ახალი ამბები

ნატო–საქართველოს კომისიის სხდომა დასრულდა

9 ნოემბერი, 2011 • 1091
ნატო–საქართველოს კომისიის სხდომა დასრულდა

რამდენიმე წუთის წინ დასრულდა ნატო–საქართველოს კომისიის სხდომა, რომელიც სასტუმრო “რედისონ ბლუ ივერიაში” გაიმართა. კომისიის სხდომაში მონაწილეობდნენ: ნატოს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი, ნატოს 28 წევრი ქვეყნის მინისტრები, საქართველოს პრემიერ–მინისტრი ნიკა გილაური, ვიცე–პრემიერი გიორგი ბარამიძე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე თორნიკე გორდაძე და საქართველოს ელჩი ნატოში გეგა მგალობლიშვილი.

ნატოს გენერალური მდივანი  ორდღიანი სამუშაო ვიზიტით საქართველოს დღეს ეწვია. ანდერ ფოგ რასმუსენის თქმით, ვიზიტის მთავარი ფოკუსი მიმართული იქნება საქართველოში გატარებული საშინაო რეფორმების მიმართ, როგორიცაა– ბრძოლა კორუფციასთან, სასამართლო სისტემის რეფორმა, სიტყვის თავისუფლების მდგომარეობა, ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ზრდის მაჩვენებლები და სხვა.

„აღნიშნულ რეფორმებთან ერთად, ჩვენ განვიხილავთ თავდაცვის სისტემაში მიმდინარე რეფორმებს და სამხედრო დაფინანსების საკითხებს, ასევე, ვისაუბრებთ იმ უსაფრთხოების გამოწვევებზე, რომელიც დღეს და მომავალშიც საქართველოს წინაშე იქნება,“ – განაცხადა რასმუსენმა.

მისივე თქმით, სამი წლის წინ ბუქარესტის სამიტზე ნატოს წევრი ქვეყნების მიერ გამოთქმული სურვილი საქართველოს ნატოში გაწევრიანების შესახებ ძალაშია. ამ პოზიციაზე ნატო კვლავ რჩება და რეფორმების დახვეწის და სრულყოფის გზაზე ნატო საქართველოს აუცილებლად დაეხმარება.

კომისიის სხდომაზე ის, ასევე, შეეხო საქართველოს წვლილს ავღანეთის სამხედრო ოპერაციაში და აღნიშნა, რომ  პატივს მიაგებს ქართველ ჯარისკაცებს და განაცხადა, რომ მათი თავგანწირვა ამაო არ იქნება.

დღესვე, 18:30 საათზე, დაგეგმილია ნატოს გენერალური მდივნის პრესკონფერენცია ჟურნალისტებისთვის.

ხვალ, 10 ნოემბერს, გენერალური მდივანი და ნატო-ს ქვეყნების ელჩები პარლამენტის თავმჯდომარეს, დავით ბაქრაძეს და პარლამენტის წევრებს, ასევე, საგარეო საქმეთა მინისტრ გრიგოლ ვაშაძეს შეხვდებიან. ასევე, დაგეგმილია შეხვედრები, რომელშიც ნატო–ს ელჩები ოპოზიციური პარტიების, მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად მიიღებენ მონაწილეობას.

ვიზიტის ბოლო დღეს ნატოს გენერალური მდივანი საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან, პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძესთან და პრემიერ–მინისტრ ნიკა გილაურთან გამართავს შეხვედრებს. 

რასმუსენი სიტყვით გამოვა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და ავღანეთის სამხედრო ოპერაციებში მომსახურე ქართველ ჯარისკაცებსაც შეხვდება.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი