ახალი ამბები

პენსია პენსიონერების ნაწილისთვის გაიზრდება

9 ნოემბერი, 2011 • 1225
პენსია პენსიონერების ნაწილისთვის გაიზრდება

საქართველოში საპენსიო ასაკი ქალებისთვის 60, ხოლო მამაკაცებისთვის 65 წლითაა განსაზღვრული, თუმცა პენსია 2012 წლის სექტემბრიდან მხოლოდ 67 წელს გადაცილებული პენსიონერებისთვის გაიზრდება 125 ლარამდე, რასაც– 15 ლარიანი სადაზღვევო პაკეტი დაემატება.

დღეს საქართველოს პრეზიდენტმა პრემიერ–მინისტრთან, ჯანდაცვისა და ფინანსთა მინისტრებთან ერთად საქართველოში საპენსიო პაკეტის ზრდის შესახებ ისაუბრა.

პრეზიდენტის ოფიციალურ გვერდზე ფეისბუქში ნათქვამია, რომ 2012 წლის სექტემბრიდან 67 წელს გადაცილებული ასაკის ადამიანებისთვის პენსია 125 ლარამდე გაიზრდება, რასაც დაემატება 15– ლარიანი სადაზღვევო პაკეტი.

„მომავალ წელს პენსიების ზრდის ტენდენცია გაგრძელდება, მაგრამ ჩემი დაპირება არ დამვიწყებია. როგორი კრიზისიც არ უნდა იყოს, ჩემი პრეზიდენტობის ვადის ამოწურვამდე, პენსიების ზრდა ეტაპობრივად უნდა გაგრძელდეს. ჩვენ მაქსიმალურად უნდა დავუახლოვდეთ და შევასრულოთ ის დაპირება, რომელიც 2008 წლის იანვარში მივეცით მოსახლეობას. ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, რომ ჩვენი საზოგადოების ყველაზე დამსახურებული და, ამავდროულად, დაუცველი ნაწილი არიან ჩვენი პენსიონერები. ამიტომ, რა თქმა უნდა, მათთვის ორი საკითხია მთავარი – ჯანდაცვა და დაზღვევა“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

2008 წელს მიხეილ სააკაშვილმა პირობა დადო, რომ პენსია 100 დოლარამდე გაიზრდებოდა, თუმცა ეს დაპირება ამ დრომდე არ შესრულებულა. საქართველოში საპენსიო ასაკი 65 წლითაა განსაზღვრული, თუმცა პენსია 2012 წლის სექტემბრიდან მხოლოდ 67 წელს გადაცილებული პენსიონერებისთვის გაიზრდება 125 ლარამდე, რასაც 15– ლარიანი სადაზღვევო პაკეტი დაემატება.

საქართველოს მთავრობის ცნობით, სადეზღვევო პაკეტი 2012 წლის სექტემბრიდან გათვალიწინებული იქნება ყველა პენსიონერზე. ნიკა გილაურმა განაცხადა, რომ სადაზღვევო პაკეტის ფარგლებში 15 000 ლარამდე გეგმური ოპერაცია 20– პროცენტიანი თანადაფინანსებით ანაზღაურდება, ხოლო გადაუდებელი ოპერაციები ულიმიტოა და ამ შემთხვევაშიც, სახელმწიფოს მხრივ დაფინანსება 80 პროცენტს შეადგენს. რაც შეეხება წამლების ანაზღაურებას, დაზღვევის ფარგლებში, ლიმიტი 200 ლარით განისაზღვრა და სახელმწიფო მათი ღირებულების 50 პროცენტს დაფარავს. ასევე, მთლიანად დაიფარება სისხლისა და შარდის ანალიზები.

მასალების გადაბეჭდვის წესი