ახალი ამბები

ქართველი ემიგრანტების თქმით, მათ ივანიშვილის გამო ემუქრებიან

15 ნოემბერი, 2011 • • 951
ქართველი ემიგრანტების თქმით, მათ ივანიშვილის გამო ემუქრებიან
ბიძინა ივანიშვილისათვის მოქალაქეობის მინიჭების მოთხოვნით წარმოებული ხელმოწერების პროცესში საქართველოს საკონსულოს წარმომადგენლების მიერ ესპანეთსა და იტალიაში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტებზე ზეწოლა ხორციელდება – აცხადებს ორგანიზაცია “ქართველი ემიგრანტების“თავმჯდომარე.

“კარგად მოგეხსენებათ, დაიწყო ხელმოწერების შეკრება ბატონ ბიძინა ივანიშვილის მოქალაქეობის მინიჭებასთან დაკავშირებით და აქ ჩვენი, ასევე ემიგრანტთა ოჯახის წევრები აქტიურად ჩავრთეთ, რომლებიც საქართველოში ცხოვრობენ. ჩვენ აქედან გადავუგზავნეთ ხელმოსაწერი ბლანკები იქაურ წევრებს და ამ ფაქტის შემდეგ ასეთი რამ მოხდა, კერძოდ, ესპანეთსა და იტალიაში, ქართველთა თავშეყრის ადგილებში მოვიდნენ საკონსულოსა და საელჩოს წარმომადგენლები, რომლებმაც აუკრძალეს მათ ხელმოწერები, მაგრამ მათ ემიგრანტებისგან პასუხი მიიღეს, რომ  უკან არ დაიხევენ. ამის შემდეგ საკონსულოს წევრები უსაბუთო ემიგრანტებს დეპორტით დაემუქრნენ, ხოლო მათ, ვისაც აქვს აღნისნულ ქვეყნებში ცხოვრებისა და მუშაობის უფლება, მათ უთხრეს რომ საბუთებს გაუფუჭებენ და  საქართველოში დააბრუნებენ,” – აღნიშნავს ყუშიტაშვილი.

მისივე განცხადებით, დღეს ზურაბ ვაზაგაშვილის სახელობის დარბაზ “ჯაზუში” დაგეგმილია ვიდეოხიდი, რომელშიც მონაწილეობას ის ემიგრანტები მიიღებენ, რომლებზეც  საკონსულოსა და საელჩოს წარმომადგენლების მხრიდან ზეწოლა განხორციელდა. 

“მე უფლებადამცველი ორგანიზაციებისთვის ამ ეტაპზე არ მიმიმართავს. ემიგრანტების უსაფრთოების მიზნით, მათ მთხოვეს, რომ არავის არ მივმართო, უბრალოდ მითხრეს, რომ გაყენებთ შენ საქმის კურსში, რომ მომავალში იცოდეთ მსგავსი ფაქტების შესახებ. მაგრამ ამ ზეწოლის მიუხედავად, მათ გააორმაგეს მუშაობა და მოქმედება. დღესდღეობით 400– 500 ხელმოწერა უკვე არის, რომელსაც ამ ეტაპზე გადმოგვიგზავნიან,” – აღნიშნავს ყუშიტაშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი