ახალი ამბები

გილაური ნატო–საქართველოს კომისიის სხდომაზე

9 ნოემბერი, 2011 • 1257
გილაური ნატო–საქართველოს კომისიის სხდომაზე

ანდერს ფოგ რასმუსენი და ნიკა გილაური; ფოტო: რასმუსენის პრესსამსახური
ანდერს ფოგ რასმუსენი და ნიკა გილაური; ფოტო: რასმუსენის პრესსამსახური

ნატო–საქართველოს კომისიის სხდომაზე საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ნიკა გილაურმა ავღანეთში ქართველი ჯარისკაცების მისიაზე ისაუბრა  და აღნიშნა, რომ ქართული ჯარი ავღანეთში მშვიდობის დასამყარებლად იბრძვის და ეხმარება საერთაშორისო უსაფრთხოებას.

მან საქართველოს ნატოში ინტეგრაციის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს საკითხი ცალკეული პარტიის სურვილი კი არა, მთელი პოლიტიკური სპექტრის შეთანხმების ნაწილია. მისივე თქმით, ბოლო პერიოდში ჩატარებული კვლევის თანხმად, საქართველოს მოსახლეობის თითქმის 80 პროცენტი ნატოში ინტეგრაციის მომხრეა.

გილაურის თქმით, ბუქარესტის სამიტის შემდეგ საქართველოს ნატოში ინტეგრაციისთვის ბევრი რეფორმა გატარდა ეკონომიკის განვითარების, სასამართლო სისტემის დახვეწის, კორუფციასთან და ბიუროკრატიასთან ბრძოლის კუთხით.

„ზემოთ თქმულის საილუსტრაციოდ მე შემიძლია მოვიყვანო Transparency International-ის ბოლო კვლევის შედეგები, სადაც საქართველო ნაკლებად კორუფციული ქვეყნის სიაში ლიდერობს. ეს მაჩვენებელი 3%–ს შეადგენს და ამ მხრივ ჩვენ წინ ვუსწრებთ ისეთ ქვეყნებს, როგორებიცაა: აშშ, ბრიტანეთი, სინგაპური და ა.შ.

რა თქმა უნდა, ყველაფერი კარგად არ არის, პრობლემები გვაქვს დასაქმების მხრივ, თუმცა ეკონომიკაში გატარებული რეფორმებით რეგიონში ლიდერის პოზიციას ვინარჩუნებთ. ჩვენ ვართ ექსპორტიორები აღნიშნული რეფორმების სხვადასხვა ქვეყნებში. მაშინ, როდესაც პოსტსაბჭოთა ქვეყნებში დემოკრატიის, სიტყვის თავისუფლების დეფიციტია, ისინი ამის სანახავად ჩვენთან ჩამოდიან, რათა ჩვენი რეფორმები გაიცნონ და შემდგომ თავიანთ ქვეყნებში პრაქტიკაში დანერგონ”, – განაცხადა ნიკა გილაურმა.

ნატო–საქართველოს კომისიის სხდომა, რომელიც სასტუმრო “რედისონ ბლუ ივერიაში” გაიმართა, რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. კომისიის სხდომაში მონაწილეობდნენ: ნატოს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი, ნატოს 28 წევრი ქვეყნის მინისტრები, საქართველოს პრემიერ–მინისტრი ნიკა გილაური, ვიცე–პრემიერი გიორგი ბარამიძე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე თორნიკე გორდაძე და საქართველოს ელჩი ნატოში გეგა მგალობლიშვილი.

ნატოს გენერალური მდივანი  ორდღიანი სამუშაო ვიზიტით საქართველოს დღეს ეწვია. ანდერ ფოგ რასმუსენის თქმით, ვიზიტის მთავარი ფოკუსი მიმართული იქნება საქართველოში გატარებული საშინაო რეფორმების მიმართ, როგორიცაა– ბრძოლა კორუფციასთან, სასამართლო სისტემის რეფორმა, სიტყვის თავისუფლების მდგომარეობა, ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ზრდის მაჩვენებლები და სხვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი