ახალი ამბები

სააკაშვილის ყველაზე საყვარელი შადრევანი საქართველოში

15 ნოემბერი, 2011 • 6687
სააკაშვილის ყველაზე საყვარელი შადრევანი საქართველოში

“ეს იქნება ჩემი ყველაზე საყვარელი შადრევანი საქართველოში, მე როგორც შადრევან პირველი, ამ შადრევანს ვანიჭებ უპირატესობას”, – მიხეილ სააკაშვილის ამ სიტყვების ადრესატი – ე.წ. კოლხური შადრევანი ქუთაისში, ცენტრალურ მოედანზე შენდება.

შადრევანი, რომელიც ხარაგაულის ქვით მოპირკეთდება და რომელზეც 30 მოოქროვილი კოლხური ქანდაკება დაიდგმება, ქუთაისის ბიუჯეტს 3 მილიონ 200 ათასი ლარი დაუჯდება. პროექტის ავტორი არქიტექტორი დავით გოგიჩაიშვილია.

“ეს იქნება კოლხეთის სიძლიერის სიმბოლო”, – ამბობს იმერეთის რწმუნებულ-გუბერნატორი ლაშა მაქაცარია.

პროექტის მიხედვით, ე.წ. კოლხური შადრევნის ირგვლივ მოედანი ფერადი, ძირითადად კი, წითელი ფერის ქვებით მოპირკეთდება:

“აუ, რა ლამაზია მოედანი, ეს თბილისის თავისუფლების მოედანს ბევრად აჯობებს,  იმიტომ, რომ ბევრად უფრო თანამედროვე ტექნოლოგიებით არის დაგებული,” – განაცხადა აღნიშნული პროექტის ნახვის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა.

შადრევნის ირგვლივ მოედანი ფერადი ქვებით მოპირკეთდება
შადრევნის ირგვლივ მოედანი ფერადი ქვებით მოპირკეთდება

ქუთაისში ე.წ. კოლხური შადრევანი ქალაქის ისტორიული უბნის რეაბილიტაციის პროგრამის მეორე ეტაპის ფარგლებში მიმდინარეობს.

პირველ ეტაპზე, რომელიც 2008 წელს დასრულდა, სარეაბილიტაციო სამუშაოებმა სამეფო უბანი, თეთრი ხიდის მიმდებარე ტერიტორია, ცისფერყანწელთა, წმინდა ნინოს, წერეთლისა და პუშკინის ქუჩები მოიცვა. სრული რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია ჩაუტარდა 31 შენობას, აშენდა 7 ახალი ნაგებობა. სარეკონსტრუქციო სამუშაოებისთვის პირველ ეტაპზე 30 მილიონი ლარი დაიხარჯა, თუმცა ამის შემდეგ მეორე ეტაპის სამუშაოებისთვის საჭირო თანხის მოძიება მთავრობას გაუჭირდა და ისტორიული უბნის რეაბილიტაციის მეორე ეტაპის სამუშოები მხოლოდ წელს განახლდა, ისიც – ფრაგმენტულად.

მაგალითად, ამ ეტაპზე ცნობილია, რომ 2012 წლის 2 მაისისთვის, ქუთაისქალაქობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ქუთაისს განახლებული ცენტრალური მოედანი ექნება – ახალი შადრევნით, მესხიშვილის თეატრის სრულად რეაბილიტირებული შენობით, ფასადშეცვლილი საცხოვრებელი სახლებით, თიბისი ბანკის ახალი შენობით, რომელიც თბილისში, მარჯანიშვილის ქუჩაზე მდებარე ამავე ბანკის შენობის იდენტურია.

ცენტრალურ მოედანზე აღარ იქნება ქუთაისის ნიკო ბერძენიშვილის სახ.სახელმწიფო ისტორიული მუზეუმი. მუზეუმისთვის ახალი შენობის პროექტის ფოტობანერი ქუთაისში რამდენიმე თვის მანძილზე იყო გამოკრული, მაშინვე მუზეუმის ადმინისტრაციაში აცხადებდნენ, რომ შენობის მშენებლობას ბიძინა ივანიშვილი დააფინანსებდა, თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ ახალი შენობა აღარ აიგებოდა: რამდენიმე თვის წინ ქუთაისის ისტორიული მუზეუმი ეროვნული ბანკის შენობაში გადაიტანეს.

ცენტრალურ მოედანზე, ასევე, აღარ იქნება დავით აღმაშენებლის ძეგლი (ძეგლის ავტორი მოქანდაკე ელგუჯა ამაშუკელი), რომელიც აღნიშნულ ადგილზე 1995 წელს დაიდგა და მოედანსაც დავით აღმაშენებლის სახელი ეწოდა. ძეგლი მიმდინარე წლის აგვისტოში რკინიგზის სადგურის ტერიტორიაზე გადაიტანეს, ხოლო მის ძველ ადგილს, ცენტრალურ მოედანს ე.წ. კოლხური შადრევანი დაიკავებს.

აღმაშენებლის ძეგლის გადატანის პროცესი
აღმაშენებლის ძეგლის გადატანის პროცესი

მასალების გადაბეჭდვის წესი