ახალი ამბები

ილია II ოჯახთა მსოფლიო კონგრესზე: ოჯახი ღვთისგან დადგენილი ინსტიტუტია

16 მაისი, 2016 • 2348
ილია II ოჯახთა მსოფლიო კონგრესზე: ოჯახი ღვთისგან დადგენილი ინსტიტუტია

თბილისში, ოჯახების მეათე მსოფლიო კონგრესზე პატრიარქი ილია მეორე მივიდა და განაცხადა, რომ ოჯახი ღვთის დადგენილი ინსტიტუტია და არა ქალისა და კაცის შემთხვევითი შეხვედრა.

ილია მეორის თქმით, კაცობრიობა დღეს დგას მრავალი პრობლემის წინაშე, რადგან გადადგმულია უზარმაზარი ნაბიჯები მეცნიერებასა და ტექნიკაში, მაგრამ, ამავე დროს, ზნეობაში ბევრი ნაბიჯი უკანაა გადადგმული.

“კონგრესი ოჯახის შესახებ, ეს არის მნიშვნელოვანი მოპოვება. როგორც ამბობს ერთ-ერთი ინდური ლექსი- “დაცარიელდა სიყვარულის დარბაზი”. მართლაც დეფიციტია სიყვარულისა. ოჯახმა დაკარგა ის თავისი მნიშვნელობა, რომელიც უნდა ჰქონდეს მას. ოჯახი არის ღვთის მიერ დადგენილი ინსტიტუტი და ოჯახი არის ფუძე კაცობრიობის არსებობისა, სახელმწიფოს კეთილდღეობისა და სიმტკიცისა. ოჯახი არ არის შემთხვევითი შეხვედრა მამაკაცისა და ქალისა, ეს არის კანონიერი კავშირი ქალსა და მამაკაცს შორის. ამას ძალიან დიდი ყურადღება სჭირდება, ეს არ უნდა დაკარგოს კაცობრიობამ”, – განაცხადა ილია მეორემ “მაესტროს” პირდაპირი ეთერითი.

ოჯახების მსოფლიო კონგრესი თბილისში 16 მაისს დაიწყო და 18 მაისამდე გაგრძელდება. ოჯახების მსოფლიო კონგრესის (WCF) შესარჩევმა კომიტეტმა გადაწყვეტა, რომ თბილისი 2016 წლის 16-18 მაისს კონგრესის ყოველწლიურ, მეათე შეკრებას უმასპინძლოს.

კონგრესს დაესწრო “დემოკრატიული მოძრაობა -ერთიანი საქართველოს” ლიდერი ნინო ბურჯანაძე. ხოლო საპარლამენტო უმრავლესობიდან – “ქართული ოცნების წევრი ზაქარია ქუცნაშვილი.

საქართველოს მასპინძელ ქვეყნად წარდგენის ინიციატივა დემოგრაფიული აღორძინების ფონდის მმართველს, ბიზნესმენ ლევან ვასაძეს ეკუთვნის. მან დღეს, 16 მაისს განაცხადა, რომ კონგრესს 200-მდე უცხოელი დელეგატი და 2 ათასამდე ქართველი დელეგატი ესწრება.

ვასაძის განცხადებით, კონგრესის მთავარი თემებია ოჯახი, დემოგრაფია, ფსიქოლოგია. ბიოეთიკა, სქესობრივი ეთიკა.

ილია მეორე ოჯახების მსოფლიო კონგრესზე. ფოტო: ტელეკომპანია მაესტროს კადრი.

ილია მეორე ოჯახების მსოფლიო კონგრესზე. ფოტო: ტელეკომპანია მაესტროს კადრი.

მასალების გადაბეჭდვის წესი