ახალი ამბები

“ქართული ოცნება” პაატა ბურჭულაძეს ენმ-ის სატელიტობაში ადანაშაულებს

11 მაისი, 2016 • 1393
“ქართული ოცნება” პაატა ბურჭულაძეს ენმ-ის სატელიტობაში ადანაშაულებს

“პაატა ბურჭულაძე „ნაციონალური მოძრაობის“ სატელიტია”, – “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” პრესსამსახურის ცნობით, ეს განცხადება მათი პარტიის აღმასრულებელმა მდივნმა, ირაკლი კობახიძემ გააკეთა. ამავე პრესრელიზის მიხედვით, კობახიძე ენმ-სთან “ძალიან მჭიდრო თანამშრომლობაში” თავისუფალ დემოკრატებსა და ლეიბორისტებსაც ადანაშაულებს.

კობახიძე ამბობს, რომ პაატა ბურჭულაძის ენმ-ის სატელიტობის “დასტურია ქალაქ ოზურგეთში, შუალედურ არჩევნებზე, „ნაციონალური მოძრაობისა“ და „საქართველოს განვითარების ფონდის“ მიერ ერთობლივი კანდიდატის წარდგენა”.

„ისინი ერთობლივად გეგმავენ და აწარმოებენ წინასაარჩევნო კამპანიას ამ კანდიდატის გასაყვანად“, – განმარტა ირაკლი კობახიძემ.

„ორივე სუბიექტის მიერ ერთობლივად შერჩეულ კანდიდატს ქალაქ ოზურგეთში ძალიან დიდი უპირატესობით დავამარცხებთ. ვიცით, როგორია მოსახლეობის მხარდაჭერა „ქართული ოცნების“ მიმართ. სწორედ ეს გვაძლევს ამის თქმის საფუძველს“, -განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ქალაქ ოზურგეთში საკრებულოს შუალედურ მაჟორიტარულ არჩევნებზე “ქართული ოცნების” წარმომადგენელ ვასილ ჩიგოგიძეს დამოუკიდებელი კანდიდატი გრიგოლ კალანდრიშვილი უპირისპირდება, რომელიც საინიციატივო ჯგუფმა ‐ ივანე ხომერიკმა, ლელა ქინქლაძემ, ვასილ ჩხაიძემ, ვლადიმერ სურგულაძემ და ლევან მგელაძემ წარადგინეს.

28 აპრილს “ქართული ოცნების” პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა და გურიის ვიცეგუბერნატორმა სოსო ერქომაიშვილმა გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კალანდრიშვილის წარმდგენ საინიციატივო ჯგუფში პაატა ბურჭულაძის ფონდის წარმომადგენლები არიან, რომლებიც წარსულში ენმ-სთანაც თანამშრომლობდნენ:

“ბატონი ლევან მგელაძე, რომელიც ბრძანდება პაატა ბურჭულაძის ქ.ოზურგეთის ოფისის ხელმძღვანელი, ნაციონალური მოძრაობის დროს, 2011-12 წლებში მუშაობდა ერთ – ერთ აიპში სამსახურის უფროსად. ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ქალაქის რწმუნებულად დაინიშნა. ბატონო ლევან, ამ ყველაფრის შემდეგ დაფიქრება გმართებს!
ბატონი ვლადიმერ სურგულაძე 2006-10 წლებში მუშაობდა „ნაციონალური მოძრაობის“ საკრებულოს თავჯდომარედ. ბატონი ალექსანდრე მამეიშვილი, რომელიც “პაატა ბურჭულაძის რეგიონალური ფონდის ხელმძღვანელია, 2010-13 წლებში „ნაციონალური მოძრაობის“ საკრებულოს ბოლო თავჯდომარე ბრძანდებოდა, ნაცების ბოლო მოჰიკანი. ეს რა, არ ადასტურებს იმას, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებით და მაშინ დასაქმებული ადამიანებით ჰყავს ბატონ გია კალანდარიშვილს საარჩევნო შტაბი დაკომპლექტებული? ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს! სად არის აქ დამოუკიდებელი კანდიდატის ფორმულა, მიჭირს დანახვა”, – დაწერა მან ფეისბუკზე.

ამ განცხადებას, გურიის მოამბის ცნობით, საპასუხო განცხადებით უპასუხა კალანდარიშვილმა. იგი ერქომაიშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას “სიბინძურის ნიაღვარს უწოდებს”.

“რაც შეეხება ჩემს მხარდამჭერებს, ისინი პირველ რიგში ჩემი მეგობრები არიან, მეგობრებს კი კაცები არასოდეს ირჩევენ მათი პარტიული კუთვნილების თუ კონკრეტულ ეტაპზე გარკვეული თანამდებობრივი პოზიციის მიხედვით. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ისინი სუფთა, უფრო მეტიც, საამაყო ბიოგრაფიის ადამიანები არიან და მუდამ თავდაუზოგავად ემსახურებოდნენ ხალხისა და ქვეყნის ინტერესებს”, – განაცხადა კალანდარიშვილმა და საზოგადოებას მისი მხარდამჭერების ბიოგრაფიები გააცნო.

იგი წერს, რომ მისმა ერთ-ერთმა მხარდამჭერმა ლევან მგელაძემ 2014 წელს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში კენჭი დმაოუკიდებლად იყარა და ქალაქის საკრებულოს წევრი გახდა. ამჟამად კი არის საზოგადოებრივი ორგანიზაციის ‘’პაატა ბურჭულაძე- საქართველოს განვითრების ფონდის’’ ოზურგეთის ოფისის ხელმძღვანელი. მისი თქმით, ალეკო მამეშვილიც ბურჭულაძის ფონდის რეგიონალური კოორდინატორია.

საქართველოს განვითარების ფონდის წარმომადგენელი გიორგი რუხაძე ნეტგაზეთთან საუბარში ამბობს, რომ კობახიძის მიერ გაკეთებული განცხადება პასუხსაც არ იმსახურებს. მისი თქმით, ადამიანებისა და ორგანიზაციების ამგვარად დაყოფა და მათთვის რაღაცების დაბრალება სწორედ ის გზა, რასაც კობახიძე დეკლარირების დონეზე აკრიტიკებს. მისი თქმით, უმჯობესი იქნება, თუ “ქართული ოცნება” საკუთარ საგარეო პოლიტიკურ ორიენტირსა და იდეოლოგიის ჩამოყალიბებაში დახარჯავს დროს და არა დეზინფორმაციის გავრცელებაში. რაც შეეხება უშუალოდ ოზურგეთის შუალედური არჩევნების საკითხს, რუხაძის თქმით, საუბარია ფონდზე, რომლის წევრებიც დამოუკიდებელი ადამიანები არიან და შესაბამის გადაწყვეტილებებს იღებენ.

ირაკლი კობახიძის განცხადებით კი, გარკვეულ პარტიებს შორის თანამშრომლობა მოსახლეობისთვის კიდევ უფრო აშკარა არჩევნების წინ გახდება.

„ჩვენ ვხედავთ, როგორ თანამშრომლობენ კონკრეტული პარტიები. „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰყავს სატელიტი პარტიები. ეს არის აშკარა, ცხადი და კონკრეტული ფაქტებით დასტურდება. ძალიან მჭიდროა თანამშრომლობა ამ ეტაპზე „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „თავისუფალ დემოკრატებს“, „ლეიბორისტებს“ შორის. სტრატეგიული თანამშრომლობა „ნაციონალურ მოძრაობასთან“ უკვე იმსახურებს ძალიან მძიმე შეფასებას, ვინაიდან ეს არის ის პოლიტიკური ორგანიზაცია, რომელიც დამნაშავეა იმ უმძიმეს ცხრა წელიწადში, რაც გამოვიარეთ ჩვენ ყველამ ერთად“, – დასძინა ირაკლი კობახიძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი