ახალი ამბები

ივანიშვილის პრეს–სამდივნო გაცემული ფულადი დახმარებების შესახებ

11 ნოემბერი, 2011 • • 2185
ივანიშვილის პრეს–სამდივნო გაცემული ფულადი დახმარებების შესახებ
“ქართულ პრესაში გამოქვეყნდა იმ ადამიანთა სიის ფრაგმენტული ნაწილი, რომელთაც ბიძინა ივანიშვილის საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“ უწევს ყოველთვიურ დახმარებას. გვინდა განვაცხადოთ, რომ ამ სიის გასაჯაროება არ მომხდარა ფონდ „ქართუს“ ინიციატივით. გარდა ამისა, გვინდა ვთქვათ, რომ სია, რომელიც მედიასაშუალებებმა გამოაქვეყნეს, არაზუსტი და ფრაგმენტულია,” – აღნიშნულია ბიძინა ივანიშვილის პრესსამასახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

განცხადებაში, ასევე, აღნიშნულია, რომ მედიის საშუალებებს წლების განმავლობაში შეეძლოთ მიეღოთ ამომწურავი ინფორმაცია ფონდის საქმიანობის შესახებ, რითიც არც ერთი მედიასაშუალება არ დაინტერესებულა.

“ფონდი „ქართუ“ დახმარების თანხებს ანაწილებს მკაცრად განსაზღვრული კრიტერიუმის მიხედვით, რომლის ამოსავალიც არის ამ ადამიანთა ღვაწლი ქვეყნისა და ერის წინაშე. ამას გარდა, ფონდის მიერ გაიცემა ყოველთვიური დახმარება თეატრებზე, კულტურულ და სამეცნიერო დაწესებულებებზე. ამ თანხის თანამშრომლებზე გადანაწილება ყოველთვიური ხელფასების სახით კი ხდება მათივე ადმინისტრაციის მიერ და ამაში ფონდი არანაირ მონაწილეობას არ იღებს. გვინდა განვმარტოთ, რომ ფონდის მიზანი იყო და არის იმ ადამიანთა ღვაწლის დაფასება, რომელთაც უდიდესი წვლილი მიუძღვით ერის კულტურული და ინტელექტუალური პოტენციალის გაღრმავებაში და რომელთა დაფასებასაც სახელმწიფო სათანადოდ ვერ უზრუნველყოფს.

კიდევ ერთხელ გვინდა ხაზი გავუსვათ იმ ფაქტს, რომ ფონდი „ქართუ“ ღვაწლმოსილ ადამიანებს აფინანსებს მხოლოდ და მხოლოდ მათი დამსახურების მიხედვით და არა პოლიტიკური ან სოციალური სტატუსის ნიშნით.

რაც შეეხება გამოთქმულ აზრს, რომ ფონდი „ქართუ“ არ აფინანსებდა ხელმოკლე და სოციალურად დაუცველ პირებს და დაკავებული იყო ცნობადი სახეების დახმარებით, თავს მოვალედ ვთვლით, მხოლოდ რამდენიმე ასეთ პროექტზე შევაჩეროთ თქვენი ყურადღება – წლების განმავლობაში, ფონდის მიერ ფინანსდება რამდენიმე მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სახლი, თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატი; ფონდის დაფინანსებით ათეულობით ათას ხელმოკლე ადამიანს ჩაუტარდა სამედიცინო დახმარება როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ; ათასობით ადამიანი იღებს ყოველთვიურ ფინანსურ დახმარებას. ეს არის მხოლოდ მცირედი ჩამონათვალი იმ სოციალური პროექტებისა, რომელსაც ფონდი „ქართუ“ ახორციელებს და რომელშიც ბოლო 10 წლის განმავლობაში 120 მილიონი ლარი აქვს დახარჯული.

იმის გამო, რომ ადგილი ჰქონდა საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობას და იმის მტკიცებას, რომ აღნიშნული სიები ფონდის მიერ იქნა გავრცელებული, ზემოთმოყვანილი ფაქტების გაცხადება აუცილებლობად მივიჩნიეთ,” – ნათქვამია განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი