ახალი ამბები

ივანიშვილმა სოფლის მეურნეობასა და თვითთმმართველობაზე იასუბრა

17 ნოემბერი, 2011 • • 1016
ივანიშვილმა სოფლის მეურნეობასა და თვითთმმართველობაზე იასუბრა

ბიძინა ივანიშვილი
ბიძინა ივანიშვილი

ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, სოფლის მეურნეობის განხრით მის გუნდს კონკრეტული მიმართულებები და გეგმები აქვს. ამის შესახებ მან 17 ნოემბერს რეგიონული ჟურნალისტებისთვის გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

“პირველ რიგში, სოფლის მეურნეობის მდგრადი განვითარების პრინციპებზე დაყრდნობით სასურსათო პროგრამა უნდა გაძლიერდეს, რათა ქვეყანამ საკუთარი მოსახლეობის ჯანსაღი პროდუქციით უზრუნველყოფა შეძლოს. ეს არის ევროპული ქვეყნების ქარტიაც და ყველა ქვეყანა ცდილობს, რომ საკუთარი მოქალაქეები ჭარბი და შესატყვისი, კარგი თვისებების მქონე პროდუქტებით უზრუნველყოს. მე გლეხის ოჯახში დავიბადე და ამიტომაც უფრო მეტად განვიცდი გლეხის შრომას. სადღეისოდ საქართველოში ყველა გლეხი შეჭირვებულ მდგომარეობაში იმყოფება. სოფელი დახმარებას საოცრად საჭიროებს. მე დღემდე ვერ გამიგია, რატომ არ დაინტერესდა ჩვენი ამჟამინდელი ხელისუფლება 2004 წელს ჩემი შეთავაზებით, როდესაც მე აგრარული სექტორისთვის დაფინანსებას ვთავაზობდი და შემდეგ წლებში ამ ინვესტიციის გაზრდას ვპირდებოდი. ჩვენს გუნდს აქვს გაწერილი პროგრამა, რომლის განხორციელებასაც დავიწყებთ,” – განაცხადა ივანიშვილმა.

მისივე განცხადებით, პირველ ეტაპზე საჭიროა საფინანსო წყაროების მოძიება სოფლის მეურნეობაში.

“პირველ ეტაპზე უნდა მოხდეს საფინანსო წყაროების გაჩენა. დაფინანსების წყაროები უნდა გაჩნდეს. უნდა იყოს გლეხისთვის შეღავათიანი კრედიტების აღების შესაძლებლობა. ამის შემდეგ აუცილებელი პირობაა, რომ გლეხს დავეხმაროთ ახალი კულტურების ჩამოტანის საკითხებში, ასევე უნდა დავეხმაროთ საშენი და სახორცე პირუტყვის შერჩევასა და შემოყვანაში. უნდა ხდებოდეს სამუშაობის ზრდა და გლეხმა უნდა იცოდეს, სად წაიღოს მოწეული ჭირნახული. დღევანდელი ჩვენი პროდუქტი შიდა ბაზარსაც ვეღარ აკმაყოფილებს, რაც კატასტროფაა. ასევე სარწყავი და სადრენაჟო სისტემები უნდა მოვიდეს წესრიგში,” – აღნიშნა ივანიშვილმა.

მისივე განცხადებით, ყველაფერი ზემოთ თქმულის წინაპირობა ადგილობრივი თვითმმართველობების გაძლიერებაა.

“ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლირების კუთხით უნდა მოხდეს მმართველობის გადაცემა. ასევე უნდა მოხდეს პოლიტიკური რეალური არჩევნების გზით საკრებულოების არჩევა. დეცენტრალიზაცია ამ მიმართულებით აუცილებელია,” – განაცხადა იავანიშვილმა რეგიონულ მედიასთან შეხვედრისას.

მასალების გადაბეჭდვის წესი