ახალი ამბები

ხუხაშვილი: ბურჭულაძეს აქვს შესაძლებლობა, რომ გადაუწყვეტელი ამომრჩეველი მიიმხროს

12 მაისი, 2016 • 1626
ხუხაშვილი: ბურჭულაძეს აქვს შესაძლებლობა, რომ გადაუწყვეტელი ამომრჩეველი მიიმხროს

პაატა ბურჭულაძემ დღეს, 12 მაისს, განაცხადა, რომ მიდის პოლიტიკაში და აფუძნებს პოლიტიკურ მოძრაობას “სახელმწიფო ხალხისთვის”.  რა პერსპექტივა აქვს პაატა ბურჭულაძეს ქართულ პოლიტიკაში, რამდენად შეძლებს წარმატებული პარტიის ჩამოყალიბებას, როგორი საგარეო კურსი ექნება მას, ამ საკითხებზე “ნეტგაზეთი” ბიძინა ივანიშვილის ყოფილ მრჩვეელს, გია ხუხაშვილს ესაუბრა:

უპირველსად გკითხავთ წერილის ზოგად პათოსზე. არის ეს ქარიზმატული ლიდერის წერილი, რომელიც რადიკალურ ცვლილებებს ჰპირდება მოსახლეობას. თქვენ რას ფიქრობთ?

კატეგორიული ვერ ვიქნები, მაგრამ ჩვენს მოსახლეობას ეს ტონი პრინციპში მოსწონს. შეიძლება ითქვას, ზომიერების ზღვარზეა დაწერილი. ამ ტიპის ემოცია ადამიანებს მოსწონთ. რაც მთავარია, სწორად არის ნაპოვნი იმ ისტორიული ორომტრიალის ფორმულა, ალგორითმი, რაშიც გვიწევს ცხოვრება. რაც შეეხება პათეტიკას, ასეთია ჩვენი ამომრჩეველი, ჩვენთან ყველაზე რეიტინგული რა არის? – სერიალები და ასე შემდეგ. ეს ტონი ამომრჩევლისთვის მისაღებია.

ეს წერილი რაღაცით ჰგავს ბიძინა ივანიშვილის განცხადებას, როდესაც 2011 წელს გააცხადა პოლიტიკაში მოსვლის თაობაზე?

განსხვავება არის გარკვეულწილად. ბიძინა ივანიშვილის განცხადებაში მთავარი პათოსი იყო “შუას გაკრეფა”, ანუ ფრონტის ხაზის გატარება და კონსოლიდაცია ორპოლუსიან პოლიტიკურ სისტემაში. პრინციპში, მაშინდელი პოლიტიკური ვითარება სხვა შანსს არც ტოვებდა. დღეს ვითარება შეცვლილია დიდწილად. ეს ვირტუალური ორპოლუსიანობა უკვე წარსულშია. ეს ორი პოლუსი – “ქართული ოცნება” და “ნაციონალური მოძრაობა” უმცირესობაში არიან დარჩენილი. ცდილობენ, რომ ორპოლუსიანი დატოვონ, მაგრამ ვფიქრობ, რომ ძალიან გაუჭირდებათ. დიდი ხანია შევდგით მულტიპარტიულ პოლიტიკაში ფეხი. მიუხედავად იმისა, რომ დღეს სიმძიმის ცენტრები არ ჩანან, გარდა ბიძინა ივანიშვილისა და მიხეილ სააკაშვილისა, მე ვფიქრობ, რომ უახლოეს პერიოდში ეს ყველაფერი გათანაბრდება და გადანაწილდება.

პოლიტტექნოლოგიურად შეიძლება მსგავსება დავინახოთ, მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ შუას გაკრეფა არ მომხდარა, უფრო მაკონსოლიდირებელია, კარებს ღიას ტოვებს ყველასთვის, მათ შორის “ქართული ოცნებისა” და “ნაციონალური მოძრაობის” წევრებისთვისაც. ასე რომ, მსგავსება არის, მაგრამ განსხვავებაც საკმაოდ სერიოზულია.

ესე იგი, პოლიტიკურ პარტიებს შორის კონკურენციის თვალსაზირისით რაღაც სიახლე შემოაქვს პაატა ბურჭულაძეს?

სიახლე შემოაქვს, მაგრამ ეს სიახლე არის კანონზომიერი. ვნახოთ, რა ვითარებაა დღეს ქვეყანაში: ამომრჩევლის ნაწილი არის აპათიაში. ის უარს ამბობს არსებულ პოლიტიკურ ელიტაზე, რომ მას ჰყავს ცუდი ხელისუფლება და უარესი ოპოზიცია, და ეძებს ახალ არჩევანს. უნდა სუფთა ფურცლიდან დაიწყოს, ახალი ლიდერები იხილოს, რომლებიც არ არიან წარსულის ცოდვებით და მუდმივი წარუმატებლობით დამძიმებული.

პრინციპში, პაატა ბურჭულაძის ფაქტორი ამ მოთხოვნას ბაზარზე პასუხობს გარკვეულწილად. სხვა საკითხია, რამდენად შეუძლია პაატა ბურჭულაძეს ამომრჩევლისთვის მიზიდულობის ცენტრი გახდეს. ამ კითხვაზე მას კიდევ მოუწევს პასუხების გაცემა.. ეს არ არის მარტივი, გამომდინარე იქიდან, რომ მას არ აქვს პოლიტიკური გამოცდილება. ვითარება ძალიან ეკლექტურია და ჯერ მას არ ჩაუბარებია მთავარი ტესტები.

რომელია მთავარი ტესტები?

გამომდინარე ჩვენი პოლიტიკური პროცესის ლოგიკიდან, ახლა დაიწყება ნიაღვრის გადმოსხმა პაატა ბურჭულაძეზე. ამაში ჩაერთვება საკმაოდ სერიოზული სისტემა, პრაქტიკულად ყველა მხრიდან, რომელთანაც ვერ მოახერხებს მოკლე დროში ხიდების გადებას. ჩვენ უნდა დავინახოთ, შეძლებს თუ არა იგი ღირსეულად ამ დარტყმების მოგერიებას, ექნება თუ არა დამაჯერებელი პასუხები და რამდენად არ აყვება ემოციას და ცივ გონებას შეინარჩუნებს.

ამის შემდეგი უნდა იყოს, მოახერხებს თუ არა ის რეალური მიზიდულობის მქონე ძალის ცენტრის შექმნას, რაც უნდა მოახერხოს მაქსიმალური კონსოლიდაციით. “ქართული ოცნება” და “ნაციონალური მოძრაობა” სხვადასხვა  რესურსით: ადმინისტრაციული, მატერიალური, მედიის რესურსებით, ცდილობენ, რომ განცდა ორპოლუსიანობისა შეინარჩუნონ. სინამდვილეში მათი მთავარი ოპონენტი არის ქართული საზოგადოება, რომელსაც არ მოსწონს არც ერთი. ეს არის ცენტრი. ამ ცენტრის ლიდერის პოზიციაში უნდა მოახერხოს პაატა ბურჭულაძემ მოქცევა და შეისრუტოს ეს აუთვისებელი ენერგია. ეს არის შემდეგი ტესტი, რომ დაარწმუნოს ეს ადამიანები, რომ ის მარტო კარგი ადამიანი კი არ არის, მას შეუძლია კიდევაც დამარცხება ამ ორი ნეგატივის, რომელმაც იმედი გაუცრუა ქართულ საზოგადეობას.

რომელი ძალების ამომრჩეველი შეიძლება მიიზიდოს პაატა ბურჭულაძემ?

საქმეც ისაა, რომ მას არ სჭირდება ვინმეს ამომრჩევლის მიზიდვა. ყველა კვლევა აჩვენებს რომ ამომრჩევლის 60% არის ნეიტრალურ ზონაში, ან არ მიდის არჩევნებზე, ან თუ მიდის, მას არ აქვს არჩევანი გაკეთებული. მას არ მოსწონს არავინ, ის ითხოვს ახალ ლიდერს. ზუსტად ასეთი შეთავაზებაა პაატა ბურჭულაძე, რომელიც არ არის წარსულის პოლიტიკური ცოდვებით დამძიმებული. ამომრჩვეელი უკვე გამზადებულია, უბრალოდ, მან უნდა შეძლოს მისი მიზიდვა.

“ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ იგი არის ნაციონალური მოძრაობის სატელიტი. რამდენად შეიძლება განვიხილოთ ბურჭულაძე და მისი პარტია ასეთ ძალად?

ქართულ პოლიტიკაში გამორიცხული არაფერი არ არის. საქმე ისაა, რომ ძალიან ბევრი რამ ჩანს გუნდიდან: ვინ არიან ისინი და საიდან მოდიან. ეს ძალიან სერიოზული განმსაზღვრელი ფაქტორია. რომ ვივარაუდოთ შეთქმულების თეორიით, რომ მის უკან დგას ნაციონალური მოძრაობა, თუ გუნდი არ არის შესაბამისად აწყობილი, სურვილის შემთხვევაშიც კი გაუჭირდება ამ თამაშის თამაში. მე ვგულისხმობ ჯანდიერის როლს, რომელიც მუდმივად აპელირებს გირგვლიანის თემით, რაც არის ყველაზე მტკივნეული თემა ნაციონალური მოძრაობისთვის. ამის გარდა არის კიდევ სხვა ინდიკაციები, რაც ჩემთვის გარკვეულ სკეპტიციზმს იწვევს ამ თემასთან დაკავშირებით.

ბურჭულაძე ასევე დაახლოებული პირია საპატრიარქოსთან, აშენებს ეკლესიებს. მეორე მხრივ, ეკლესიას აქვს პოლიტიკური საკითხების მიმართ ინტერესებიც, უნდა ველოდოთ თუ არა სეკულარიზმის შესუსტებას, და ეკლესიის გავლენის კიდევ უფრო ზრდას პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებისას?

მე ვაკვირდები ამ ბოლო პერიოდში პაატა ბურჭულაძეს. ის ამ თემით არ სპეკულირებს და ძალიან სწორად იქცევა, ხელისუფლებისგან განსხვავებით. ხელისუფლება ამ ბოლო პერიოდში უფრო გახდა ეკლესიისკენ მიდრეკილი. საერთოდ, როცა გაუჭირდებათ, მერე გაახსენდებათ ხოლმე ეკლესია.

ის, რომ ეკლესიურია, ეს დიდი ხანია ვიცით. რაც მან პოლიტიკაში გადაწყვიტა ინტეგრაცია, თუნდაც საზოგადოებრივ ცხოვრებაში, მას დემონსტრაციულად უჭრავს დისტანცია ეკლესიისგან. არც ვურჩევდი, ზედმეტი აქცენტები გაეკეთებინა ამ მიმართულებით. ეს არ წაადგება მის ამ პოლიტიკურ განვითარებას.

ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ხომ არ შეიძლება გადაიქცეს ეს ფაქტორი მნიშვნელოვნად პაატა ბურჭულაძისთვის?

ასე ყველასთვის შეიძლება გადაიქცეს. ჩვენ ვხედავით, რას აკეთებდა თავისი მზის ჩასვენების პერიოდში ირაკლი ღარიბაშვილი – ეკლესიიდან ფაქტობრივად არ გამოდიოდა. ამიტომ გეუბნებით, როცა გაუჭირდებათ, ეკლესიას მიაკითხავენ-მეთქი. სეკულარიზმს სისტემურად არაფერი არ ემუქრება. ეს მოგონილი თემებია. ის, რომ ეკლესია არის ავტორიტეტული ინსტიტუტი, ეს არ ნიშნავს, რომ ის საფრთხეს უქმნის სეკულარიზმს. თუნდაც პატრიარქის ფიგურიდან და მისი მენტალობიდან გამომდინარე. მიუხედავად კონსერვატიზმის საკმაოდ სერიოზული პრობლემებისა, ქართულ ეკლესიაში ასეთი საფრთხე რეალურად არ არსებობს.

ახლა საგარეო კურსზე ვისაუბროთ. რამდენად შეიძლება დაესვას კითხვის ნიშანი მის პროდასავლურობას. იგი საუბრობს ევროკავშირზე, თუმცა არა ნატოზე, რომელსაც რუსეთის მთავარი საფრთხედ მიიჩნევს?

გამიჭირდება რაიმე დიაგნოზის დასმა ამ კუთხით, ასეთი კატეგორიული ვერ ვიქნები მის ხედვებთან დაკავშირებით, არ ვიცნობ ამდენად კარგად. თუმცა, თუ გავიხსენებთ მის ბოლო ვიზიტს შეერთებულ შტატებში, რომელიც ჩემი აზრით იყო საკმაოდ საინტერესო და ინტენსიური, საკმაოდ კეთილგანწყობილი გამოჩნდა აშშ-ის პოლიტიკური ელიტა მის მიმართ. ვფიქრობ, რომ იქ ამ საკითხებზეც იქნებოდათ საუბარი და ვერ ვიტყვი, რომ იქ ვინმეს კითხვები აქვს ამ კუთით მის მიმართ. ეს ჩემთვის არის საკმაოდ სერიოზული ინდიკაცია, რომ ამ კუთხით აშკარა საფრთხის მოლოდინი გამაჩნდეს.

წერილში ასევე საუბრობს იმაზე, რომ საქართველოს არ უნდა ჰყავდეს არაფორმალური ლიდერი, რომელსაც ებმის წინადადება, რომ დასავლეთიდან არ უნდა ველოდოთ შეფასებებს. ხომ არ ამჟღავნებს იგი ევროპისადმი  უარყოფითი ხატის ქონას და აძლიერებს ერთგვარად ცუდ საზოგადოებრივ განწყობებს?

მე არ მრჩება ასეთი შთაბეჭდილება, თუმცა არაფერი არაა გამორიცხული. მას ჯერ არ ულაპარაკია, არ გაუცია ამ კითხვებზე ვრცელი პასუხები, მწვავე კითხებზე. იმედი მაქვს, რომ უახლოეს დღეებში ის დაიწყებს, როგორც პოლიტიკოსი, კომუნიკაციას საზოგადეობასთან. თქვენზეა დამოკიდებული, რამდენად შექმნით მის ობიექტურ პორტრეტს. ჯერჯერობით მივიღეთ ბნელ ოთახში შავი კატა, ჯერჯერობით, რომელსაც თეორიულად აქვს პერსპექტივა. პრაქტიკულად არ შემიძლია, ყველაფერზე გიპასუხოთ. ეს გამოჩნდება ახლო პერიოდში, მისი თქვენთან კომუნიკაციის პირობებში.

მასალების გადაბეჭდვის წესი