ახალი ამბები

ლგბტი ადამიანების უფლებების ILGA Europe-ის ინდექსში საქართველოს პოზიცია 2016 წელს გაუარესდა

11 მაისი, 2016 • 2333
ლგბტი ადამიანების უფლებების ILGA Europe-ის ინდექსში საქართველოს პოზიცია 2016 წელს გაუარესდა

Ilga Europe-ის ინდექსის მიხედვით, საქართველოს მდგომარეობა ლგბტი (ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი, ტრანსგენდერი, ინტერსექსი) ადამიანების მიმღებლობის კუთხით 2015 წელთან შედარებით გაუარესდა.

ორგანიზაციის ინდექსის მიხედვით, საქართელოს 2016 წლის ანგარიშში, რომელიც 2015 წლის მდგომარეობას მიმოიხილავს, 30%-ით 30-ე ადგილზეა. გასულ წელს 36% ჰქონდა და 22-ე ადგილას იყო 49 ქვეყანას შორის.

Ilga Europe აცხადებს, რომ მთავარი გამოწვევა ქვეყანაში 2015 წელს ლგბტი აქტივისტების დაუცველობაა და კვლავაც ძლიერია სიძულვილის ენა და მუქარის შემცველი განცხადებები. ასვეე, ნახსენებია ჰომოფობიური კომენტარები პოლიტიკოსების მხრიდან.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2015 წელს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება, რომ 2012 წელს პოლიციამ ვერ შეძლო 17 მაისის აქციის მონაწილეების დაცვა, მაშინ, როცა კონტრდემონსტრანტები აგრესიული იყვნენ და ფიზიკურად და სიტყვიერად შეურაცხყოფდნენ აქციის მონაწილეებს.

Ilga Europe საუბრობს იმის შესახებ, რომ ლგბტ უფლებების დამცველები მუდმივად არიან თავდასხმისა და მუქარის ობიექტები.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ 20 ნოემბერს ტრანსგენდერთა ხსოვნის დღე ვაკის პარკში აღნიშნეს მცირე აქციით.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ მას შემდეგ, რაც “იდენტობის” ყოფილმა დირექტორმა ირაკლი ვაჭარაძემ გააკრიტიკა ილია მეორე თავისი საშობაო ეპისტოლეს გამო 2015 წლის იანვარში, “თავისუფალი თაობის” წევრებმა განაცხადეს, რომ თუ იდენტობა ბოდიშს არ მოიხდიდა, ისინი თავს დაესხმებოდნენ “იდენტობის” ოფისს.

ყურადღება ასევე გამახვილებულია იმაზე, რომ სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა “ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის”, ეკა წერეთლისა და სხვების სარჩელი და განმარტა, რომ შსს-მ 2013 წლის 17 მაისს ვერ გაართვა დაკისრებულ ამოცანას თავი და ვერ დაიცვა მათი უსაფრთხოება.

ანგარიშში მოხვდა უმრავლების წევრის მანანა კობახიძის გამოხმაურება აშშ-ში ქორწინების თანასწორობის დაკანონებაზე, სადაც განაცხადა, რომ “თუნდაც საქართველო დარჩეს მარტო მთელ მსოფლიოში და ყველა ჩვენმა მეგობარმა თუ მოკავშირემ ზურგი შეგვაქციოს, მაინც ვიტყვი, რომ ერთი და იმავე სქესის წყვილებისთვის ქორწინების დაკანონება არის შეცდომა.”

ხოლო პარლამენტარმა სოსო ჯაჭვლიანმა პარლამენტში შეიტანა კანონპროექტი, რომლითაც ითხოვდა ანტიდისკრიმინაციული კანონიდან გენდერული იდენტობისა და სექსუალური ორიენტაციის ნაწილი ამოღებულიყო, რადგან ეს “მორალურ წესებს” არღვევდა. თუმცა კანონპროექტი რამდენიმე კვირის შემდეგ გამოიტანა, წერია Ilga Europe-ის ანგარიშში.

აღნიშნულია ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის დაპირება, რომ იგი, როგორც მოქალაქე და პრემიერ-მინისტრი, ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რათა ქორწინება იყოს განმარტებული, როგორც ქალისა და კაცის ერთიანობა.

ანგარიშში შევიდა საბი ბერიანის, ტრანსგენდერი ქალის მკვლელობაში ბრალდებულ ლევან კოჭლოშვილისთვის 4 წლით პატიმრობის შეფარდება და ისიც, რომ სასამართლომ არასაკმარისი მტკიცებულებების გამო უდანაშაულოდ სცნო 4 ადამიანი, რომლებიც 2013 წლის 17 მაისის დარბევის გამო იყვნენ ბრალდებული.

ანგარიშში მოხმობილია “ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის” 2 შემთხვევა, სადაც გეი კაცს თბილისის ცენტრში თავს დაესხნენ, ხოლო მესამე აღწერს ლესბოსელი ქალის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტს, საკუთარი სექსუალური ორიენტაციის გაცხადების გამო.

საქართველოს სახალხო დამცველის ცნობით, მისდამი მიმართული საქმეების 11% შეეხება სექსუალურ ორიენტაციასა და გენდერულ იდენტობას.

ასევე აღნიშნულია, რომ გასულ წელს ვერ აღნიშნეს 17 მაისი – ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღე, უსაფრთხოების გარანტიების არქონის გამო. თუმცა “იდენტობამ” მცირე აქცია, პოლიციის გაძლიერებული დაცვით, მრგვალ ბაღთან მოაწყო.

ხოლო “ქალთა ინიციატივების მხარდამჭერმა ჯგუფმა” წამოიწყო აქცია “ეს ქუჩა დაკავებულია” იმავე ქუჩაზე, სადაც ისინი დაარბიეს 2013 წლის 17 მაისს.” ლგბტ საქართველომ” კი აქცია გამართა იუსტიციის სამინისტროსთან და სოციალურ ქსელებში.

Ilga Europe-ის ინდექსის სათავეში მალტა (87.75%), ბელგია (81.85) და გაერთიანებული სამეფო (81.44%) არის, ხოლო ყველაზე მძიმე მდგომარეობა თურქეთში (8.75%), სომხეთში (7.20%), რუსეთში (6.55%) და აზერბაიჯანში (4.85%) რჩება.

ინდექსის მიხედვით, საუკეთესო მაჩვენებელია 100%, ხოლო ყველაზე ცუდია 0%. ILga Europe-ს ინდექსი ეფუძნება შეფასებას, თუ როგორ აისახება თითოეული ქვეყნის კანონები და შემუშავებული პოლიტიკა ლგბტ ადამიანების ცხოვრებაზე.

რეიტინგი ემყარება ქვეყნის საკანონმდებლო სტანდარტების შედარებას ევროპულთან. თუმცა, კანონმდებლობის გარდა, ორგანიზაცია ინტერესდება თანასწორობის, ოჯახთან დაკავშირებული საკითხების, სიძულვილის ენის, ტრანსგენდერთა მდგომარეობითა და გამოხატვის თავისუფლების საკითხებით.

Ilga Europe-ს რეიტინგი 2016 წლის მონაცემები.

Ilga Europe-ს რეიტინგი 2016 წლის მონაცემები.

მასალების გადაბეჭდვის წესი