ახალი ამბები

ბიძინა ივანიშვილის პრესკონფერენციის ძირითადი აქცენტები

17 ნოემბერი, 2011 • • 1032
ბიძინა ივანიშვილის პრესკონფერენციის ძირითადი აქცენტები
დღეს რეგიონული მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ბიძინა ივანიშვილმა რამდენიმე  საკითხზე ისაუბრა.  კითხვები შეეხებოდა რუსეთ–საქართველოს სამომავლო ურთიერთობებს, მოქალაქეობის საკითხს, ქუთაისში პარლამენტის გადატანას, ნინო ბურჯანაძესთან თანმშრომლობას, საფონდო დახმარებებს, პენსიას, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსს.

ივანიშვილის განცხადებით, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მისი გუნდის მთავარი მიზანი რუსეთთან ურთიერთობების დალაგება იქნება, თუმცა საქართველოსთვისთვის ”ძირეული საკითხების გვერდზე გადადებასაც” არ აპირებს.

“ჩვენ მოსვლისთანავე დავიწყებთ რუსეთთან ურთიერთობების დალაგების მცდელობას.  ჩვენ სტაგნირებულ პოზიციას მყისიერად დავძრავთ ადგილიდან. რა დრო დაგვჭირდება? ძალიან რთულია დღეს ამის ანალიზი. მაგრამ ერთი ცხადია, ეს არ მოხერხდება, სანამ სააკაშვილი არის სათავეში. ილუზია არ მაქვს, რომ ეს მალე მოხდება. ვაცნობიერებ,  რომ ძალიან რთული მოლაპარაკებები გველის წინ, მაგრამ შეუძლებელი არაფერია,” – აღნიშნა ივანიშვილმა.

ივანიშვილი პრესკონფერენციაზე მოქალაქეობის საკითხსაც შეეხო და არ გამორიცხა, რომ შესაძლოა, მისი დეპორტაციის საკითხიც დაისვას.

“ხვალ ჩემი ადვოკატები აპირებენ განცხადების შეტანას, რომელიც პრინციპში წინააღმდეგობაში მოდის იმ სასამართლო საჩივართან, რომელიც შეტანილი გვაქვს უკვე მოქალქეობის ჩამორთმევასთან დაკავშირებით. ჩვენი სასამართლოდან გამომდინარე, ეს საქმე რამდენ ხანსაც უნდათ, იქამდე გაჭიანურდება და დაუსრულებელი შეიძლება იყოს ეს პროცესი. ახლა შეგვაქვს მოთხოვნაზე მოქალაქეობის მინიჭების თავიდან უზრუნველსაყოფად. რუსეთის პასპორტი უკვე ჩავაბარე, მაგრამ ეს პროცესი დიდხანს ჭიანურდება, სანამ რუსეთის მოქალაქეობას ჩამომართმევენ. მაგრამ ჩვენი მხრიდან ეს უკვე მოხდა. მხოლოდ საფრანგეთის პასპორტით ვსარგებლობ დღეს. მოგეხსენებათ, ევროსაბჭოში უკვე განიხილება ჩემი მოქალაქეობის ჩამორთმევის საკითხიც და სასიამოვნოა, რომ ასე მყისიერად მოხერხდა ევროპის რეაქცია სააკაშვილის უკანონო ქმედებაზე. თუ ის არ აღმიდგენს მოქალაქეობას, ეს ერთი-ორი პროცენტით შეცვლის ვითარებას. ამით დიდად არაფერი შეიცვლება. ჩვენ ჩამოვაყალიბებთ პარტიას, იქ იქნება ცენტრი, მოვახერხებთ პოლიტიკური სპექტრის კონსოლიდაციას და ქართველ მოსახლეობასაც კარგად ვაჩვენებთ, თუ ვის უნდა მისცენ ხმა,” – აღნიშნავს ივანიშვილი.

პრესკონფერენციაზე ქუთაისში პარლამენტის გადატანის თაობაზეც დაისვა კითხვა, რაზეც ივანიშვილმა განაცხადა, რომ სააკაშვილმა მენეჯემენტი და მმართველობა არ იცის.

“ქუთაისის სტატუსს რაც შეეხება, ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს, როგორი გაუგებარია სააკაშვილი მენეჯმენტში. ის ძალიან ბევრ რამეს აკეთებს აბსოლიტურად გაუგებრად და გაუცნობიერებლად. ქუთაისს როგორ განავითარებს პარლამენტი, ამას საპირისპირო შედეგები ექნება. არც ერთ სახელმწიფოში არ ხდება ასეთი ცენტრალიზებული ორგანოების რეგიონებში გადატანა. ეს არ არის რეგიონებისთვის საშველი. ერთადერთი საშველი ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლირება და განვითარებაა. უნდა მოხდეს სწორი ეკონომიკური და პოლიტიკური გათვლებით რეგიონების განვითარება,” – აღნიშნა ივანიშვილმა.

რას ფიქრობთ პენსიებთან დაკავშირებით? სააკაშვილის განცხადებით, 100 დოლარი იქნებოდა პენსია. თქვენი მმართველობის პირობებში, როგორ წარმოგიდგენიათ, რამდენი უნდა იყოს პენსიის ოდენობა?

“რა თქმა უნდა, მე ვერ მოგახსენებთ, დღეს რამდენი უნდა იყოს პენსია. ის ვიცი, რომ ასეთი მწირი არ უნდა იყოს. მაგრამ ვაცნობიერებ, ჩვენი მოსვლისთანავე როგორი ბიუჯეტი დაგვხვდება. ბიუჯეტის შესაძლებლობები უნდა გავაცნობიეროთ. საოცრებები ვერ მოხდება, მე ვერ გავაკეთებ ცრუ დაპირებებს. ვფიქრობ, დაგვხვდება ძალიან ცუდი ბიუჯეტი. კონკრეტულად ვერ მოგახსენებთ. ვიცი, თუ რამდენი უნდა იყოს და რამდენი იქნება მომავალში. უნდა იყოს იმდენი, რომ მათ [პენსიონერებს] შეეძლოთ თავის ელემენტარული პირობები დაიკმაყოფილონ. კონკრეტული პენსიის რაოდენობაზე ვერ მოგახსენებთ,” – განაცხადა ივანიშვილმა.

რა კრიტერუმით ხელმძღვანელობთ საქველმოქედო საქმიანობისას? ჰკითხა ბიძინა ივანიშვილს კახეთის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელმა:

“კრიტერიუმი არსებობდა ასეთი, ვისაც ქვეყნის წინაშე განსაკუთრებული დამსახურება აქვს, რომელიც მაქსიმალურად მიახლოებულია ობიექტურთან, მათ ვაფინანსებდით. რაც შეეხება იმას, რომ ისინი არ არიან ღარიბნი და მათ დახმარების გარეშეც შეუძლიათ არსებობა, ფონდს ხელი არავისთვის არ ამოუგრეხია. ყოველწლიურად ხდება განცხადებების დაწერა დახმარებების მიღებისთვის. რაც შეეხება იმ მოსაზრებას, უფრო გაჭირვებულებს რატომ არ ვეხმარებით, თუ კარგად გადაავლებთ თვალს, ნახავთ, რომ თანხების მიხედვით გაჭირვებულებზე იხარჯება გაცილებით მეტი, ვიდრე წარმატებულ ადამიანებზე. მსგავსი პროექტებიდან მინდა ერთი გამოვყო.

მე პირადად მქონდა სურვილი, რომ ქვეყნის მასშტაბით ყველა კუთხიდან გაჭირვებულებისათვის სამედიცინო დახმარების აუცილებლობა ყოფილიყო ამ ქვეყანაში. ამისათვის  სამედიცინო მომსახურება უნდა  გამხდარიყო  უფასო, ეს იყო გათვლილი იმ ადამიანებზე, ვისაც მკურნალობის საშუალება არ ჰქონდა. გერმანულ კომპანიასთან ერთად შეიქმნა პროექტი, რომლის საფუძველზეც რესპუბლიკური საავადმყოფოს რეაბილიტაცია და ახალი შენობის მშენებლობა იგეგმებოდა.  რესპუბლიკური საავადმყოფოს ძველ შენობაში სამედიცინო უნივერსიტეტი, ხოლო მეორე შენობაში კლინიკა უნდა განთავსებულიყო. ეს ყველაფერი ხორციელდებოდა სააკაშვილის თანხმობით, თუმცა მშენებლობის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე მოხდა ის, რომ მძიმე წონოსანი ეკონომიკის მინისტრის ჩარევით, როგორც სააკაშვილმა მითხრა, გამოირიცხა ამ პროექტის შესრულება, რადგან არ შეიძლება ქვეყანაში რესპუბლიკური საავადმყოფო უფასო იყოსო და რომ ეს საზოგადოებაში კითხვებს გააჩენდა და კერძო კლინიკების გაკოტრებას გამოიწვევდა. ამაში გარკვეულწილად ვეთანხმები, თუმცა ის ადამიანები, ვისზეც ჩვენი პროექტი იყო გათვლილი, მაინც ვერ შეძლებდნენ კერძო კლინიკებში მკურნალობას. აღნიშნული პროექტი დღესაც გაჩერებულია,” – აღნიშნა ივანიშვილმა.

