ახალი ამბები

პრემიერი: კანონში ცვლილება საკონსტიტუციო სასამართლოს დამოუკიდებლობას განამტკიცებს

15 მაისი, 2016 • 1263
პრემიერი: კანონში ცვლილება საკონსტიტუციო სასამართლოს დამოუკიდებლობას განამტკიცებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კაბონში 14 მაისს მესამე მოსმენით შეტანილი ცვლილებები სასამართლოს დამოუკიდებლობას განამტკიცებს.

“ეს ცვლილებები გამორიცხავს იმას, რომ ერთ და ორ ადაიანზე გავლენის მოხდენით გარედან რაიმე მნიშვნელოვანი ცვლილება მიღებულ იქნას საკონსტიტუციო სასამართლოს მხრიდან და ამიტომ არის სწორედ ის ქვორუმის აწევის იდეაც და ამიტომ არის ზუსტად ის, რომ გარედან მცდელობები აღკვეთოს,”- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, კანონში შევიდა პრინციპული ცვლილებები და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გაცნობის გარეშე სწორედ ამიტომ მიიღეს:

“ვენეციის კომისიაში შეიძლება გაიგზავნოს შემდგომ, ვენეციის კომისიაში გაგზავნის შემთხვევაში შეიძლება ორი და სამი თვე დასჭირებოდა ამას. მოგეხსენებათ, რომ რამდენიმე კვირაში იწყება საარჩევნო კამპანია, ამაზე შევთანხმდით, რომ 8 ივნისს გაიხსნება საარჩევნო კამპანია და შეიძლება პარლამენტარი ვეღარ ვიპოვოთ ქუთაისში. ამიტომ ზუსტად იმიტომ იყო საჭირო ახლა ამის მიღება, რომ ეს არის ძალიან პრინციპული ცვლილებები, რომლებიც გამორიცხავს, რომ გარედან ვინმემ ერთ და ორ ადამიანზე ზეგავლენის მოხდენის მიზნით ქვორუმზე მოახდინოს ზეგავლენა,”- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერის განცხადებით, აქამდე მიღებული გადაწყვეტილებები საკონსტიტუციო სასამართლოს მიუკერძოებლობის საკითხს ეჭვქვეშ აყენებდა. იგი აღნიშნავს, რომ საკონსტიტუიო სასამართლომ მიიღო პოლიტიკური გადაწყვეტილებები და აქ ჩანს ოპოზიციური პოლიტიკური ზეგავლენის ნიშნები.

14 მაისს, პარლამენტმა მესამე მოსმენით, 81 ხმით არც ერთის წინააღმდეგ დაამტკიცა კანონპროექტი “საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე.

ევროსაბჭოს თანამომხსენებლებმა 10 მაისს გამოაქვეყნეს განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ ისინი მიესალმებოდნენ ეკა ბესელიას პოზიციას, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონპროექტი გაეგზავნა ვენეციის კომისიისთვის, რათა კომისიას საკუთარი მოსაზრებები გამოეთქვა, ვიდრე ამ კანონპროექტს მეორე მოსმენით განიხილავდნენ საქართველოს პარლამენტში. თუმცა, პარლამენტმა კაბონპროექტი მესამე მოსმენით უკვე მიიღო.

კანონს აკრიტიკებს არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია. ნაციონალური მოძრაობა კი პრეზიდენტს მოუწოდებს, კანონს ვეტო დაადოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი