ახალი ამბები

ევროპარლამენტი სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთს ოკუპირებულ ტერიტორიებად მოიხსენიებს

18 ნოემბერი, 2011 • • 1119
ევროპარლამენტი სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთს ოკუპირებულ ტერიტორიებად მოიხსენიებს
ევროპარლამნეტმა დაამტკიცა რეზოლუცია საქართველოს შესახებ. აღნიშნულ რეზოლუციას მხარი 527–მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი 23 იყო.

ევროპარლამენტის რეზოლუციაში სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი ოკუპირებულ ტერიტორიებად არის აღიარებული. ასევე რეზოლუცია უარყოფს ცალმხრივად აღიარებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას და მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს სამხედროები და დაუბრუნდეს 2008 წლამდე არსებულ ტერიტორიას.

რეზოლუცია ასევე მიესალმება აღნიშნული საკითხის გადაწყვეტას ჟენევის მოლაპარაკებათა ფორმატში, რომელშიც სამი მნიშვნელოვანი საერთაშორისო ორგანიზაცია – EU, OSCE, UN– იღებს მონაწილეობას. თუმცა გამოთქვამს შეშფოთებას იმის გამო, რომ ჯერჯერობით კონკრეტული შედეგი მიღწეული არ არის.

რეზოლუციაში არანაკლები ყურადღება აქვს დათმობილი საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებას, მედიის თავისუფლებას, ასევე პოლიტიკურ პარტიებს შორის დიალოგის გაძლიერებას.

ევროპარლამენტის რეზოლუცია ასევე მოუწოდეს საქართველოს ხელისუფლებას, პოლიტიკურად მოტივირებული სასამართლო პროცესები გამოიძიონ და აღკვეთონ პოლიციელთა მხრიდან ადვოკატებზე ზეწოლის ფაქტები.

რეზოლუცია ბიძინა ივანიშვილის მოქალაქეობის საკითხსაც განიხილავდა. მაგრამ ამ მიმართულებით შესწორება მოხდა. შესწორების ავტორი ავსტრიელი დეპუტატი ჰანეს სვობოდაა. ის ივანიშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევას პოლიტიკურ ზეწოლად აფასებს, თუმცა დაძაბულობისა და გაუგებრობების თავიდან აცილების მიზნით შესწორების თავდაპირველი ტექსტიდან ბიძინა ივანიშვილის გვარი ამოიღეს.

“ახალ ვერსიაში არ დავასახელებთ კონკრეტულ სახელს, რადგან ეს შესაძლოა არასწორად იქნას გაგებული – თითქოს ჩვენ რომელიმე კონკრეტულ პიროვნებას ვუჭერდეთ მხარს,” – აღნიშნა სვობოდამ.

აღნიშნული რეზოლუციის კანონპროექტის ავტორი პოლონელი დეპუტატი კშიშტოფ ლიზეკია.

მასალების გადაბეჭდვის წესი