ახალი ამბები

პარლამენტში ე.წ. გერმანულ საარჩევნო მოდელზე კანონპროექტი შევიდა

16 მაისი, 2016 • 1291
პარლამენტში ე.წ. გერმანულ საარჩევნო მოდელზე კანონპროექტი შევიდა

“რესპუბლიკური პარტია” პარლამენტს საკანონმდებლო ინიციატივით მიმართავს, რომლის მიხედვით შერეული (პროპორციული და მაჟორიტარული) საარჩევნო სისტემის ფარგლებში იცვლება მანდატების განაწილების წესი. შესაბამისი კანონპროექტი ვახტანგ ხმალაძემ მომზადა.

„საქართველოს საარჩევნო კოდექსში“  ცვლილების შეტანის შესახებ მომზადებული კანონპროექტის თანახმად,  პარტიის/საარჩევნო ბლოკის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობა ტოლია მაჟორიტარული წესით მისი წარდგენით არჩეული პარლამენტის წევრებისა და მისი პარტიული სიისთვის ამ მუხლით დადგენილი წესით მიკუთვნებული მანდატების რაოდენობათა ჯამისა.

კანონპროექტის თანახმად,   საარჩევნო ბარიერის გადამლახავი  პარტიის/საარჩევნო ბლოკის კუთვნილი მანდატების რაოდენობა გამოითვლება ფორმულით:

Ni = Mi x (150-P):M რიცხვის მთელი ნაწილი, სადაც Mi არის ამ პარტიის/საარჩევნო ბლოკის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა, P – მაჟორიტარული სისტემით იმ სუბიექტთა წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრთა რაოდენობა, რომლებმაც ვერ გადალახეს საარჩევნო ზღურბლი, ხოლო M – იმ სუბიექტთა მიერ მიღებული ხმების ჯამი, რომლებმაც გადალახეს საარჩევნო ზღურბლი.

თუ პარტიების/საარჩევნო ბლოკების კუთვნილი მანდატების რაოდენობათა ჯამი (150-P)-ზე ნაკლები აღმოჩნდა, გაუნაწილებელი მანდატებიდან თითო მანდატი დამატებით მიეკუთვნებათ იმ პარტიებს/საარჩევნო ბლოკებს, რომლებსაც ზემოაღნიშნული Ni-ის გამოთვლისას მეტი ნაშთი აქვთ.

თუ აღმოჩნდა, რომ ამ წესების შესაბამისად არც ერთ სუბიექტს არ მიეკუთვნა 6-ზე ნაკლები მანდატი, ან მაჟორიტარული სისტემით არც ერთი სუბიექტის წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრთა რაოდენობა არ არის 6-ზე ნაკლები, საარჩევნო სუბიექტებისა და მათი პარტიული სიებისთვის მიკუთვნებული მანდატების რაოდენობა განისაზღვრება ზემოთ აღნიშნული ფორმულებით, ასევე  მე-9 და 91 პუნქტებით დადგენილი წესით, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოიყენება ამ მუხლის 92 და 93 პუნქტებით დადგენილი წესი.

მეცხრე პუნქტის მიხედვით, თუ ყოველი საარჩევნო სუბიექტის მიერ წარდგენილმა კანდიდატებმა მაჟორიტარულ არჩევნებში უფრო ნაკლები მანდატი მოიპოვეს, ვიდრე ამ მუხლით  ამ სუბიექტს ეკუთვნის, ამ რაოდენობამდე შესავსებად მის პარტიულ სიას მიეკუთვნება შესაბამისი რაოდენობის მანდატები, წინააღმდეგ შემთხვევაში მის პარტიულ სიას მანდატები არ მიეკუთვნება.

