ახალი ამბები

ნაფიც მსაჯულთა სასამართლო პირველად ხვალ გაიმართება

8 ნოემბერი, 2011 • • 1862
ნაფიც მსაჯულთა სასამართლო პირველად ხვალ გაიმართება

ხვალ, 9 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოში თანამედროვე ქართული მართლმსაჯულების ისტორიაში პირველად, იწყება სისხლის სამართლის საქმის განხილვა, რომელსაც 12 ნაფიცი მსაჯული განიხილავს და გადაწყვეტს ბრალდებულის ბედს.

ნაფიც მსაჯულთა სასამართლო სხდომა საჯაროა და მასზე დასწრების საშუალება მიეცემა საზოგადოების ყველა დაინტერესებულ პირს. თბილისის საქალაქო სასამართლოს ცნობით, 7 ნოემბერს ნაფიც მსაჯულთა შერჩევის სხდომაზე უკვე შეირჩა 12 ნაფიცი მსაჯული და სამი სათადარიგო მსაჯული, მათი შემადგენლობა  კონფიდენციალურია. ნაფიც მსაჯულთა უსაფრთხოების მიზნით, სასამართლო სხდომაზე დამსწრე პირებს და პროცესის მონაწილეებს ეკრძალებათ მსაჯულთა ვინაობის გამხელა.

საქართველოში ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი პირველად თბილისში, 2010 წლის 1 ოქტომბერს ამოქმედდა. მთელი საქართველოს მასშტაბით ნაფიც მსაჯულთა სასამართლო 2012 წლის 1 ოქტომბრიდან ამოქმედდება. კანონით, ნაფიცი მსაჯულები მხოლოდ სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით(განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში) ჩადენილ დანაშაულში ბრალდებულთა საქმეს განიხილავენ და იმასაც იმ შემთხვევაში, თუ ბრალდებული დანაშაულს არ აღიარებს.

9 ნოემბრიდან ნაფიცმა მსაჯულებმა უნდა განიხილონ მინასიანების ოჯახში 1995 წელს ჩადენილ მკვლელობაში ბრალდებულის საქმე. მკვლელობაში ბრალდებულს, რომელიც რამდენიმე კვირის წინ, 2011 წლის შემოდგომაზე დააკავეს, ბრალად ედება მინასიანების ოჯახის 3 წევრის მკვლელობა. ის დანაშაულს არ აღიარებს. მკვლელობაში ბრალდებულის ბედს ნაფიცი მსაჯულები გადაწყვეტენ.

ნაფიცი მსაჯულის მოვალეობის შესრულება საქართველოს ყველა იმ მოქალაქის მოვალეობაა, რომელიც საარჩევნო სიაშია დარეგისტრირებული. პირი ვერ იქნება ნაფიცი მსაჯული, თუ მას შეზღუდული აქვს ფიზიკური ან ფსიქიკური შესაძლებლობები, რაც ხელს შეუშლის ნაფიცი მსაჯულის ფუნქციის განხორციელებას.

ნაფიცი მსაჯულის მოვალეობას პირი ვერ შეასრულებს, თუ ის არის  სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირი, გამომძიებელი, პოლიციელი, ირიცხება, საქართველოს შეიარაღებულ ძალებში, სასულიერო პირი, სისხლის სამართლის პროცესის მონაწილე, ბრალდებული, ნარკოტიკული საშუალების მცირე ოდენობით მოხმარებისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული, ფსიქოლოგი, ფსიქიატრი და იურისტი.

პირს უფლება აქვს, უარი განაცხადოს ნაფიც მსაჯულის ფუნქციის განხორციელებაზე, თუ უკანასკნელი წლის განმავლობაში იყო ნაფიცი მსაჯული, ასრულებს ისეთ სამუშაოს, რომელშიც მისი შეცვლა გამოიწვევს მნიშვნელოვან ზიანს.

გარდა ამისა, ნაფიცი მსაჯულობისთვის თავის არიდება შეიძლება ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ასევე, თუ პირი ხანგრძლივი ვადით იმყოფება ან მიემგზავრება საქართველოს ფარგლებს გარეთ და არის 70 წელს გადაცილებული.

კანონით, ნებისმიერ კერძო თუ სახელმწიფო დაწესებულებაში დასაქმებულ ადამიანს ნაფიცი მსაჯულობის გამო გაცდენილი სამუშაოსთვის ანაზღაურება არ დაექვითება.

ამავე თემაზე:

ნაფიც მსაჯულთა სასამართლოსთვის მსაჯულების შერჩევა დაიწყო

მასალების გადაბეჭდვის წესი