როგორ აპირებთ ეროვნული უმცირესობების მხარდაჭერის მოპოვებას?

“უნდა მოხდეს მათი მაქსიმალური ინტეგრაცია საქართველოს მოსახლეობასთან. უნდა მოვახერხოთ ქართული ენის სწავლის მხრივ დახმარება. მე ვიცი, როგორი გაღიზიანებულები არიან მესხეთ–ჯავახეთისა და სხვა ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებიც იმ დამოკიდებულებით, რასაც დღევანდელი მთავრობა ახერხებს. ჩვენ უნდა მოვახერხოთ მათი სოციალიზაცია და ინტეგრაცია ქართულ საზოგადოებაში,” – განუცხადა ჟურნალისტებს ივანიშვილმა.

ის ასევე შეეხო ბურჯანაძესთან შესაძლო თანამშრომლობის საკითხს და აღნიშნა, რომ   ნინო ბურჯანაძესთან გარკვეული ურთიერთობით თანამშრომლობას არ გამორიცხავს.

“ვადასტურებ, რომ უნდა შევძლოთ ყველა ოპოზიციურ ძალასთან თანმშრომლობა, არათუ ბურჯანაძე, ნებისმიერი ქართველი არ უნდა დარჩეს ყურადღების გარეშე. ჩვენ ყველა ქართველს გავუწვდით ხელს აღმშენებლობის განხორციელებისათვის. ჩვენ მოვედით არა დასამარცხებლად, არამედ ქვეყნის გასამარჯვებლად. ამაში წვლილი უნდა შეიტანოს თითოეულმა ქართველმა. ბურჯანაძე ვერ იქნება გამონაკლისი, კონკრეტული თანამშრომლობა ბურჯანაძესთან, ესეთი გეგმა არ მაქვს. მასთან არსებობს ბევრი კითხვა, მაგრამ შესაძლებლობა, რომ ამ ქალბატონმა კითხვებზე გასცეს პასუხი და საქართველოს აჩვენოს ის პოზიცია, რაც საქართველოს მოსახლეობას მოსწონს, ამის შემდეგ უნდა გავხადოთ გარკვეული ურთიერთობები შესაძლებელი,” – აღნიშნა ივანიშვილმა.

პრესკონფერენციაზე კითხვა ასევე შეეხო აჭარის ავტონომიის სტატუსსაც. ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში რა ელოდება აჭარის ავტონომიას, გააუქმებთ, თუ დატოვებთ მას იმ ფარგლეში, რაც დღეს არის, ან შექმნით იმ უფლებებს, რაც მას კონსტიტუციურად ეკუთვნის?

“მე არ უნდა გადავწყვიტო, იქნება თუ არა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა, ეს უნდა გადაწყვიტოს აჭარის მოსახლეობამ. რაც შეეხება იმ ავტონომიას, რაც დღეს ქაღალდზეა და ფაქტიურად არანაირი უფლებები არ აქვს, აუცილებლად უნდა მოხდეს ძირითადი აქცენტის გადატანა ადგილობრივ თვითმმართველობებზე და ეს პირველ რიგში აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას უნდა დაუბრუნდეს და განახორციელოს ის რეალური უფლებები, რაც მას ეკუთვნის კონსტიტუციით,” – განაცხადა ივანიშვილმა.

რეგიონული მედიის წარმომადგენლის შეკითხვებს ივანიშვილი 15:00-დან 17:00 საათამდე პასუხობდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი