ახალი ამბები

ივანიშვილი პატრიარქს შეხვდება

15 ნოემბერი, 2011 • 1008
ივანიშვილი პატრიარქს შეხვდება
დღეს ბიძინა ივანიშვილი და საქართველოს პატრიარქი ერთმანეთს საპატრიარქოში საღამოს 6 საათზე შეხვდებიან. 

როგორც ბიძინა ივანიშვილი პრესამსახურის წარმომადგენელმა  ნონა ყანდიაშვილმა ნეტგაზეთთან საუბრისას აღნიშნა, შეხვედრა ბოლო დროს განვითარებულმა პროცესებმა განაპირობა:

” ეს თავისთავად მოხდა. კვირის პალიტრასთან ინტერვიუში ბატონმა ბიძინამ  პატრიარქთან შეხვედრის სურვილი გამოთქვა, რასაც მოჰყვა პატრიარქის განცხადება. დეტალები იმის შესახებ, თუ ვინ დარეკა კონკრეტულად პირველმა, არ ვიცი”- ამბობს ნონა ყანდიაშვილი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს  პატრიარქმა ილია მეორემ 13 ნოემბერს საკვირაო ქადაგების დროს ბიძინა ივანიშვილის მოქალაქეობასთან დაკავშირებით საკითხსაც შეეხო.
“დღეს ბევრი საუბარია იმასთან დაკავშირებით, ბიძინა ივანიშვილი უნდა იყოს თუ არა საქართველოს მოქალაქე. ის უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე, რა თქმა უნდა, რადგან ქართველია. ვფიქრობ, ყველა ქართველი ადამიანი, დაბადებული საქართველოში თუ უცხოეთში, რომელსაც ქართული სული და ხორცი აქვს, უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე. მე მაწუხებს, რომ ასეთმა უბრალო საკითხმა გამოიწვია ასეთი არასასურველი კამათი. დარწმუნებული ვარ, რომ პრეზიდენტი გაითვალისწინებს ამას და მას საქართველოს მოქალაქეობას მიანიჭებს”, – განაცხადა საქართველოს პატრიარქმა ილია მეორემ .
დღევანდელი შეხვედრა დახურულ კარს მიღმა, მხოლოდ ილია მეორესა და ბიძინა ივანიშვილს შორის გაიმართება.

მასალების გადაბეჭდვის წესი