აღიარებული. ასევე რეზოლუცია უარყოფს ცალმხრივად აღიარებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას და მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს სამხედროები და დაუბრუნდეს 2008 წლამდე არსებულ ტერიტორიას.
რეზოლუციაში არანაკლები ყურადღება აქვს დათმობილი საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებას, მედიის თავისუფლებას, ასევე პოლიტიკურ პარტიებს შორის დიალოგის გაძლიერებას.
რესპუბლიკელებს მიაჩნიათ, რომ ევროპარლამენტის 2011 წ. 17 ნოემბრის რეზოლუციაში ობიექტურად აისახა საქართველოში არსებული ვითარება, “მართებულად ჩამოყალიბდა მოთხოვნები ქვეყნის ხელისუფლების მიმართ, როგორიცაა:
  • დაუყოვნებლივ მიიღოს ეფექტური ზომები ადვოკატების შეურაცხყოფისა და ცემის ფაქტების გამოიძიებისათვის;
  • შეწყვიტოს პოლიტიკურად მოტივირებული დევნა და დასაჯოს დამნაშავეები;
  • უზრუნველყოს მედიის თავისუფლება, პლურალიზმი და გამოხატვის თავისუფლება; ამ მიზნით: ა) საშუალება მისცეს მედიას, პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის გარეშე დამოუკიდებლად და ობიექტურად წარმართოს საკუთარი საქმიანობა; ბ) ჩაებას კონსტრუქციულ დიალოგში პოლიტიკურ ოპოზიციასთან,
  • პრიორიტეტული მნიშვნელობა მიანიჭოს სასამართლო რეფორმას მისი სრული დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად, რათა აღმოიფხვრას ადამიანის უფლებების, საკუთრების უფლებების და პოლიტიკური უფლებების შელახვა;
  • გააუმჯობესოს პირობები თავისუფლების აღკვეთის ადგილებში;
  • შექმნას სათანადო პირობები ბიზნესისა და ინვესტიციებისთვის, უზრუნველყოს კანონის უზენაესობა;
  • შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოიყვანოს შრომითი უფლებები და სტანდარტები”.

“აშკარა და მისასალმებელია, რომ ევროპარლამენტი ყურადღებით ადევნებს თვალყურს საქართველოში მიმდინარე პროცესებს და ამახვილებს ყურადღებას არა მხოლოდ ქრონიკულად ქცეულ პრობლემებზე, არამედ ბოლო თვენახევრის მანძილზე პოლიტიკურად მოტივირებული დევნის შემთხვევებზეც, რასაც სათანადო რეაქცია უნდა მოჰყვეს როგორც ხელისუფლების, ისე საზოგადოების მხრიდან”, – აღნიშნავენ რესპუბლიკები.

მასალების გადაბეჭდვის წესი