ახალი ამბები

უსუფაშვილი საკონსტიტიციო სასამართლოს კანონპროექტზე: მოსალოდნელია ვეტო

12 მაისი, 2016 • 1142
უსუფაშვილი საკონსტიტიციო სასამართლოს კანონპროექტზე: მოსალოდნელია ვეტო

პარლამენტი დღეს, 12 მაისს მეორე მოსმენით განიხილავს კანონპროექტს “საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე. როგორც პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დავით უსუფაშვილმა განაცხადა, კანონპროექტი ვენეციის კომისიას უნდა გაეგზავნოს:

“როდესაც ტექსტებს ვადარებ ერთმანეთს, რა არის დღეს და რა იყო შემოსული, ასევე, რამდენი მნიშვნელოვანი შენიშვნა იქნა გათვალისწინებული, მე ვხედავ ინიციატორების განწყობას, რომ მაქსიმალურად გაიზიარონ შენიშვნები და კანონპროექტის ტექსტი დაიხვეწოს. ვენეციის კომისიისთვის კანონპროექტის გაგზავნას ალტერნატივა არ აქვს, აუცილებლად უნდა გაიგზავნოს და ის მოსაზრება, რომ ბოლომდე შეჯერებული ვარიანტი გაიგზავნოს, სწორია.”

უსუფაშვილის თქმით, მან ამ კანონპროექტზე პრეზიდენტთან ისაუბრა და, სავარაუდოდ, გიორგი მარგველაშვილი მიღების შემთხვევაში კანონს ვეტოს დაადებს:

“თუ ინიციატორები მოითხოვენ, რომ საკითხი განხილული იქნას და თუ ის საკითხები, რაზეც მსჯელობა იყო, გათვალისწინებულია, მე მზად ვარ მხარი დავუჭირო პროექტს, მაგრამ საკანონმდებლო პროცესში სხვა მოთამაშეებიც არიან. ჩვენ საკომიტეტო მოსმენაზე გვესწრებოდა პრეზიდენტის წარმომადგენელი, მან გამოხატა თავისი პოზიციები. პრეზიდენტთან მეც მქონდა საუბარი სხვა საკითებზე და ამ თემაზეც მათ გარკვეული განწყობა არ დაუმალავთ, რომ დიდი ალბათობით ვეტო მოსალოდნელია ამ კანონპროექტზე. ამ ყველაფრის გათვალისწინებით უნდა შევხედოთ ვითარებას.”

კანონპროექტის განხილვის შეჩერებას მოითხოვს საპარლამენტო ოპოზიცია. “ნაციონალური მოძრაობის” და “თავისუფალი დემოკრატების” წევრები მიიჩნევენ, რომ კანონპროექტი ვენეციის კომისიას უნდა გაეგზავნოს და მხოლოდ მათი დასკვნის შემდეგ უნდა გაგრძელდეს კანონპროეტის განხილვის პროცესი.

საქართველოში ვიზიტის შემდეგ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) თანამომხსენებლებმა, ბორის სილევიჩმა და კერსტინ ლუნდგრენმა გუშინ განცხადება გამოაქვეყნეს, რომელშიც აღნიშნულია, რომ ისინი მიესალმებიან საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის განზრახვას, რომ გაუგზავნოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი ვენეციის კომისიას, რათა კომისიამ საკუთარი მოსაზრებები გამოთქვას მანამ, სანამ ეს კანონპროექტი მეორე მოსმენით განიხილება საქართველოს პარლამენტში.

“ეს გაფანტავს შიშებს, რომ როცა ეს შესწორებები შევა ძალაში, ის არ შეუშლის ხელს საკონსტიტუციო სასამართლოს ეფექტურ ფუნქციონირებას. საკონსტიტუციო სასამართლოს, როგორც დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი არბიტრის როლი უნდა იყოს უზრუნველყოფილი. თუკი მომდევნო რამდენიმე დღის მანძილზე ვენეციის კომისიას გაეგზავნება ეს შესწორებები, კომისიას შესაძლობელობა ექნება მისი მოსაზრება გამოაქვეყნოს ივნისის პლენარულ სესიაზე, რაც საშუალებას მისცემს პარლამენტს გაითვალისწინოს ვენეციის კომისიის რეკომენდაციები კანონის საბოლოოდ მიღებამდე, ვიდრე მოქმედი პარლამენტი დაასრულებს სესიებს,” – აცხადებენ თანამომხსენებლები.

მასალების გადაბეჭდვის წესი