ახალი ამბებიკომენტარი

რატომ არ დაესწრო მეჭიაური “ქართული ოცნების” ყრილობას – განსხვავებული საგარეო კურსი

14 მაისი, 2016 • 1721
რატომ არ დაესწრო მეჭიაური “ქართული ოცნების” ყრილობას – განსხვავებული საგარეო კურსი

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, თამაზ მეჭიაური სპორტის სასახლეში პარტიის ყრილობაზე არ იმყოფება. დეპუტატი “ნეტგაზეთთან” საუბრისას აცხადებს, რომ ყრილობაზე მიწვეული იყო, თუმცა არ სურდა, სპორტის სასახლეში მისვლით ვინმესთვის საზეიმო განწყობა გაეფუჭებინა.

როგორც თამაზ მეჭიაური აცხადებს, ქართული ოცნებიდან გამოსვლის ან პარტიაში დარჩენის შესახებ განცხადებას უახლოეს პერიოდში გააკეთებს. ყრილობაზე არმისვლის მიზეზად დეპუტატი საქართველოს პერმიერ-მინისტრის საგარეო კურსს და მის განცხადებებს ასახელებს ევროკავშირისა და ნატოს შესახებ.

“უბრალოდ, არ მინდა, ყრილობა ჩემი რაიმე განცხადებით დავაზიანო. ერთი რამ ცალსახაა – პრემიერმა გუშინ ცალსახად დააფიქსირა მისი ევროატლანტიკური არჩევანი და გაავლო ის სადემარკაციო ხაზი, რომლის იქით არ გადადის ქართული ოცნება. ყოველ შემთხვევაში, მისი კურსი არის ასეთი ურყევი და მე განსხვავებული აზრი მაქვს. უბრალოდ, მხოლოდ ზრდილობის გულისთვის ყრილობაზე ყოფნა უხერხული იქნებოდა. არც რაიმეთი მინდა დავაზიანო პარტია და გავაფუჭო საზეიმო განწყობა იქ. ამიტომაც უფრო გულით ვარ მიწვეული სხვაგან და იქ წავალ – ქალაქგარეთ, მეგობრებში,” – განუცხადა ნეტგაზეთს თამაზ მეჭიაურმა.

გიორგი კვირიკაშვილმა 13 მაისს ლონდონში, ანალიტიკურ ცენტრ Chatham House-ში ანალიტიკოსებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ მომავალში ერთიან და აყვავებულ საქართველოს ხედავს, რომელიც ამაყობს ევროკავშირისა და ნატოს წევრობით. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ის ხედავს მომავალს, რომელშიც საქართველო შეძლებს რთული პრობლემების გადაჭრას და კარგი ურთიერთობების განმტკიცებას ყველა მეზობელთან, რუსეთის ჩათვლით.

“ქართული ოცნების” ყრილობაზე პარტიის თავმჯდომარედ გიორგი კვირიკაშვილი ერთხმად დაამტკიცეს. ასევე, ერთხმად დაამტკიცეს “ქართული ოცნების” პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობა. ძველ წევრებთან ერთად, პარტიის ახლად არჩეულმა თავმჯდომარემ გიორგი კვირიკაშვილმა დელეგატებს პოლიტსაბჭოს ახალი შემადგენლობა წარუდგინა.

ამჟამინდელი პოლიტიკური საბჭოს წევრები არიან: კახა კალაძე – პარტიის გენერალური მდივანი, გიორგი ვოლსკი – დეპუტატი, მანანა კობახიძე – დეპუტატი, ეკა ბესელია – დეპუტატი, ირაკლი სესიაშვილი – დეპუტატი, ირაკლი ტრიპოლსკი, თემურ ჭკუასელი, დავით საგანელიძე, ნოდარ ხადური – ფინანსთა მინისტრი, ზვიად კვაჭანტირაძე – დეპუტატი, გედევან ფოფხაძე – დეპუტატი, ირაკლი კობახიძე – პარტიის აღმასრულებელი მდივანი, დავით ბაქარაძე – ევროინტეგრაციის მინისტრი, დავით კოღუაშვილი, მამუკა მდინარაძე – იურისტი სამართლის დოქტორი, ირინე ფრუიძე – ახალი მემარჯვენეების ყოფილი წევრი, რომან კაკულია, სოფიო კილაძე – შსს-ს აკადემიის პრორექტორი, აკაკი ზოიძე – კოლუმბიის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, ჯანმრთელობის მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მკვლევარი, ზვიად გონაძე – საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე.

ყრილობას ესწრებოდნენ ყოფილი პრემიერ-მინისტრები ბიძინა ივანიშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი.

ყრილობა პარტიის გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ გახსნა და დელეგატებს პარტიის თავმჯდომარეობის კანდიდატი წარუდგინა. მან ასევე მიმოიხილა “ქართული ოცნების” ხელისუფლების საქმიანობა 4 წლის განმავლობაში. ამის შემდეგ დელეგატებს ახლად არჩეულმა თავმჯდომარემ მიმართა და პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობის დამტკიცების შემდეგ ყრილობა დასრულდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი