ახალი ამბები

გამოუცხადა თუ არა საპატრიარქომ მხარდაჭერა ივანიშვილს

14 ნოემბერი, 2011 • 1803
გამოუცხადა თუ არა საპატრიარქომ მხარდაჭერა ივანიშვილს

ნიშნავს თუ არა პატრიარქის განცხადება ბიძინა ივანიშვილის მოქალაქეობასთან დაკავშირებით, რომ მართლმადიდებელი ეკლესია ქართველ მილიარდერს პოლიტიკურ მხარდაჭერას უცხადებს?

“დღეს ბევრი საუბარია იმასთან დაკავშირებით, ბიძინა ივანიშვილი უნდა იყოს თუ არა საქართველოს მოქალაქე. ის უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე, რა თქმა უნდა, რადგან ქართველია. ვფიქრობ, ყველა ქართველი ადამიანი, დაბადებული საქართველოში თუ უცხოეთში, რომელსაც ქართული სული და ხორცი აქვს, უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე. მე მაწუხებს, რომ ასეთმა უბრალო საკითხმა გამოიწვია ასეთი არასასურველი კამათი. დარწმუნებული ვარ, რომ პრეზიდენტი გაითვალისწინებს ამას და მას საქართველოს მოქალაქეობას მიანიჭებს”, – განაცხადა საქართველოს პატრიარქმა ილია მეორემ 13 ნოემბერს საკვირაო ქადაგების დროს.

ზემოთმოყვანილი კითხვა “ნეტგაზეთმა” რელიგიის და სოციოლოგიის საკითხებში რამდენიმე ექსპერეტს დაუსვა.

თეოლოგი, ილიას უნივერსიტეტის პროფესორი, ნოდარ ლადარია მიიჩნევს, რომ პატრიარქის ეს განცხადება თავისი შინაარსით პოლიტიკურია.

„თუმცა ეს შეიძლება ნიშნავდეს ყველაფერს, დაწყებული მადლიერების გამოხატვიდან, იმის გამო, რომ ათეული მილიონი დახარჯა სამების ტაძრის აშენებაში. ყოველ შემთხვევაში,  მისი პოლიტიკური მხარდაჭერის შესახებ თქმა შეუძლებელია,“–ამბობს ლადარია.

ის, რომ პატრიარქმა გუშინდელი განცხადებით  ბიძინა ივანიშვილის მიმართ ერთმნიშვნელოვნად ღია მხარდაჭერა გამოხატა, ეჭვი არ ეპარება თეოლოგ ბასილ კობახიძეს.

კობახიძე ფიქრობს, რომ საპატრიარქოს მხრიდან ივანიშვილისადმი ღია მხარდაჭერა ორი მიზეზით არის განპირობებული. პირველი მიზეზი, კობახიძის აზრით, ეკლესია–მონასტრების რეაბილიტაცია–რესტავრაციის მიზნით გადარიცხული ფულია, ასევე  უშუალოდ საეკლესიო იერარქებისთვის წლების განმავლობაში მიცემული ფულადი  რესურსი.

„მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი 1998 წლიდან აფინანსებდა სხვადასხვა საეკლესიო ბობოლებს. ის თანხები, რაც გასაჯაროვდა, არის ძალიან მინიმალური იმასთან შედარებით, რასაც რეალურად აძლევდა ივანიშვილი პატრიარქს, მიტროპოლიტებსა თუ არქიმანდიტებს.   არქიმანდიტი, ბართლომე ფირცხალაიშვილი ამაზე თავის ერთ–ერთი გამოქვეყნებულ ინტერვიუშიც ჰყვება“, –ამბობს კობახიძე.

რაც შეეხება ოფიციალურ ინფორმაციას ივანიშვილის ქველმოქმედების შესახებ, მისი ფონდების ოფიციალური ანგარიშების მიხედვით, სამების საკათედრო ტაძრის მშენებლობა ბიძინა ივანიშვილის საქველმოქმედო ფონდს დაახლოებით 10 მილიონი ლარი დაუჯდა.

2005–10 წლებში ივანიშვილის ფონდებიდან მთლიანობაში  („ქართუ“, „საქართველოს ისტორიულ ძეგლთა დაცვისა და გადარჩენის ფონდი“ და ასოციაციიდან „ატუ“) ქართული ეკლესია–მონასტრების მშენებლობისა და  რეაბილიტაციისთვის 38 მილიონამდე ლარი დაიხარჯა.

გარდა ამ ქველმოქმედებისა, თეოლოგი ბასილ კობახიძე აქვე მეორე მიზეზზეც საუბრობს, თუ რატომ უცხადებს საქართველოს საპატრიარქო ივანიშვილს მხარდაჭერას.

„პოლიტიკური ორიენტაცია რუსეთისაკენ. ივანიშვილის პოლიტიკური პროექტი საჭიროა საქართველოს პოლიტიკური ორიენტაციის შესაცვლელად. აღსანიშნავია, რომ ასეთი განცხადება რუსეთის პატრიარქის 65 წლის იუბილეზე  საქართველოს პატრიარქის მოსკოვში ჩასვლამდე რამდენიმე დღით ადრე გაკეთდა. ამ განცხადების შემდეგ, ვფიქრობ, მოსკოვში მიიღწევა ის, რომ რუსებმა პატრიარქი აფხაზეთში ჩაიყვანონ. რაც, რა თქმა უნდა, ანტისახელწმიოფებრივი და ანტიეროვნული ნაბიჯი იქნება საპატრიარქროს მხრიდან. ამით გამოიკვეთება, რომ მთავარია სულიერი ლიდერები და არა სახელმწიფო სტრუქტურები,“–ამბობს კობახიძე.

თეოლოგი ბასილ კობახიძე მიიჩნევს, რომ  საპტრიარქო უშუალოდ ჩაერთო პოლიტიკურ პროცესებში და თუ პოლიტიკური დაპირისპირების შემთხვევაში მანიფესტაციები იქნება საჭირო, ამ მანიფესტაციებზე ხალხის გამომყვანი ერთადერთი ძალა, მისი აზრით, სწორედ საპატრიარქოა.

„ნებისმიერი ადამიანი, ვისაც პოლიტიკაში რაღაცის გაკეთება უნდა, სააკაშვილით დაწყებული და ივანიშვილით დამთავრებული, ცდილობს საპატრიარქოს ამ ძალის გამოყენებას. სხვა ასეთი ძალა არ არის. რაც კიდევ ერთხელ გამოჩნდა მიმდინარე წლის ზაფხულში, რელიგიური გაერთიანებების შესახებ კანონის მიღების დროს“, –ამბობს თეოლოგი.

სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილი ნეტგაზეთთან საუბარში ამბობს, რომ პატრიარქის სიტყვები არ ნიშნავს იმას, რომ საპატრიარქო ღია კონფრონტაციაში შედის ხელისუფლებასთან.

„ასეთივე წარმატებით მას შეუძლია გააკეთოს ხელისუფლების მხარდასაჭერი განცხადება. თუ დავაკვირდებით, საპატრიარქო პოლიტიკურ მოთამაშეებს შორის მუდმივად ცდილობს ბალანსის შენარჩუნებას. არ ამწვავებს ვინმეს სასარგებლოდ,“–ამბობს იაგო კაჭკაჭიშვილი.

„ქაღალდის ვეფხვივითაა“ საპატრიარქო, რომელსაც გავლენის მოსახდენად რეალური მექანიზმები არ გააჩნია,“–ამბობს ნოდარ ლადარია და ამასთან დაკავშირებით მაღალტირაჟიანი ჟურნალ– გაზეთების მაგალითები მოჰყავს:

„მაგალითად, რა გავლენა შეუძლია მოახდინოს საზოგადოებაზე „ასავალ–დასავალს“ ან ჟურნალ „სარკეს“, რომელთაც საკმაოდ მაღალი ტირაჟი აქვს. სანამ სახელმწიფო გარკვეული მოსაზრებებით თავადვე არ დათმობს, რეალური ცვლილების მოხდენა საპატრიარქოს არ შეუძლია. იურიდიული სტატუსის მინიჭების შესახებ კანონის შემთხვევა გავიხსენოთ თუნდაც, სად არის იმ წინააღმდეგობის და მღელვარების შედეგები, ვერ ვხედავთ“.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გუშინდელი განცხადების კომენტირებისგან თავს იკავებს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე. .

“პატრიარქის განცხადებაზე პოლიტიკურ კომენტარს ვერ გავაკეთებ. მე მასთან მაქვს ჩემი ადამიანური დამოკიდებულება, პატრიარქის განცხადებაზე პოლიტიკური კომენტარების გაკეთება არ შემიძლია”, – აღნიშნა ბაქრაძემ.

რაც შეეხება თავად ბიძინა ივანიშვილის საპატრიარქოსადმი და ზოგადად სახელმწიფოს და ეკლესიის ურთიერთობის საკითხებზე – დეტალურად ცნობილი არ არის.  სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვლი მიიჩნევს, რომ ივანიშვილი პატივს სცემს პატრიარქს, თუმცა, მისივე თქმით, ის როგორც პოლიტიკოსი, ნაკლებად არის რელიგიური ცნობიერების მატარებელი.

„უმცირესობებზე დასმულ შეკითხვაზე პასუხის დროს ივანიშვილმა გამოხატა თავისი ლიბერალური პოზიცია, მათ შორის რელიგიური უმცირესობების მიმართ.  ამაზე მეტი მხარდაჭერის გამოხატვა შეუძლებელი იყო მაშინ. ამან პირადად ჩემშიც პოზიტიური რეაქცია გამოიწვია. ბევრი პოლიტიკოსი, მათ შორის ისინიც კი, ვინც თავს დემოკრატობაზე დებს, ამ ტიპის ლიბერალური განცხადების გაჟღერებას ვერ გაბედავდა. ეს იყო მისი მხრიდან არაპოპულისტური გაცხადება, რომელსაც პოლიტიკოსების უმეტესობა თავს არიდებს,“–ამბობს იაგო კაჭკაჭიშვილი.

ჟურნალისტ ნინო ჟიჟილაშვილისთვის მიცემულ სატელევიზიო ინტერვიუში, რომელიც 25 ოქტომბერს გამოქვეყნდა, ჟურნალისტის შეკითხვას, უკავშირდება თუ არა აღნიშნული ძეგლების რესტავრაცია–შენახვა მის რწმენას, ბიძინა ივანიშვილი ასე პასუხობს:

„აუცილებლად, ეს ჩემი კულტურაა და რაღაც კითხვებს მისვამენ, რომ სიკვდილის შემდეგ სიცოცხლის გაგრძელების არ სჯერა და ესე იგი ქრისტიანი არაა. ისევ და ისევ ჩვენი მთავრობის იდეოლოგები, ვითომ, თვითონ დიდი მორწმუნეები არიან თავისი ქცევით.“

თუმცა ინტერვიუში, რომელიც ივანიშვილმა 2005 წელს „ვედომოსტის“ მისცა, თავად ამბობს, რომ ათეისტია: „არ მჯერა სიკვდილის შემდეგ სიცოცხლის, თვითონ სიცოცხლეც მოკლეა და არ მინდა ისეთი რამის კეთება, რაც ჩემს თავისუფლებას ზღუდავს“.

ამ ინტერვიუდან 6 წლის შემდეგ ბიძინა ივანიშვილი ღიად ამბობს:

„ვადასტურებ, რომ ქრისტიანი ვარ. უდიდესი პატივისმცემელი ვარ ჩვენი კულტურის და გინდაც, რწმენის.  ამ რწმენამ გადაარჩინა საქართველო და უდიდესი როლი ითამაშა ჩვენს ისტორიაში. ყველა შვილი მონათლულია თავის დროზე და ყველა პროცედურას ვიცავ. ჩემი მეუღლე და მშობლები ჩემზე უფრო მორწმუნეები არიან, რასაც რწმენა ქვია და ვერავინ ვერ დამარქმევს ათეისტს. ყველა პროცესში მონაწილეობას ვღებულობ, ჯვარსაც მუდმივად ვატარებ“.

მასალების გადაბეჭდვის წესი