ახალი ამბები

დაბლოკვის შემდეგ adjaranet-ის მიერ ახალი ვებ-გვერდის შექმნას GNCC შეისწავლის

11 მაისი, 2016 • 7227
დაბლოკვის შემდეგ adjaranet-ის მიერ ახალი ვებ-გვერდის შექმნას GNCC შეისწავლის

საქართველოს კომინიკაციების ეროვნულ კომისიაში (GNCC) ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ adjaranet-ის მიერ ახალი ვებ-გვერდის ( www.adjaranet1.com) შექმნას კომისია ინდივიუალურად შეისწავლის და თუ ამ საიტზეც აღმოჩნდება დაუშვებელი კონტენტი, კომისია კვლავ მიმართავს ინტრნეტპროვაიდერებს მისი დაბლოკვის მოთხოვნით.

GNCC-მ გუშინ, 10 მაისს გაავრცელა განცხადება, სადაც ინტერნეტპროვაიდერებს მიმართა, რომ დაებლოკათ adjaranet-ზე განთავსებული ის ფილმები და სერიალები, რაზეც საავტორო და მომიჯნავე უფლებები მოპოვებული ჰქონდათ „იბერია–TV“–ს, „საზოგადოებრივ მაუწყებელს“, „კინოდისტრიბუციას“ და GDS-ს. ინტერნეტპროვაიდერებს საავტორო უფლებების დარღვევით განთავსებული მასალის დასაბლოკად 5 სამუშაო დღის ვადა მიეცათ. იმ შემთხვევაში, თუ პროვაიდერები ვერ მოახერხებდნენ კონკრეტული მასალის დაბლოკვას, მაშინ კომისიამ რეკომენდცია გასცა, რომ დაებლოკათ მთლიანად www.adjaranet.com.

დღეს, 11 მაისს “სილქნეტმა” აბონენტებს www.adjaranet.com-ზე წვდომა შეუზღუდა. საპასუხოდ adjaranet-მა შექმნა ახალი ბმული  www.adjaranet1.com, რომელიც “სილქნეტის” მომხმარებელს საშუალებას აძლევს, კვლავ ნახონ ვებ-გვერდის კონტენტი.

GNCC-ის პრესსპიკერმა, ხატია ყურაშვილმა ნეტგაზეთს განუცხადა, რომ კომისია ახალი ვებ-გვერდის შექმნის საკითხს დამოუკიდებლად შეისწავლის და იმ შემთხვევაში, თუკი დაუშვებელი პროდუქცია ვებ-სივრცეში ხვდება, მიმართავენ ინტერნეტპროვაიდერებს, რომელთაც აქვთ ვალდებულება, ჰქონდეთ ეფექტური მექანიზმი დაუშვებელი პროდუქციის გავრცელების აღსაკვეთად.

ნეტგაზეთის შეკითხვაზე, რა არის ქმედითი მექანიზმი, თუ adjaranet კვლავ შეეცდება საკუთარი ვებ-გვერდისთვის ახალი მისამართების შექმნას, პრესსპიკერი პასუხობს, რომ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში მიმართავენ პროვაიდერებს, რომ დაბლოკონ კონტენტი:

“კომისია მუდმივად დააკვირდება ამ საკითხს და იმ შემთხვევაში, თუ დაუშვებელი პროდუქცია მაინც მოხვდა ვებ-სივრცეში, არის მექანიზმი, რომ ასეთი საიტები დაიბლოკოს. გვესმის, რომ ეს, ასე ვთქვათ, გამოსავალი არ არის და მოვუწოდებთ ყველა მხარეს თანამშრომლობისკენ. კომისიის პოზიცია არის ის, რომ ყველა ინდივიდუალურ შემთხვევას კომისია დამოუკიდებლად შეისწავლის და კანონით მიმიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში იმოქმედებს. შესაბამისად, უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში, მოითხოვს ინტერნეტპროვაიდერებსა და ვებ-ჰოსტინგის განმახორციელებელ კომპანიებს, დაბლოკონ დაუშვებელი კონტენტი,”- განაცხადა ხატია ყურაშვილმა.

კომისიის პრესსპიკერის განმარტებით, ფილმებისა და სერიალების ჩამონათვალი, რომლებზეც საავტორო და მომიჯნავე უფლებებს „იბერია–TV”, „საზოგადოებრივი მაუწყებელი“, „კინოდისტრიბუცია“ და GDS ფლობენ,  გაეგზავნათ  imovies.ge-სა და myvideo.ge-საც, რომელთაც კონტენტი მყისიერად აიღეს საიტიდან. რაც შეეხება adjaranet-ს, მათ, მოლაპარაკებებისა და ზეპირსიტყვიერი შეთანხმების, ასევე 14 აპრილს გაგზავნილი წერილის მიუხედავად, კონტენტი, რომელზეც ეს ოთხი კომპანია დავობს, არ წაუშლიათ.

რაც შეეხება სხვა პროდუქციას, რომლებიც კვლავ არის განთავსებული ამ ვებ-გვერდებზე შესაბამისი საავტორო და მომიჯნავე უფლებების დარღვევით, თუმცა მასზე არ აცხადებენ პრეტენზიას საქართველოში მოქმედი ტელევიზიები, ყურაშვილის თქმით, კომისია სხვადასხვა ფაქტორების გათვალისწინებით აძლევს ამ ვებ-გვერდებს საშუალებას, რომ ეს კონტენტი ჰქონდეთ.

“მაგრამ, როცა კონკრეტულ ტელეკომპანიას ძალიან დიდი თანხა აქვს გადახდილი კონკრეტულ სერიალებსა და ფილმებში, ეს უკვე არათანაბარ პირობებში აყენებს მათ,”- აღნიშნავს ხატია ყურაშვილი.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი