ახალი ამბები

კვირიკაშვილი: საქართველოს მოქალაქეების ურყევი ნებაა ევროკავშირში და ნატო-ში გაწევრიანება

14 მაისი, 2016 • 2716
კვირიკაშვილი: საქართველოს მოქალაქეების ურყევი ნებაა ევროკავშირში და ნატო-ში გაწევრიანება

გიორგი კვირიკაშვილმა 13 მაისს ლონდონში, ანალიტიკურ ცენტრ Chatham House-ში ანალიტიკოსებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ საქართველოს მოქალაქეების ურყები ნებაა ევროკავშირში და ნატოში გაწევრიანება.

“საქართველოს მიზანია ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოება, ხოლო საბოლოო ამოცანაა ევროკავშირში და თავისთავად ნატოში გაწევრიანება; მსურს, ვუთხრა ნებისმიერს, ვინც საქართველოს საგარეო კურსთან დაკავშირებით სპეკულირებს, კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ ესაა საქართველოს მოქალაქეების ურყევი ნება, რაც რამდენჯერმე დადასტურდა გამოკითხვებისა და რეფერენდუმის მეშვეობით,” – განაცხადა საქართვეოს პრემიერ-მინისტრმა.

 

მისი თქმით, საქართველოს მთავრობა საზოგადოების, ამომრჩევლის ნებას ასრულებს და ნატოს ვარშავის სამიტზე საქართველოს მიერ ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მიღწეული პროგრესის აღიარებას და ნატოსთან თანამშრომლობის არსებული ფორმატების გაფართოებას ელოდება.

“საქართველოს უსაფრთხოებისა და თავდაცვისუნარიანობის კუთხით ამ მიზნებს ალტერნატივა არ გააჩნია. განვითარება დამოკიდებულია რეგიონალურ სტაბილურობასა და მშვიდობაზე. საქართველო მონაწილეობს ნატოს „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში“ ავღანეთში. საქართველო ამ მისიის მეორე უდიდესი კონტრიბუტორი ქვეყანაა. ჩვენ თანმიმდევრულები ვართ ავღანეთის, ცენტრალური აფრიკისა და მალის მისიებში მონაწილეობის თვალსაზრისით. ჩვენ გვაქვს შესანიშნავი თავსებადობა ნატოს ჯარებთან” – განაცხადა პრემიერმა.

კვირიკაშვილი ამბობს, რომ მომავალში ერთიან და აყვავებულ საქართველოს ხედავს, რომელიც ამაყობს ევროკავშირისა და ნატოს წევრობით. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ხედავს მომავალს, რომელშიც საქართველო შეძლებს რთული პრობლემების გადაჭრას და კარგი ურთიერთობების განმტკიცებას ყველა მეზობელთან, რუსეთის ჩათვლით.

“ვხედავ საქართველოს, როგორც უმნიშვნელოვანეს ცენტრს, რომელიც უზრუნველყოფს ევროპის ენერგოუსაფრთხოებას, ძლიერ სავაჭრო, სატრანსპორტო და ლოგისტიკურ რეგიონულ ცენტრს. ვინმეს ეს აუხდენელ ოცნებად შეიძლება მოეჩვენოს, მაგრამ ინგლისურ ენაში არის ორი სიტყვა, რომელიც ადასტურებს, რომ ოცნების ახდენა შესაძლებელია, ეს სიტყვებია „ლესტერ სითი“. მჯერა, რომ ამ ხედვის ხორცშესხმაში მე შემიძლია მქონდეს გაერთიანებული სამეფოსა და ჩვენი სხვა ევროპელი პარტნიორების მხარდაჭერის იმედი,” – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

როგორც გიორგი კვირიკაშვილი აცხადებს, კონფლიქტების გადასაჭრელად არსებობს მხოლოდ მშვიდობიანი გამოსავალი:

“რუსეთთან ურთიერთობის დროს ჩვენ ვცდილობთ მაქსიმალურად კონსტრუქციულები ვიყოთ, თუმცა ეს არ ნიშნავს მომავალში ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების კუთხით ჩვენი სტრატეგიული მიზნების დათმობას.”

მისი თქმით, მთავრობა აგზავნის შესაბამის გზავნილებს, რათა რუსი პოლიტიკოსების მიერ საქართველოს სწრაფვა დასავლეთისკენ მეზობლების წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯებად არ იქნეს აღქმული.

“ჩვენ ვცდილობთ რუსეთთან არსებული დაძაბულობის დეესკალაციას, სავაჭრო და ადამიანებს შორის უშუალო ურთიერთობის ღიაობის უზრუნველყოფას. თუმცა, ისევ და ისევ, ეს არ უნდა მოხდეს ჩვენი უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული მიზნების დათმობის ხარჯზე. მწუხარებით მინდა აღვნიშნო, რომ პოლიტიკური თვალსაზრისით რუსეთი ანალოგიური მოქმედებებისთვის მზადყოფნას არ იჩენს,” – ამბობს კვირიკაშვილი.

პრემიერის პრესამსახურის ცნობით, კვირიკაშვილმა აღშფოთება გამოთქვა ცხინვალის დე ფაქტო ხელმძღვანელობის გეგმასთან დაკავშირებით, რომელიც რუსეთის ფედერაციაში შესვლის შესახებ შესაძლო რეფერენდუმის ჩატარებას ეხება. პრემიერ-მინისტრის შეფასებით, ეს განცხადება საერთაშორისო სამართლის მოქმედ პრინციპებს სრულიად ეწინააღმდეგება.

“გრძელდება ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის ადმინისტრაციულ სასაზღვრო გამყოფ ზოლზე მძევლად აყვანის/გატაცების ფაქტები; აფხაზეთში, გალის რაიონში, ეთნიკურად ქართველ მოსახლეობას ეზღუდება განათლების ქართულ ენაზე მიღების უფლება. ჩვენ გვსურს, ამ საკითხებს მივაპყროთ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ყურადღება. ორი დღის წინ შევხვდი თომას ჰამერბერგს, რომელსაც ევროსაბჭოს მიერ აფხაზეთში ჰუმანიტარული მდგომარეობის შეფასება და ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტების შესწავლა აქვს დავალებული. მე მასთან მორიგი შეხვედრა ორშაბათს მექნება. როგორც თქვენთვის ცნობილია, საქართველოს ტერიტორიების დაახლოებით 20 პროცენტი დღესაც ოკუპირებულია. გამოწვევების მიუხედავად, ვცდილობთ გავატაროთ ნდობის აღდგენისკენ მიმართული პოლიტიკა და მივიღოთ შესაბამისი ზომები, რაც გულისხმობს აფხაზი და ოსი მოსახლეობისთვის ჯანდაცვისა განათლების უფასო სერვისების უზრუნველყოფას. სიამაყით მინდა აღვნიშნო, რომ ნდობის აღდგენისკენ მიმართული ზომები იმედისმომცემ შედეგებს იძლევა,” – განაცხადა პრემიერმა და აღნიშნა, რომ ქართველებს, აფხაზებსა და ე.წ სამხრეთ ოსეთის მოსახლეობას შორის ნდობა ხელახლა ყალიბდება.

მთავრობის მეთაურის განცხადებით, ეს ხანგრძლივი პროცესია, მაგრამ მთავრობა თანმიმდევრული იქნება:

“კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ საქართველო გასული ათწლეულების მანძილზე რამდენიმე კონფლიქტის შედეგად დაკარგული ნდობის აღსადგენად მშვიდობიან ზომებს თანმიმდევრულად იყენებს. ამ კონფლიქტების გადასაჭრელად შეიარაღებული ძალის გამოყენება დაუშვებელია, არსებობს მხოლოდ მშვიდობიანი გამოსავალი, რომელიც საქართველოს მთავრობის თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგად მიიღწევა.”

საქართველოს მთავრობის მეთაურმა ბოლო პერიოდის მიღწევებზე საუბრისას აღნიშნა, რომ საქართველო, რომელიც დანგრეული იყო სამოქალაქო ომისაგან და ნადგურდებოდა შეიარაღებული დაჯგუფებების მიერ, გადაიქცა სახელმწიფოდ, რომელსაც აკავშირებს ასოცირების შეთანხმება ევროკავშირთან, რომელმაც მიაღწია შესამჩნევ პროგრესს რეგიონში დემოკრატიის ერთ-ერთი საუკეთესო სტანდარტის დამკვიდრების, ეკონომიკური ზრდის დინამიკით და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით.

“ჩვენ ძალიან ვამაყობთ ჩვენი წარმატებებით. მე ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი მომავალთან დაკავშირებით, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ვხედავ პროგრესს, რომელსაც ჩვენ მივაღწიეთ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში. რეგიონში თითქმის ყველა ვალუტის კურსის მკვეთრი დაცემის მიუხედავად, საქართველომ ძალიან სტაბილური გაცვლითი კურსი შეინარჩუნა და პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 2014 წელს იყო ერთ-ერთი უმაღლესი მაჩვენებელი ბოლო 10 წლის განმავლობაში,” – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ანტიკორუფციულ სამიტში მონაწილეობის გარდა, დიდ ბრიტანეთში მისი ვიზიტის მიზანია ბრიტანელ ინვესტორთა ინფორმირებულობის გაზრდა საქართველოს ეკონომიკური პროგრესისა და საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, მსოფლიო ბანკის თანახმად, საქართველო ერთ-ერთი წამყვანია მსოფლიოში ბიზნესის წარმოების სიმარტივის კუთხით, გადასახადების სიმსუბუქის თვალსაზრისით კი მე-9 ადგილზეა მსოფლიოში.

“უცხოური ინვესტიციები ჩვენს ქვეყანაში დღითიდღე იზრდება, ხოლო წამყვანი სარეიტინგო სააგენტოების თანახმად, საქართველო სტაბილური ქვეყნების კატეგორიაში შედის. ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა წარმოუდგენელია ინვესტიციების მოზიდვის გარეშე. ჩემს მთავრობას აქვს ოთხპუნქტიანი რეფორმების დღის წესრიგი, რომელიც მიზნად ისახავს გრძელვადიანი მდგრადი განვითარებისა და ინკლუზიური ზრდის უზრუნველყოფას. ჩვენი რეფორმები მოიცავს საგადასახადო სისტემას, კაპიტალის ბაზრებს, განათლებასა და ჯანდაცვას, ასევე საპენსიო რეფორმას. ყოველივე ეს ცხადყოფს მთავრობის მტკიცე გადაწყვეტილებას, მოამზადოს თანამედროვე, განათლებული და ჯანმრთელი კადრები, რომლებიც მზად არიან გლობალურ ეკონომიკაში კონკურენციისთვის. ისტორიულად საქართველო ყოველთვის ასრულებდა მნიშვნელოვან გეოგრაფიულ როლს სამხრეთ კავკასიის რეგიონში. ბოლო პერიოდში საქართველო იქცა სასიცოცხლო მნიშვნელობის სატრანზიტო და ენერგეტიკულ დერეფნად. საქართველოზე გადის მილსადენები, რომლებითაც კასპიის ზღვის რეგიონის ნავთობი და გაზი მიეწოდება თურქეთსა და ევროპას, ასევე ახალი გზატკეცილები და რკინიგზის ქსელები, რის წყალობითაც საქართველო იქცა მნიშვნელოვან ლოგისტიკურ ცენტრად. შავი ზღვის პორტების შემდგომი განვითარება, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ჩათვლით, აძლიერებს საქართველოს, როგორც აბრეშუმის გზის გაყოლებაზე განლაგებული ცენტრის როლს,” – განაცხადა პრემიერმა.

გიორგი კვირიკაშვილმა ასევე ისაუბრა „ბრითიშ პეტროლიუმის“ აღმასრულებელ დირექტორთან გამართულ შეხვედრაზე და აღნიშნა, რომ საუბრის მთავარი თემა იყო სამხრეთ კავკასიის გაზის დერეფნის გაფართოების პროექტი, რომლის ღირებულება  45 მილიარდია.

“აქედან 2 მილიარდი ინვესტირებული იქნება საქართველოში. ჩვენ გვაკავშირებს ბრწყინვალე თანამშრომლობა და ამ პროექტის წყალობით 2015 წელს დიდი ბრიტანეთი იყო ერთ-ერთი უდიდესი ინვესტორი. ჩვენ ვთანამშრომლობთ აზერბაიჯანთან, თურქეთთან, ევროპის ქვეყნებთან. ეს მნიშვნელოვანი სტრატეგიული პროექტია რეგიონის მნიშვნელობის ზრდის, ევროპისთვის ენერგომატარებლების დივერსიფიცირების მიმართულებით და რეგიონში უსაფრთხოების ზრდის კუთხით,” – აღნიშნა პრემიერმა.

გიორგი კვირიკაშვილმა ასევე ისაუბრა შესაძლებლობებზე, რომლებსაც ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება ქმნის ქართული კომპანიებისა და ინვესტორებისთვის, რამდენადაც თავისუფალი ვაჭრობის შესაძლებლობებს სთავაზობს ინვესტორებს, ვინც აწარმოებს საქართველოში, განახორციელოს პროდუქციისა და მომსახურების ექსპორტი.

“ეს არა მხოლოდ ხსნის სატარიფო ბარიერებს ქართული კომპანიებისთვის, არამედ ინსტიტუციურ ბარიერებს, რამდენადაც, შეთანხმების ნაწილია ქართული საბაზრო ეკონომიკის ინსტიტუტების ტრანსფორმაცია და ევროპულ სტანდარტებთან დაახლოება. კონკურენციის სააგენტოს, სტანდარტიზაციისა და მეტროლოგიის ინსტიტუტებს, ფიტოსანიტარიულ ინსტიტუტებს და სურსათის უსაფრთხოების ინსტიტუტებს ვაახლოებთ ევროპულ სტანდარტებთან, რაც გულისხმობს იმას, რომ საქართველოში წარმოებული პროდუქციისა და სერვისების სტანდარტები შესაბამისობაში იქნება ევროპულ სტანდარტებთან,” – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მთავრობის მეთაურმა სიტყვით გამოსვლისას ასევე ისაუბრა პროგრესზე, რომელსაც საქართველომ ადამიანის უფლებების, მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის და მედიის თავისუფლების კუთხით მიაღწია.

 

გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს საგარეო კურსზე ამავე კონტექსტში ისაუბრა აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და საქართველოს ერთობლივ სამხედრო წვრთნებზე, „ღირსეული პარტნიორი 2016“, რომელიც ქართველი სამხედროების ნატოს ჯარებთან თავსებადობისა და საექსპედიციო შესაძლებლობების უზრუნველყოფას ისახავს მიზნად.

შეხვედრა ანალიტიკურ ცენტრ Chatham House-ში. 13.05.2016. ფოტო: პრემიერის პრესსამსახური

შეხვედრა ანალიტიკურ ცენტრ Chatham House-ში. 13.05.2016. ფოტო: პრემიერის პრესსამსახური

 

მასალების გადაბეჭდვის წესი