ახალი ამბები

“რესპუბლიკელები” მმართველ გუნდს აირჩევენ

8 ნოემბერი, 2011 • • 1187
“რესპუბლიკელები” მმართველ გუნდს აირჩევენ
9 ნოემბერს, “რესპუბლიკური პარტია” გამართავს რიგით XIV ყრილობას, რომელიც პარტიის ახალ მმართველ გუნდს აირჩევს. ამის შესახებ დღეს “რესპუბლიკური პარტიის” ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარტიის ლიდერმა დავით უსუფაშვილმა ისაუბრა.

“ჩვენი ეს ყრილობა იქნება მორიგი სერიოზული ნაბიჯი შიდა პარტიული დემოკრატიის დამკვიდრების მიმართულებით. გვაქვს სერიოზული სიახლეები, რაც ჩვენთვისაც სიახლეა და გვინდა, რომ ეს სიახლეები ვნახოთ ქართულ პოლიტიკურ სპექტრში კიდევ უფრო მაღალ დონეზე აყვანილი. კერძოდ, ამ ყრილობაზე მოხდება პაფრტიის მმართველი ორგანოს 35– წევრიანი ეროვნული კომიტეტის არჩევა ფარული კენჭისყრით. ამასობაში კენჭისყრა ჩატარდება კომპიუტერული ტექნიკის გამოყენებით. ჩვენ პარტიულ ცხოვრებაში ვნერგავთ ისეთ სიახლეს, რომელიც, ჩვენი აზრით, საჭიროა დაინერგოს არა მხოლოდ პარტიულ ცხოვრებაში,” – განაცხადა უსუფაშვილმა.

მისივე განცხადებით, რესპუბლიკური პარტიის 35– კაციან ეროვნულ კომიტეტში მოსახვედრად 61 კანდიდატი, ხოლო 5– კაციან სარევიზიო კომისიაში მოსახვედრად 10 კანდიდატი იყრის კენჭს. კანდიდატთა დასახელება კი ორი კვირით ადრე განხორციელდა.

პარტიის ყრილობას წინასწარ რეგისტრირებული 832 დელეგატი ეყოლება, როგორც დედაქალაქიდან, ასევე რეგიონებიდან.

“ჩვენ ვთვლით, რომ შიდაპარტიული დემოკრატია ეს უნდა იყოს წინაპირობა იმისათვის , რომ პოლიტიკურმა პარტიებმა ხელისუფლებასა და ოპოზიციაშიც უკეთ შევძლოთ ჩვენი ვალის შესრულება. ხვალ ყრილობაზე საუბარი იქნება  ჩვენ პოლიტიკურ კურსსა და იმ გეზზე, რასაც რესპუბლიკელები დავისახავთ,” – აღნიშნა უსუფაშვილმა.    

კითხვაზე დარჩება თუ არა უსუფაშვილი პარტიის თავმჯდომარის თანამდებობაზე, მან უპასუხა, რომ ხვა;ლინდელ ყრილობაზე აღნიშნული საკითხი არ განიხილება და ეს ყრილობაზე არჩეული დელეგატების მიერ შემდეგ სხდომაზე გადაწყდება.

“ჩვენი წესდებით, ეს არჩეული 35 დელეგატი შემდეგ ცალკე სხდომაზე აირჩევს პარტიის თავმჯდომარეს. ამ ყრილობაზე თავმჯდომარის არჩევის საკითხი არ განიხილება.  ეროვნული კომიტეტი თავმჯდომარეს უკვე ირჩევს საკუთარი შემადგენლობით, ასე რომ, ჯერ ეს პირველი ნაბიჯია გასავლელი,” – აღნიშნავს უსუფაშვილი.

რესპუბლიკური პარტიის ყრილობა ხვალ, 9 ნოემბერს, გამოფენა – “ექსპო–ჯორჯიაში”, მე–11 პავილიონში გაიმართება, რომელიც 12 საათზე დაიწყება.

მასალების გადაბეჭდვის წესი