ახალი ამბები

აშშ არ აღიარებს ე.წ სამხრეთ ოსეთის საპრეზიდენტო არჩევნების ლეგიტიმურობას

15 ნოემბერი, 2011 • • 1123
აშშ არ აღიარებს ე.წ სამხრეთ ოსეთის საპრეზიდენტო არჩევნების ლეგიტიმურობას
აშშ არ აღიარებს ე.წ სამხრეთ ოსეთში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების ლეგიტიმურობას. ამის  შესახებ აშშ–ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა მარკ ტონერმა განაცხადა.

“აშშ 13 ნოემბერს ე.წ სამხრეთ ოსეთში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნებისა და რეფერენდუმის ლეგიტიმურობას არ აღიარებს. ჩვენ ვაგრძელებთ მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენეტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებზე. ასევე  მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულება და  ჯარი იმავე პოზიციებზე განათავსოს, როგორც ეს კონფლიქტამდე იყო. უზრუნველყოს საქართველოს რეგიონებში – აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში– ჰუმანიტარული ტვირთის თავისუფლად შეტანა,” – განაცხადა ბრიფინგზე ტონერმა. 

შეგახსენებთ, ე.წ. სამხრეთ ოსეთის საპრეზიდენტო არჩევნები 13 ნოემბერს გაიმართა. თუმცა იმის გამო, რომ 11 კანდიდატიდან ხმათა 50% ვერც ერთმა ვერ დააგროვა, 27 ნოემბრისთვის არჩევნების მეორე ტური დაინიშნა.

პრეზიდენტობისთვის კრემლის ორი ფავორიტი, ე.წ სამხრეთ ოსეთის საგანგებო საქმეთა მინისტრი ანატოლი ბიბილოვი და ყოფილი  განათლების მინისტრი ალა ჯიოევა იბრძოლებენ. მათ პირველ ტურში ხმათა 25-25 პროცენტი დააგროვეს.   

მასალების გადაბეჭდვის წესი