ახალი ამბები

IAEA: ირანი ატომური ენერგიის პროგრამას ბირთვული იარაღის შესაქმნელად იყენებდა

9 ნოემბერი, 2011 • • 1274
IAEA: ირანი ატომური ენერგიის პროგრამას ბირთვული იარაღის შესაქმნელად იყენებდა
გაეროს იარაღის ზედამხედველებმა შეაგროვეს ახალი მტკიცებულებები, რომელზე დაყრდნობითაც ისინი ამტკიცებენ, რომ “ირანმა განახორციელა ბირთვული იარაღის განვითარების შესაბამისი საქმიანობა” და ეს პროექტი შესაძლოა კვლავ მიმდინარეობს.

აღნიშნულ ინფორმაციას გამოცემა “New York Times”-ი ირანის შესახებ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშზე დაყრდნობით ავრცელებს.

სააგენტოს 65–პუნქტიან ანგარიშში ირანის ბირთვულ პროგრამაზე დეკადის განმავლობაში საიდუმლო დაკვირვების შედეგია ასახული.

“ირანმა 2008 და 2009 წლებში აქტიურად დაიწყო ბირთვული აფეთქებების კომპიუტერულ მოდელებზე მუშაობა. სიმულაციები ფოკუსირებული იყო მცირე დარტყმით ტალღებზე, რომელიც შეკუმშავდა სფერულ საწვავს (The spherical fuel) ბირთვული მოწყობილობის გულამდე, რომელიც დაიწყებდა ჯაჭვურ რეაქციას და დასრულდებოდა ბირთვული აფეთქებით. ირანმა მსგავსი ტესტური აფეთქებების გამოსაცდელად 2000 წლიდან პარშინის სამხედრო ბაზაზე სპეციალური უზარმაზარი კონტეინერის აგება დაიწყო,” – აღნიშნულია ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) ანგარიშში.

დოკუმენტი ასევე მიუთითებს, რომ ირანი მკაცრად ასაიდუმლოებდა ურანის გამდიდრების პროგრამას ბირთვული საწვავის შექმნის მიზნით. ირანი ბირთვული ქობინების შორეული დამიზნების სარაკეტო მოწყობილობებით გადატანის პროექტზეც მუშაობდა.

აღნიშნული ანგარიშის შემდეგ ისრაელმა უფრო გაამკაცრა ტონი ირანის მისამართით და საერთაშორისო საზოგადოებას ირანის წინააღმდეგ “ლეტალური სანქციების” გატარებისკენ მოუწოდა. პრეზიდენტ ობამას ადმინისტრაცია კი იმედს გამოთქვამს, რომ ამ ანგარიშის შემდეგ რუსეთი და ჩინეთი აღარ იქნებიან სანქციების გატარების წინააღმდეგნი. ასეთ შემთხვევაში დასავლეთი თანხმდება, რომ  ირანი სრულ იზოლაციაში მოექცეს, რაც მას აიძულებს, ბირთვული პროგრამის განხორცილება შეაჩეროს.

ირანის წინააღმდეგ უკვე ეკონომიკური სანქციები არსებობს, თუმცა ისრაელის გეგმა “ლეტალურ სანქციებთან” ითვალისწინებს ირანის საწვავის იმპორტისა და ნავთობის ექსპორტის ბლოკირებას, ასევე, ირანის ცენტრალურ ბანკთან ყველანაირი ფინანსური კავშირების გაწყვეტას.

თუმცა მსგავს სანქციებს არც რუსეთი, არც ჩინეთი და თვით აშშ–ც მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გამო არ ეთანხმებიან. აშშ–ს მაღალჩინოსნების განცხადებით, ირანის ნავთობის ბლოკირება მსოფლიოში ამ მხრივ არასტაბილურ გარემოს შექმნის, რაც შემდგომში ფასების ზრდით გამოიხატება.

ექსპერტთა ერთი ნაწილი ისრაელის მოწოდებას ირანის ბირთვულ ობიექტებზე სამხედრო მოქმედებების დაწყების თაობაზე, ვაშინგტონის თანხმობის გარეშე არარეალურად მიიჩნევს. ხოლო ნაწილის აზრით, აღნიშნული ჩიხური მდგომარეობიდან გამოსავალი ირანსა და დასავლეთს შორის, ირანსა და აშშ–ს შორის მხოლოდ პირდაპირი მოლაპარაკებების დაწყებაა.

მასალების გადაბეჭდვის წესი