ახალი ამბები

საპატრიარქო: 17 მაისს თბილისში ხატით მსვლელობა გაიმართება

14 მაისი, 2016 • 1885
საპატრიარქო: 17 მაისს თბილისში ხატით მსვლელობა გაიმართება

საქართველოს საპატრიარქოს განცხადებით, 2016 წლის 17 მაისს თბილისში აწყურის ღვთისმშობლის ხატით მსვლელობა გაიმართება. საპატრიარქოში დაანონსებულ მსვლელობას ილია მეორის მიერ დაწესებულ “ოჯახის სიმტკიცისა და მშობლების პატივისცემის დღეს” უკავშირებენ.

საპატრიარქოს განცხადებით, უკვე მეორე წელია, რაც ამ ხატით 7-დღიანი მსვლელობა ხორციელდება ოფიდან (დღევანდელი თურქეთის ტერიტორია) თბილისამდე. მათი ცნობით, წირვა-ლოცვები აღევლინება ბათუმში, ხულოში, აწყურში, ბორჯომში, სურამში, ხაშურში, გორში, სვეტიცხოველში.

“თბილისში ხატით მსვლელობა დაიწყება შუადღისას, 12:00 საათზე, რესპუბლიკის მოედნიდან სამების საკათედრო ტაძრისაკენ, სადაც უწმინდესი და უნეტარესი ილია II გადაიხდის პარაკლისს და დალოცავს ერს.”

როგორც საქართველოს საპატრიარქოს განცხადებაშია ნათქვამი, ეს მსვლელობა არის საქართველოს ეკლესიის ახალგაზრდული ცენტრის “დავითიანის” მიერ ორგანიზებული და მას აქვს მხოლოდ მშვიდობიანი და ლოცვითი დატვირთვა:

“სასურველია, რომ მრევლმა თან იქონიოს მაცხოვრის, ღვთისმშობლის და წმ. ანდრია პირველწოდებულის ხატები (ან რომელიმე მათგანი), რადგან წმ. ანდრია პირველწოდებული იესო ქრისტეს კურთხევით გამოაგზავნა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა საქართველოში და გამოატანა აწყურის ღვთისმშობლის სახელწოდებით ცნობილი თავისი ხატი, რომელიც ფიცარზე ღვთისმშობლის სახის მიდებით გამოისახა. ეს ხატი საუკუნეების მანძილზე დაბრძანებული იყო აწყურში და მისი სასწაულთმოქმედი ძალა და მადლი აქედან ეფინებოდა ჩვენს ქვეყანას.”

საპატრიარქოს განცხადებით, “აწყურის ღვთისმშობლის ხატი არის მაცხოვრის მიერ ჩვენს შემწედ და მცველად მოვლენილი პირველი უდიდესი სიწმინდე და მისდამი განსაკუთრებული პატივისცემა უნდა აღდგეს ჩვენს ერში.”

 


 

17 მაისი არის ჰომოფობიის, ბიფობიისა და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღე, რომელსაც მთელ მსოფლიოში აღნიშნავენ. ამ დღის მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ლგბტი (გეის, ლესბოსელი, ბისექსუალი, ტრანსგენდერი, ინტერსექსი) ადამიანების უფლებების დარღვევის ფაქტების მიმართ და მათი უფლებების დაცვისთვის კამპანიის წარმოება.

1990 წელს 17 მაისს გაეროს ჯანდაცვის ორგანიზაციამ ჰომოსექსუალობა დაავადებათა ნუსხიდან ამოიღო. 2013 წლის 17 მაისს თბილისშიც აპირებდნენ აქციის გამართვას ლგბტი აქტივისტები, რისი საშუალებაც მართლმადიდებელმა მღვდლებმა არ მისცეს. ეკლესია 17 მაისის აღნიშვნას ეწინააღდმეგება და ამის საპირისპიროდ ილია მეორემ 17 მაისი ოჯახის სიმტკიცისა და მშობლების პატივისცემის დღედ გამოაცხადა.

მასალების გადაბეჭდვის წესი