ამასთან, თუ ერთი ან რამდენიმე საარჩევნო სუბიექტის მიერ წარდგენილმა კანდიდატებმა მაჟორიტარულ არჩევნებში იმდენივე ან უფრო მეტი მანდატი მოიპოვეს, ვიდრე ამ მუხლით ამ სუბიექტს (სუბიექტებს) ეკუთვნის, მის პარტიულ სიას მანდატები აღარ მიეკუთვნება, ხოლო დანარჩენი სუბიექტებისთვის მიკუთვნებული მანდატების რაოდენობა გადაიანგარიშება და გამოითვლება ფორმულით:

Nk = Mk x (150-P-P1):M1 რიცხვის მთელი ნაწილი,

სადაც Nk არის k სუბიექტის (რომელმაც მაჟორიტარულ არჩევნებში ამ მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტების მიხედვით გამოთვლილ კუთვნილზე ნაკლები მანდატი მოიპოვა) კუთვნილი მანდატების რაოდენობა, Mk არის მის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა, P – მაჟორიტარული სისტემით იმ სუბიექტთა წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრთა რაოდენობა, რომლებმაც ვერ გადალახეს საარჩევნო ზღურბლი, P1 – იმ სუბიექტთა წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრთა რაოდენობა, რომლებმაც მაჟორიტარულ არჩევნებში იმდენივე ან უფრო მეტი მანდატი მოიპოვეს, ვიდრე ამ მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტების შესაბამისად მათ ეკუთვნოდათ, ხოლო M1 – იმ სუბიექტთა მიერ მიღებული ხმების ჯამი, რომლებმაც მაჟორიტარულ არჩევნებში უფრო ნაკლები მანდატი მოიპოვეს, ვიდრე ამ მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტების შესაბამისად მათ ეკუთვნოდათ. თუ ყველა Nk-ს ჯამი (150-P-P1)-ზე ნაკლები აღმოჩნდა, გაუნაწილებელი მანდატებიდან თითო მანდატი დამატებით მიეკუთვნებათ იმ სუბიექტებს, რომლებსაც ზემოაღნიშნული Nk-ს გამოთვლისას მეტი ნაშთი აქვთ. ამის შემდეგ ამ მუხლის მე-9 პუნქტით დადგენილი წესით განისაზღვრება k სუბიექტის პარტიული სიისთვის მიკუთვნებული მანდატების რაოდენობა.

ამასთან, თუ აღმოჩნდა , რომ თუნდაც ერთ სუბიექტს 6-ზე ნაკლები მანდატი მიეკუთვნა და მაჟორიტარული სისტემით იმავე სუბიექტის წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრთა რაოდენობაც 6-ზე ნაკლებია, ასეთი სუბიექტებისთვის პროპორციული და მაჟორიტარული სისტემებით მიღებული მანდატების რაოდენობის 6-მდე შესავსებად თითო მანდატი რიგრიგობით აკლდება იმ საარჩევნო სუბიექტებს, რომელთა მანდატების რაოდენობაც სხვა სუბიექტების მანდატების რაოდენობაზე ნაკლები, მაგრამ 7-ზე მეტია.

მანდატების რაოდენობის 6-მდე შევსების შემდეგ დანარჩენი სუბიექტებისთვის მანდატების განაწილებისთვის გამოიყენება შემდეგი წესი:

თუ ყოველი ასეთი სუბიექტის მიერ წარდგენილმა კანდიდატებმა მაჟორიტარულ არჩევნებში უფრო ნაკლები მანდატი მოიპოვეს, ვიდრე ამ მუხლის  შესაბამისად ამ სუბიექტს ეკუთვნის, ამ რაოდენობამდე შესავსებად მის პარტიულ სიას მიეკუთვნება შესაბამისი რაოდენობის მანდატები, წინააღმდეგ შემთხვევაში მის პარტიულ სიას მანდატები არ მიეკუთვნება;

ხოლო, თუ ერთი ან რამდენიმე ასეთი სუბიექტის მიერ წარდგენილმა კანდიდატებმა მაჟორიტარულ არჩევნებში იმდენივე ან უფრო მეტი მანდატი მოიპოვეს, ვიდრე ამ მუხლის  შესაბამისად ამ სუბიექტს (სუბიექტებს) ეკუთვნის, მის პარტიულ სიას მანდატები აღარ მიეკუთვნება, ხოლო დანარჩენი სუბიექტებისთვის მიკუთვნებული მანდატების რაოდენობა გადაიანგარიშება და გამოითვლება ფორმულით:

Nm = Mm x (150-P-6n-P2):M2 რიცხვის მთელი ნაწილი,

სადაც Nm არის ზემოაღნიშნული m სუბიექტის კუთვნილი მანდატების რაოდენობა, Mm – მის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა, P – მაჟორიტარული სისტემით იმ სუბიექტთა წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრთა რაოდენობა, რომლებმაც ვერ გადალახეს საარჩევნო ზღურბლი, n – იმ სუბიექტთა რაოდენობა, რომლებსაც ამ მუხლის 92 პუნქტის შესაბამისად 6-მდე შეევსოთ მანდატების რაოდენობა, P2 – იმ სუბიექტთა წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრთა რაოდენობა, რომლებმაც მაჟორიტარულ არჩევნებში იმდენივე ან უფრო მეტი მანდატი მოიპოვეს, ვიდრე ამ მუხლის 92 პუნქტის შესაბამისად მათ ეკუთვნოდათ, ხოლო M2 – ზემოაღნიშნულ m სუბიექტთა მიერ მიღებული ხმების ჯამი. თუ ყველა Nm-ის ჯამი (150-P-6n-P2)-ზე ნაკლები აღმოჩნდა, გაუნაწილებელი მანდატებიდან თითო მანდატი დამატებით მიეკუთვნება იმ სუბიექტებს, რომლებსაც ზემოაღნიშნული Nm-ის გამოთვლისას მეტი ნაშთი აქვთ. ამის შემდეგ ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილი წესით განისაზღვრება m სუბიექტის პარტიული სიისთვის მიკუთვნებული მანდატების რაოდენობა.

ამასთან,  თუ 2-მა ან 2-ზე მეტმა პარტიულმა სიამ ხმების თანაბარი  რაოდენობა მიიღო და მანდატების განაწილებისას აღმოჩნდა მანდატი, რომელიც მხოლოდ ერთ-ერთ მათგანს შეიძლება მიეკუთვნოს, მანდატი მიეკუთვნება იმ სიას, რომელმაც ცესკოში უფრო ადრე გაიარა რეგისტრაცია.

 

“კანონპროექტის მიზანია შეიქმნას სამართლიანი და ამომრჩევლის ნების არჩევნების შედეგებში ადეკვატურად ასახვის საარჩევნო სისტემა,”- აღნიშნულია კანონპროექტის განმარტებით ბარათში, რომელიც პარლამენტის ბიურომ დღეს, 16 მაისს დაარეგისტრირა.

თეორიულად  კანონპროექტის მიღება მმართველი გუნდის მხარდაჭერის გარეშეც შესაძლებელია.  პარლამენტში სულ 150 დეპუტატია, ამ დროისთვის საპარლამენტო უმრავლესობაში 82 დეპუტატი ერთიანდება რესპუბლიკელების ჩათვლით. რესპუბლიკელებს გარეშე “ქართულ ოცნებას” 72 დეპუტატი რჩება, ხოლო დანარჩენ ძალებს- 78 დეპუტატი. კანონპროექტის მისაღებად 76 ხმაა საჭირო.  ამ შემთხვევაში საკითხავია, რამდენად შეძლებენ “რესპუბლიკელები”  უმრავლესობის გარეთ მყოფი ყველა დეპუტატის მიმხრობას, მათ შორისაა კობა დავითაშვილი, ასევე უმრავლესობის გარეთაა “მწვანეთა” ლიდერი გია გაჩეჩილაძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი